ავტორი:

"ყველაფერი გამახსენდა... ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ... ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა

"ყველაფერი გამახსენდა... ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ... ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა

"ჩვენი სახლი სტიქიის ეპიცენტრი იყო, სამი მხრიდან მოდიოდა წყალი, იქაურობა ნამდვილ მორევს ჰგავდა, მანქანებს ასანთის კოლოფებივით ატრიალებდა. წყალმა რომ დაიწია, გამოჩნდა, თუ როგორ იყო 5-6 ავტომობილი ერთმანეთზე შეწყობილი", - გვეუბნებოდა 8 წლის წინ, 13 ივნისის სტიქიიდან რამდენიმე დღეში ხათუნა ზუმბულიძე, ქალბატონი, რომელიც სვანიძის16-ში ცხოვრობდა. ის ახლაც იმავე სახლში ცხოვრობს, ოღონდ, სტიქიის შემდეგ სახლების გადანომვრა მოხდა და ახლა მათი სახლი სვანიძის 10-შია, რადგანაც - ზოგი შენობა იმ საშინელ ღამეს ვერ გადაურჩა.

ქალბატონ ხათუნას 8 წლის წინანდელი მძიმე დღეები შოვის ტრაგედიამ გაუახლა. მისთვის გამორჩეულად ემოციური იყო. ის ახლა ჩვენი რესპონდენტია:

- იმ ღამეს ჩემი თვალით ვნახე, რაც იქ დატრიალდა და ის ყველაფერი ახლა, შოვის ტრაგედიისას გამიახლდა, ხელახლა განვიცადე. მაგის დავიწყება შეუძლებელია, სანამ მეხსიერება გაქვს, ვერ დაივიწყებ. პირველის 10 წუთი იყო, რომ უკვე ჩვენი უბანი აღარ იყო. ის დამანგრეველი ნაკადი ქვემოდან რომ წამოვიდა, 10 წუთში 4 მეტზე ავიდა, ჩვენი სახლის პირველი სართული დაფარა და მეორე სართულზეც ამოაღწია. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, ცოტა ზემოთ დგას ჩემი მაზლის სახლი და იქ გავიქეცით. მერე გვირაბი გასკდა, ზოოპარკი წაიღო. გვირაბი რომ არ გამსკდარიყო, ალბათ ის ტალღა მთლიანად გადაგვივლიდა, თუმცა ჩვენ თითქმის ყველაფერი მაინც დავკარგეთ, პირველი სართული აბსოლუტურად გამორეცხა. წყალმა კარ-ფანჯარაც გამოიღო და წაიღო. ერთადერთი კარი ვერ გაიტანა და იქ დარჩა...

- ასე მახსოვს, რომ პირველ სართულზე რაც გადარჩა, მხოლოდ ღვთისმშობლის ხატი იყო, რომელიც ოთახში, ისევ კედელზე ეკიდა...

- კი, ასე იყო. გატალახიანებული, მაგრამ კედელზე თავის ჩარჩოთი ეკიდა, იქაურობას არც მოსცილებია. იმ საოცარმა ნაკადმა ხატის გარდა ყველაფერი წაიღო, კარადები თავის ნივთებით... ხატი მერე აღვადგინეთ, კარგმა მხატვარმა რესტავრაცია ჩაუტარა...

მეორე სართულზეც მქონდა ხატები, უმეტესობა სხვადასხვა სალოცავიდან ჩამოტანილი, რადგანაც საქართველოს ყველა კუთხეში ვართ ნამყოფი და თითოეული მოლოცვილი გვაქვს. იქ წყალი და ტალახი კი შევიდა, მაგრამ იმ ხატებს ვერ მისწვდა, არ შეხებია, გვერდი აუარა.

- სადაც გადახვედით, იქ უსაფრთხოდ იყავით?

- ზემოდან გადავედით, თავიდან იქ ჯერ არ იყო წყალი, მაგრამ იქიდანაც წავედით, რადგან ვფიქრობდით, ნაკადი რომ არ გაჩერებულიყო, იქაც მოგვწვდებოდა. დიდი ტანჯვით გავაღწიეთ. ღამე იყო, წვიმდა, თან სამი თოთო ბავშვი მიგვყავდა, გზად მეზობლებიც ვიპოვეთ, რომლებიც შევიფარეთ. მერე ვიღაც დალოცვილმა კედელზე კიბე ჩამოგვიდგა და მისი დახმარებით სამშვიდობოს გავედით. ასე წვალებით ჩემი მულის სახლამდე მივაღწიეთ. ვიყავით სველები, ტალახიანები, შეშინებულები და საცოდავ მდგომარეობაში. საშინელი ღამე იყო, იმ ღამეს ოჯახის წევრი ბევრმა დაკარგა...

ახლა 3 აგვისტოს ის უმძიმესი ამბები დეტალურად გავიხსენე, სულ თვალწინ დამიდგა. სტიქიას ვერ შეაჩერებ, მისი შემჩერებელი ვინ არის?! მას ვერაფერს უშველი... მდინარე ვერე, რომელიც კოჭსაც არ ფარავს, 13 მეტზე ადიდდა, რომ გაზომეს, 13 მეტრი იყო კალაპოტიდან.

- იმ მძიმე წუთებში ღვთისმშობელს სთხოვდით შველას...

- იმ პერიოდში ერთადერთი იმაზე ფიქრობ, რომ ცოცხალი გადარჩე და შენი ყველა ახლობელი გადაგირჩეს. სანამ სახლს დავტოვებდით, ხატებთან ვლოცულობდი, რომ ყველა გადაერჩინა და თუ რამის წაღება უნდოდა, ის წაეღო... შეისმინა - ჩვენ გადავრჩით.

ჩემი შვილი და ჩემი დედამთილი პირველ სართულზე ერთად იძინებდნენ, მოკლედ, იქ იმ პერიოდში არ იყვნენ. რომ სძინებოდათ, ვერ გადავარჩენდით და უცებ ორ ადამიანს ვკარგავდით. ასე მძინარე მეზობლის ქალი იმ ღამეს წყალმა დაახრჩო. ჩემი დედამთილი მულისშვილმა ცოტა ადრე გაიყვანა, მოასწრო, რომ არ ემარჯვა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ხატი წყალმა რომ არ წაიღო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გვიფარავდა...

შემდეგ დღეებში გაწმენდითი სამუშაოები რომ დავიწყეთ, ხალხი გვეხმარებოდა, ყველა გაოცებული იყო, კედელზე თავის ჩარჩოთი ხატი რომ ეკიდა, რომელიც იმ საოცარმა ძალამ ვერ ჩამოაგო. დღესაც იმ ადგილზე კიდია. კი, ხელით შესრულებული ღვთისმშობლის ხატი გადარჩა...

ამ ყველაფერს ერთი ღიმილის მომგვრელი ეპიზოდიც ახლდა. პირველი სართულიდან ყავის მადუღარა დაგვრჩა, რომელიც დენის სადენებს წამოსდებოდა და ზედ ეკიდა. ის ბოძიც არ წაქცეულა. სადენზე ჩამოკიდული მადუღარა რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინეთ, როცა ცოტა თვალებში გამოვიხედეთ. ეს ნივთი დღეს ჩვენი რელიკვიაა, რომელიც იმ საშინელებას დაუძვრა...

ყველა ადამიანი მეცოდება, ვინც ყველაფერი დაკარგა და ადამიანებიც, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ამდენი ნაშრომი, ნაწვალები... ამ წყალდიდობიდან წელიწადიც არ იყო გასული, რომ დედამთილს ინსულტი დაემართა, მას მერე დაპატარავებული, მოკუნტულია. სახლში რომ შემოვიდა და არაფერი დახვდა, განადგურდა. ისედაც მეუღლე და შვილი გარდაცვლილი ჰყავს. სურათები რომ სურათებია, ისინიც აღარ დარჩა...

შვილი, ანუ ჩემი მაზლი 2006 წელს 38 წლისა გარდაიცვალა, აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, გულმა ვეღარ გაუძლო. მამამთილი მანამდე, 2004 წელს გარდაიცვალა...

- თქვენ მეუღლეს ტელეფონების უნიკალური კოლექცია ჰქონდა...

- კიდევ კარგი მეორე სართულზე იყო ნაწილი, თორემ სულ დაიკარგებოდა. პირველ სართულზე მხოლოდ 10 ცალი იყო კარადაში შენახული და წყალმა თავის კარადით ისინიც გაიტაცა. 40 ცალი გადაგვირჩა.

- 2015 წლის 13 ივნისიდან 8 წელი გავიდა, როგორ ცხოვრობთ?

- ეტყობა, ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ალბათ ჩვენც შევეჩვიეთ. ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ. გარშემო ყველაფერი დაინგრა და კორპუსები აშენდა. იქნებ ოდესმე ჩვენც რაღაც შეგვეხოს.

- რით დაგეხმარნენ?

- როგორც სხვებს, ფული ჩაგვირიცხეს და პირველ სართულზე მსუბუქი რემონტი გაგვიკეთეს, საცხოვრებლად რომ ვარგისი ყოფილიყო. მეორე სართული არ გაუკეთებიათ, ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე და ის მძიმე წუთები მახსენდება. მოკლედ, ასე ვართ, წინსვლა ამ მხრივ არაფერია. ერთ წერტილში გავიყინეთ...

ცოცხლები გადავრჩით, ღმერთმა არ გაგვწირა, მაგრამ დანაკარგი დიდია. მართალია ეს მეორეხარისხოვანია, თუმცა 50.000 დოლარის ქონება წყალმა წაიღო. ჩემს დედამთილს ძვირფასი სამკაულები ჰქონდა. მეუღლე ხელოსანი ჰყავდა, კარგ ადგილას მუშაობდა, ცოლის პატივისცემა უყვარდა და ძვირფასეულობას ჩუქნიდა. ყველაფრი წყალმა გარეცხა.

ჩემმა ორივე შვილმა სწავლა დაამთავრა, მუშაობენ, წარმატებულები არიან, ჯანმრთელად ვიყოთ და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.