ავტორი:

"მთელი მსოფლიო თანაგვიგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში" - შოვის ტრაგედიას ცნობილი მხატვარი ეხმაურება

"მთელი მსოფლიო თანაგვიგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში" - შოვის ტრაგედიას ცნობილი მხატვარი ეხმაურება

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი:

"მაქსიმალურად ვცდილობ ჩემ საქმეზე ვკონცენტრირდე, მაგრამ შეუძლებელია მთელი ყურადღება საქართველოსკენ არ იყოს მომართული, როცა ცალსახაა, რომ ქვეყანა იღუპება, ვერ ვითარდება, ინტელექტუალურ თუ ბუნებრივ რესურსებს ვკარგავთ.

ეროვნული ტრაგედიის დროს მეზობლები დახმარების ხელს გვიწვდიან, რაზეც უარს ვამბობთ, მთელი მსოფლიო გვითანაგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში. თუმცა ვინ უნდა გვითანაგრძნოს, რომელთა სახელსაც მიეწერება ქვეყნის უმეტესი ტრაგედია.

გარდაცვლილთაგან მომავალი თაობაა, გმირები და ისინი, ვინც დასავლურ განათლებას იღებდნენ, რომელთაც არ სურდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც უკუსვლით მიდის, წარსული შეცდომებით სპეკულირებს, პროგრესი არ გააჩნია, რომლის მოსახლეობაც ერთ წვენში იხარშება. კვლავ უვიცობამ, დაუდევრობამ, არაპროფესიონალიზმმა და მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანამ შეიწირა ეს ხალხი, ქვეყანა; კრიტიკულ სიტუაციაში წუთიც გადამწყვეტია, არ მასვენებს აზრი, რომ გათენებამდე შესაძლებელი იყო რომელიმეს გადარჩენა.

ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, თავდაპირველი აგონია და შემდგომი ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ რას განიცდიან გარდაცვლილთა მშობლები. მათი ხსოვნისთვის მაინც უნდა გავიაზროთ, რომ მუდმივი არაფერია, ხალხი კი არ მსახურობს ხელისუფლებას, არამედ პირიქით... ცვლილების გარეშე, უტოპიური სამყაროც კი დისტოპიად იქცევა, რაც ყველა მთავრობას დაემართა".

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, უმძიმესი მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი. კვლავ გრძელდება სამაშველო ოპერაცია დაკარგულების მოსაძებნად.

7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: