ავტორი:

ცუკერბერგი მასკს ოქტაგონზე დაპირისპირებას 26 აგვისტოს სთავაზობს, თუმცა ილონისგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილია

ცუკერბერგი მასკს ოქტაგონზე დაპირისპირებას 26 აგვისტოს სთავაზობს, თუმცა ილონისგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილია

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა "თვითერის" მფლობელ ილონ მასკთან ოქტაგონზე შერკინების იდეა სრულიად სერიოზულად მიიღო და მასკს ბრძოლის თარიღის დაზუსტებაც სთხოვა.

ცუკერბერგმა სოციალური მედიის ახალ პლატფორმაზე, Threads-ზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მასკს შესთავაზა, ბრძოლა 26 აგვისტოს გაემართათ, მაგრამ მეტოქისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

ბრძოლის თარიღთან დაკავშირებით ილონი ჯერჯერობით დუმს.

სოციალური მედიის წამყვანი კომპანიების დირექტორები ოქტაგონზე რეალური ბრძოლის შესახებ ივნისიდან საუბრობენ. “Zuck vs. Musk” მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკმა 20 ივნისს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან ცუკერბერგთან გალიაში შერკინების სურვილი გამოთქვა.

"მეტას" მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა უკან არ დაიხია და მასკის "ტვიტის" სქრინშოთი გამოაქვეყნა წარწერით - "მდებარეობა მომწერე". მასკმა ცუკერბერგს სურვილი შეუსრულა და უპასუხა, რომ ვეგასის ოქტაგონზე მისულიყო.

ადგილი, რომელიც ილონმა ცუკერბერგს შესთავაზა UFC-ის ორთაბრძოლებისთვისაა და ლას-ვეგასში მდებარეობს.

მასკმა ახლახან ისიც განაცხადა, რომ მათი მატჩი X-ის, იგივე "თვითერის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შემოსავალი ვეტერანთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხება.

"არ ჯობია უფრო საიმედო პლატფორმა გამოვიყენოთ, რომელიც რეალურად შეძლებს საქველმოქმედო მიზნით ფულის მოზიდვას?" - ასეთი იყო ცუკერბერგის პასუხი მასკის იდეაზე.

აღსანიშნავია, რომ ილონმა გასულ კვირას თავისი მოლოდინების შესახებაც ისაუბრა: "თუ ბრძოლა ხანმოკლე იქნება, ალბათ, გამარჯვებული მე ვიქნები, თუ დიდხანს გაგრძელდა, მაშინ ალბათ მარკი გაიმარჯვებს, გამძლეობის ხარჯზე. ტანით მე ბევრად უფრო დიდი ვარ", -აღნიშნა მან.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა