ავტორი:

"ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და..." - საქართველომ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა: რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?

"ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და..." - საქართველომ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა: რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?

საქართველოს მთავრობამ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა. ამ გადაწყვეტილებამდე ფოთის პორტი აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთის ფედერაციაში მანქანების პარალელური იმპორტისთვის, ახლა სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ხვრელი დაიხურა.

1 - ლ აგვისტოს ჟურნალისტურ და საექსპერტო წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ მიიღო გარკვეული დადგენილება, რომელიც კრძალავს მანქანების ექსპორტსა და ტრანზიტს რუსეთში. სამთავრობო ვებგვერდებზე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე, მსგავსი არაფერი ეწერა, რადგან ხელისუფლებას აშკარად არ სურდა მოსკოვთან დაპირისპირების თვალსაზრისით "სახიფათო" გადაწყვეტილების რეკლამირება.

საბოლოოდ, 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეკომპანიას დაუდასტურა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში (ანუ 1 - ლი აგვისტოს შუაღამიდან) ძალაში შევიდა მთავრობის სპეციალური დადგენილება. აიკრძალოს ამერიკული წარმოების მანქანების ექსპორტი და რეექსპორტი რუსეთის ფედერაციაში, ასევე ბელორუსში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი აკრძალვა 26 სექტემბრიდან ევროპულ მანქანებს შეეხება.

  • რა განაცახდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში?

როგორც ოფიციალური განცხადებიდან გაირკვა, საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში აიკრძალა.

შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არის მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში.

ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აქამდე მოქმედი შეზღუდვით, რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტი ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზეც.

  • რა რაოდენობით მსუბუქ ავტომობილს ვყიდით რუსეთსა და ბელარუსში

"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი რაოდენობრივად 7,4%-ს შეადგენს, ბელარუსის კი მხოლოდ 0,25%-ს. რაც შეეხება თანხობრივად, ამ შემთხვევაში მთლიან რეექსპორტში რუსეთის წილი არის 5,2%, ბელარუსის კი 0,24%.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ გავიდა 51 011 მსუბუქი ავტომობილი, შემოსავალმა კი 990,864 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, რუსეთში გავიდა 3 786 ერთეული, 52,513 მლნ დოლარის ღირებულების, ბელარუსში კი 129 ერთეული, 2,452 მლნ დოლარის ღირებულების. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში შეადგენს 13 900 დოლარს, ბელარუსში კი - 19 000 დოლარს.

"ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას კვლავ მოუწევდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შეერთება, ცხადი გახდა ივნისის ბოლოს, როდესაც თბილისს დასავლური დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის შემდეგ დელეგაციის წევრებმა მედიას განუცხადეს, რომ კავკასიის ქვეყნის ხელისუფლებასთან განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ "სანქციების ეფექტიანი განხორციელება...

დიპლომატიური ენიდან თარგმნილი მესიჯი, გამაფრთხილებლად ჟღერდა: დასავლეთი არ მოითმენს საქართველოს გადაქცევას რუსეთისთვის მანქანების მიწოდების სატრანზიტო ტერიტორიად, ანუ თვალს არ დახუჭავს ამ დარღვევაზე. და თუ თბილისი პარტნიორების "თხოვნას“ და "რჩევებს“ არ გაითვალისწინებს, მაშინ დასავლეთის დედაქალაქებს ეკონომიკური და პოლიტიკური ზომების ფართო სპექტრი აქვთ. საბოლოო ჯამში, სწორედ საქართველო ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის ბოლომდე", - ვკითხულობთ გამოცემა "ეხო კავკაზას" სტატიაში.

ამავე სტატიის თანახმად, გასული წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციაში მანქანების ექსპორტი საქართველოსთვის ნამდვილ კლონდაიკად იქცა, მას მერე, რაც ევროპული და ამერიკული მანქანების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში ჯერ მკვეთრად დაეცა, შემდეგ დასავლელმა ავტომწარმოებლებმა დატოვეს რუსეთი, ბოლოს კი ოფიციალური ექსპორტი საერთოდ შეწყდა.

საქართველოს 30 მილიარდი დოლარის ეკონომიკის პირობებში, ბოლო 15 თვის განმავლობაში ავტომობილების ექსპორტმა ქვეყანას 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.

"როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, მთელი საავტომობილო რეექსპორტის მხოლოდ 5% არის ექსპორტირებული ან რეექსპორტირებული რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში. მაგრამ ეს მაჩვენებლები არაკეთილსინდისიერია: რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიით სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ევროპული და ამერიკული მანქანების რეექსპორტის სერიოზული ზრდა დაფიქსირდა", - ვკითხულობთ სტატიაში.

საორიენტაციოა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოს გავლით შეიტანეს ევროპული ავტომობილები:

აზერბაიჯანი - $62,1 მილიონი, 4820 ერთეული

ყაზახეთი - $51,5 მილიონი, 2589 ერთეული

სომხეთი - $50,1 მილიონი, 2834 ერთეული

ყირგიზეთი - $43,1 მილიონი, 1338 ერთეული

რუსეთი - $13,5 მილიონი, 978 ერთეული.

  • სავარაუდოდ, იმ მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საქართველოდან ამ ქვეყნებში გადიოდა, რეალურად რუსეთში მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი.

ახლა როდესაც ყველა სქემა დაიხურა: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, მთავრობის დადგენილებით, რა თქმა უნდა, შეუძლია მანქანის შეძენა საქართველოში, მაგრამ მის მართვას მხოლოდ სწორედ საქართველოში შეძლებს. ხოლო ევროპული და ამერიკული მანქანები სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში ტრანზიტით დაიშვებიან ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებულია ფიზიკურ პირზე, სომხეთის მოქალაქეზე.

თუმცა, ქართველი ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ყველა ეს ღონისძიება რუსეთის ბაზარზე მხოლოდ ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს, მაგრამ არა საქართველოს პორტების გავლით ექსპორტის შეწყვეტას.

  • რა შეიძლება გააკეთოს პუტინმა?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც პუტინმა გააუქმა 2002 და 2019 წლებში გამოცემული საკუთარი დადგენილებები - საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ. ბოლო დღეებში ბათუმის პორტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობით აქტივისტთა ჯგუფმა, ფაქტობრივად, პორტიდან გააძევა რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande.

ამ ყველაფრის შემდეგ შეუძლია თუ არა რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა?

"რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და თუ ისევ არ აღადგენს სავიზო რეჟიმს ან არ გააუქმებს პირდაპირ ფრენებს, მაშინ აკრძალავს ქართული პროდუქციის იმპორტს რუსეთში“, - ამბობს ანალიტიკურ საიტ Nation.ge-ს ავტორი დავით ავალიშვილი. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველომ საგრძნობლად (50%-ით) გაზარდა, მაგალითად, ღვინის ექსპორტი ოკუპანტ ქვეყანაში.

საქმე მხოლოდ ღვინოში არ არის, ექსპერტს მიაჩნია, რომ მანქანების ექსპორტისა და რეექსპორტის აკრძალვა საქართველოსთვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების პირველი პრეცედენტია.

"2022 წლის 25 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, - ჩვენი ქვეყანა არ შეუერთდება ანტირუსულ სანქციებსო“, - იხსენებს ავალიშვილი გამოცემასთან.

"გასული წლის განმავლობაში საქართველო შეუერთდა მხოლოდ ფინანსურ და საბანკო სექტორში არსებულ საერთაშორისოდ მიღებულ სანქციებს, მაგრამ არ დაუწესებია არანაირი ორმხრივი სანქცია მოსკოვის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 000 რუსის საქართველოში შემოდინების გამო, ეროვნული ვალუტა ლარი 28%-ით გამყარდა, რამაც ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეეძინა და გაეზარდა სავალუტო რეზერვები უპრეცედენტო დონემდე. უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა 30%-ით, რუსებმა დააარსეს 21000-ზე მეტი საწარმო საქართველოში, რითაც შექმნეს ათასობით სამუშაო ადგილი.

2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ, მმართველ პარტიას ნამდვილად არ სურს ასეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ბონუსების დაკარგვა. "ქართული ოცნების" დეპუტატები საჯაროდ კითხულობენ, - რატომ არ უდგებიან დასავლელი პარტნიორები ასე პრინციპულად პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიიდანაც გრძელდება რეექსპორტის ნაკადი რუსეთში?

პასუხი მარტივია: საქართველო აცხადებს პრეტენზიას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე, რაც ნიშნავს, რომ დასავლეთს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური უფლება მოითხოვოს მისგან მეტი სოლიდარობა უკრაინაში ევროპული მასშტაბის სისხლიანი ომის მიმდინარეობისას", - ვკითხულობთ "ეხო კავკაზას" სტატიაში.

წყარო