ავტორი:

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს" - ცივილიზებული სამყარო 2008 წლის რუსულ აგრესიას იხსენებს

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს" - ცივილიზებული სამყარო 2008 წლის რუსულ აგრესიას იხსენებს

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა... ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.

ცივილიზებული მსოფლიო ეხმაურება ამ ტრაგიკულ თარიღს და აგრესორის 15 წლის წინანდელ მოქმედებას და ჩვენის ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას გმობს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალჩო:

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს.

პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს.

შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“.

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

"ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და ნატო-ს გზა აირჩია".

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი:

"საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

...ევროპის საბჭო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე ერთგულია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს. ამ კუთხით, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს კონფლიქტის შედეგების მოგვარებაში, ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგს და ადამიანის უფლებების დაცვას ნდობის აღდგენის ღონისძიებების პროგრამის მეშვეობით".

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 15 წელი გავიდა. საქართველო არის ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენება.

რუმინეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას".

გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი:

"ლიეტუვა გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას... დღეს უკრაინა საკუთარ თავისუფლებას იმავე აგრესორისგან იცავს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან".

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლისთავი აღინიშნება. ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

პეტერ ფიშერი, საქართველოში გერმანიის ელჩი:

"რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე: ვიხსენებთ დაღუპულებს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები".

ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის გზით და კონსტრუქციულ ჩართულობასა და მშვიდობიან გადაწყვეტას ითხოვს“

იხილეთ ასევე: