ავტორი:

"ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე რომ დავურეკე და გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ხმა შეეცვალა" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი

"ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე რომ დავურეკე და გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ხმა შეეცვალა" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი

იუმორისტებმა თემო ნიქაბაძემ, გივი პაპავამ და გიორგი ჩირგაძემ 7-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. რა გახდა ამის მიზეზი, როგორ იხსენებენ გუნდთან ერთად გატარებულ 7 წელს და როგორია მათი სამომავლო გეგმა? - ამ ყველაფერზე თემო და გივი გვესაუბრებიან.

- "კომედი ჯგუფიდან" წამოსვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

გივი:

- ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიგვიღია. ჩვენი სურვილია ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად, 7 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, სხვაგვარად გამოვიყენოთ.

თემო:

- "კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობა მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ სიახლის დრო დადგა, ახლა ბედს ცოტათი სხვა მიმართულებით ვცდით და ახალ გამოწვევებს შევეჭიდებით.

გივი:

- მე, თემომ და გიორგი ჩირგაძემ იუთუბ-გვერდი გავაკეთეთ, რამდენიმე გადაცემა უკვე ჩავუშვით და სურვილი გვაქვს, მომავალშიც ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ტელევიზია დროებით დაგვეტოვებინა.

- დროებით?

- სავარაუდოდ.

- სხვა არხიდან შემოთავაზებას ხომ არ ელოდებით?

- ჩვენი მიზანი იუთუბ-არხის - "სახაზავი" განვითარებაა.

- ხომ შეგეძლოთ, ეს საქმე ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად გეკეთებინათ?

- ასეც ვაკეთებდით, მაგრამ სულ დროის დეფიციტი გვქონდა. გვინდა არხი ისე და იმ ფორმით განვავითაროთ, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.

- როგორ მიიღო გუნდმა თქვენი გადაწყვეტილება?

- რთული იყო გადაწყვეტილების მიღებაც და დამშვიდობებაც. როგორც ჩვენ, ასევე გუნდის თითოეულ წევრს გული ძალიან დაგვწყდა. იყო სენტიმენტები, მესიჯები, ბევრი თბილი სიტყვა; ისეთი ემოციები, თვალზე ცრემლი რომ მოგადგება, მაგრამ არა უშავს, ჩვენი გზები მომავალში ალბათ ისევ გადაიკვეთება. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მეგობრობა გაგრძელდება. მართალია, გუნდიდან წამოვედი, მაგრამ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები და თუ დავჭირდებით, მხარში ამოვუდგებით. ამ ადამიანებთან გატარებულმა წლებმა უდიდესი გამოცდილება დამიგროვა.

თემო:

- ტელევიზიაში მუშაობა ძალიან რთულია, ფაქტობრივად არც ოჯახისთვის, არც მეგობრებისთვის დრო არ გვრჩებოდა. ამ ეტაპზე ცოტას დავისვენებთ, თან კარიერულადაც ასე ვამჯობინეთ. ის წლები, რომელიც ერთად გავატარეთ, ძალზე ნაყოფიერი იყო.

როდესაც "მანსანკანში" თამაშობ, შენთვის მთავარი მწვერვალი "კომედი შოუა". ბავშვობიდან ვოცნებობდი, ამ ჯგუფში მოვხვედრილიყავი და როცა ოცნება ამიხდა, ეს იყო უდიდესი გამოწვევა, ძალიან ვნერვიულობდი. გავხდი იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც წლების განმავლობაში ეკრანზე ვუყურებდი. მინდა ჟურნალის "გზა" საშუალებით მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს: მსახიობებს, სცენარისტებს, კამერებს მიღმა მომუშავე ადამიანებს. ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები.

- თქვენი გადაწყვეტილების შესახებ პირველად ვის უთხარით?

გივი:

- ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი. განიცადა, ხმა შეეცვალა. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხალხმაც ამ გუნდიდან გამიცნო და შემიყვარა.

- ამ 7 წლის განმავლობაში რთული დღეებიც გქონდათ. ტელევიზიაში განვითარებული ცნობილი მოვლენები, გუნდის ორად გაყოფა, შემდეგ არხზე დარჩენილების სხვა ტელევიზიაში გადასვლა... ამ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- რა თქმა უნდა, უმძიმესი დღეები იყო, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავაგორეთ. ალეკო ყველა თანამშრომელთან პირადად მიდიოდა, ცდილობდა გაემხიარულებინა, იმ ადამიანამდე მაშინდელი მდგომარეობა ისე მძაფრად არ მიეტანა, როგორიც იყო.

- ახლა თუ იყო მცდელობა, გადაგეფიქრებინათ მიღებული გადაწყვეტილება?

თემო:

- რა თქმა უნდა, ეს მცდელობაც იყო, მაგრამ... "კომედი ჯგუფში" იმდენი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს, მჯერა, მათი სკეტჩები ისეთივე კარგი და ლაღი საყურებელი იქნება, როგორიც ადრე იყო. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი სიამოვნებას ისევ მიიღებს. ჩემთვის, გივისთვის, გიორგისთვის ძალიან რთულია ამ გუნდის გარეშე ყოფნა, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი ამბებიც ხდება.

- კარგი იუმორის კეთება მარტივი არ არის, რთულია ეკრანიდან გააცინო მაყურებელი. ამ სირთულეს, სანამ გადაღებებში ჩაერთვებოდით, აღიქვამდით?

- ძალიან რთულია მოიფიქრო სიუჟეტი, დაწერო კარგი ხუმრობა. ყველა ადამიანი ხომ ძალიან ინდივიდუალურია, ყველას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო და კამერის წინ რომ დადგები, როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა იყო, უნდა ითამაშო. იუმორის კეთება ურთულესი საქმეა...წაიკითხეთ სრულად