ავტორი:

"ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო..." - კოკოითის ინტერვიუ აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ: ცრუ "პრეზიდენტი" რემბოს იმიჯით და საგმირო ფანტაზიებით

"ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო..." - კოკოითის ინტერვიუ აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ: ცრუ "პრეზიდენტი" რემბოს იმიჯით და საგმირო ფანტაზიებით

"ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა მურატ გუკემუხოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან აგვისტოს ომის 15 წლის თავზე ისაუბრა. ის ინტერვიუში ჰყვება ომის პირველ საათებზე, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზე.

ასევე, ყოფილი ვითომ პრეზიდენტის თქმით, აქამდე უთქმელი ამბები გაიხსენა, რომელშიც ტყუილ-მართლის გარჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა ამის მიუხედავად Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან:

"შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ომისთვის თავი აგვერიდებინა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანი მოვიდა, რომელთანაც მოლაპარაკება შეუძლებელი იყო, ის თავდაპირველად ომისთვის იყო დაპროგრამირებული.

ოფიციალურად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი და მოძმე აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერი კეთდებოდა, რომ სიმწვავე მოხსნილიყო და დაძაბულობა შემცირებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას ამ ნაბიჯისკენ უბიძგა. ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, სულ ვეუბნებოდი მათ, რომ საქართველოს შეიარაღებით, ისინი კონფლიქტის გაღვივებას უწყობდნენ ხელს და ამ ყველაფერზე ისინიც პასუხისმგებლები არიან ისევე, როგორც საქართველო. ისინი ჩვენს გაფრთხილებებს არ ისმენდნენ და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ", - ამბობს კოკოითი, რომელსაც რატომოღაც გამორჩა, ომამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსების წახალისებული სეპარატისტები რა სიხშირით ბომბავდნენ სამაჩაბლოს ქართულ სოფლებს.

საუბრისას პერიოდულად კოკოითს ფანტაზიები იტაცებს - ისე, როგორც დღეს ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი დარბის იარაღით ხელში რემბოსავით, კოკოითიც ცდილობს იმჟამინდელ ამბებში საკუთარი როლი სწორედ ამ იმიჯით წარმოაჩინოს. მისი თქმით, მან და მისმა მცველმა ქართული სპეცრაზმი შეაშინეს და უკუაგდეს, მოსახლეობამ კი ეს საქციელი დიდად დაუფასა:

"საზოგადეობამ არ იცის, მაგრამ მაშინ ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, რომ სააკაშვილს შევხვედრილიყავი. სიტუაციის გამწვავების დროს, როდესაც ქართულმა მხარემ დამატებითი ძალები შეიყვანა "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე და ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციების გადაკეტვა დაიწყეს, ანალოგიური ბრძანება გავეცი მეც, რომ ჩვენც გადაგვეკეტა ამ სოფლების კომუნიკაციები.

ეს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. ამ გამწვავების დროს მე ჩემ ერთ დაცვის წევრთან გადავედი შლაგბაუმის იქით, ქართულ სოფლებში. იქ ქართული სპეცრაზმი იდგა. მუქარის დემონსტრაციას ახდენდნენ, რომ თითქო მზად იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ არ გავჩერდი და მოსახლეობასთან მივედი. ადგილობრივები ქართველ სპეცრაზმელებს დასცინოდნენ, თქვენ თუ უიარაღო კაცისგან გარბიხართ, ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვათო.

ადგილობრივებს ველაპარაკებოდი, მოვიდნენ ქართველი ჟურნალისტები. ადგილობრივები მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად ესმოდათ, რაც ხდებოდა. ერთმა ქალმა, რომელიც "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მითხრა, რომ მისი პრეზიდენტი მე ვიყავი. ამის გამო ჟურნალისტმა მიკროფონი ჩაარტყა.

ეს რომ დავინახე, პირველ რიგში, ბოდიში მოვახდევინე ამ ჟურნალისტს. მეორე ვუთხარი, - რის მიღწევას ცდილობთ, არაერთი მცდელობა მქონდა, რომ სააკაშვილს შევხვდე. წამოიყვანოს ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ვინც უნდა, მზად ვარ მარტო შევხვდე თბილისში. მზად ვარ მთვარეზეც შევხვდე, ოღონდაც ეს დაძაბულობა განვმუხტო, თქვენს პრეზიდენტს კი რეაქცია არ ჰქონია - მეთქი..."

კოკოითს ერთხელ ამ კონფლიქტისთვის ისტორიულად და კრეატიულადაც შეუხედავს. მას თურმე, სურდა "სამხრეთ ოსეთში“ კავკასიის ერების უხუცესთა საბჭო შეექმნა.

"ჩრდილო კავკასიის ბევრმა უხუცესმა დაუჭირა მხარი ჩემს ინიციატივას. ქართველებმაც, მათ შორის. ისინი ჩვენთან შეხვედრაზე წამოვიდნენ. თუმცა გზაში გააჩერეს და სცემეს. მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს ჩემამდე მოსვლა. მე მათ ვუთხარი, - პატივცემულო უხუცესებო, კავკასია ყოველთვის განთქმული იყო მისი უხუცესების სიბრძნით. მე როგორც უმცროსი, ისე მოგმართავთ. გაუწიეთ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ორგანიზება. მიმართეთ მას. მზად ვარ თქვენი თანდასწრებით, "სამხრეთ ოსეთის“ უხუცესების თანდასწრებით შევხვდე. თუ კი არ სურს საერთაშორისო ინსტიტუტების ფორმატები გამოიყენოს, ჩვენ შეგვიძლია როგორც ორი კავკასიელი, ისე შევხვდეთ ერთმანეთს - მეთქი. სააკაშვილმა ეს ხალხი არ მიიღო თავისთან და სახელმწიფო პენსიაც გაუუქმა...

დაძაბულობის მოსახსნელად მოსკოვშიც ხშირად დავდიოდი. წერილობით მივმართე რუსეთის და ეუთოს იმჟამინდელ პრეზიდენტებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მოეწყოთ. მათ ჩემი იდეა მოიწონეს, თუმცა სააკაშვილმა უარი თქვა.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მშვიდობიანი ინიციატივები იყო, არავითარი აგრესიული ზრახვები არ ყოფილა. ჩვენ თვითმკვლელები ხომ არ ვართ! კარგად გვესმოდა, საქართველოს რამხელა უპირატესობა ჰქონდა შეიარაღებაში".

ჯაყო-პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობდა კონფლიქტი ლიბერალური გზებით დაერეგულირებინა. თუმცა მან და ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

"ამ შეხვედრას მედვედევი არ ესწრებოდა. კონფლიქტის ასეთ რეგულირებას რუსული ხელისუფლების ლიბერალური ძალები ცდილობდნენ. მე და სერგეი ბაღაფში მოსკოვში მოგვიწვიეს. იქ იყვნენ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც "სამხრეთ ოსეთზე“, "აფხაზეთსა“ და ზოგადად კავკასიაზე მუშაობენ. მომილოცეს 2006 წლის არჩევნებში გამარჯვება. მე უკვე ვიცოდი, რაზეც იქნებოდა საუბარი, მათ სურდათ კონფედერაციის მსგავსი სუბიექტის შექმნა, ისინი ცდილობდნენ "სამხრეთ“ ოსეთისა და "აფხაზეთის“ ხელისუფლებების დისკრედიტაციას.

მივხვდი, რაზეც დაიწყებოდა საუბარი, ამიტომ ინიციატივა გამოვტაცე, მადლობა მოვუხადე შეკრებისთვის და განვაცხადე, რომ მსგავს საკითხს ჩემი ერის გარეშე ვერ განვიხილავდი. მე არ მქონდა მორალური უფლება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მედვედევი იქ არ იყო. ეს იყვნენ ლიბერალური პროქართული ძალები. თქვენ კარგად იცით, რომელ სამინისტროებს და უწყებებს განაგებდნენ საქართველოდან გადმოსული ადამიანები, ისინი საქართველოს მიმართ სიმპათიებს ვერ მალავდნენ. სერგეი ვასილიევიჩმა მხარი დამიჭირა და განაცხადა, რომ მასაც არ მოსწონდა იდეა. ამით განხილვა დასრულდა.

ჯერ მათ სახელებს არ დავასახელებ, თუმცა კონფედერაციის იდეის მთავარი ბენეფიციარი ცოცხალი აღარ არის. შეხვედრის შემდეგ მისგან "მომხვდა“. მან თქვა, - ამ ახლაგაზრდა ოსს ეს ასე არ შერჩებაო", - ამბობს კოკოითო.

მან ომის დღეებიც გაიხსენა. მისი თქმით, ოსმა ჯარისკაცებმა გმირულად იბრძოლეს, რითაც პუტინიც კი გააოცეს.

"7 აგვისტოს, 19:35 საათზე, სააკაშვილი განცხადებით გამოვიდა, რომ ოსები მისი ძმები არიან და მოლაპარაკებები გაიმართებოდა. ამ განცხადებამ უფრო დამძაბა. იმ მომენტში გავიაზრე, რომ ომი იქნებოდა. სერიოზული ომი.

შევკრიბე სამხედრო საბჭო და ოფიცრები წინა ხაზზე გავგზავნე, რომ მკაცრად გაეფრთიხლებინათ ჩვენი ბიჭები, ბრძანების გარეშე არავის დაეწყო სროლა. 7 აგვისტოს საღამოს ომი დაიწყო და ჩვენი ბიჭები გმირულად იცავდნენ პოზიციებს.

სააკაშვილის განცხადების შემდეგ, 3-4 საათში, ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა. ცეცხლის გახსნიდან კი 40 წუთში ყურაშვილმა განაცხადა, რომ ასრულებდა მთავარსარდლის ბრძანებას ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე.

მე როგორც რეგიონის მთავარსარდალი, ზედმიწევნით ვასრულებდი საერთაშორისო შეთანხმებებს. დავურეკე სამშვიდობო ძალების მეთაურ კულახმეტოვს და სიტუაცია გავაცანი.

ქართველები შორს მსროლელი იარაღით გვბომბავდნენ, მათ შორის ცხინვალს და დასახლებულ პუნქტებს. მე კულახმეტოვს ვუთხარი, რომ "სამხრეთ ოსეთის“ ძალებს საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლებას ვაძლევდი.

არც პუტინისთვის და არც მედვედევისთვის არ დამირეკავს. მხოლოდ FSB-ს დირექტორის მოადგილეს ვესაუბრებოდი, რომელმაც მაცნობა, რომ "სამხრეთ ოსეთის“ მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიღებული იყო.

ვესაუბრე, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელსაც, რომელმაც მითხრა, რომ კოლონა დაიძრა და საშუალო სიჩქარე 30-40 კმ/სთ იყო.

სხვისთვის არავისთვის დამირეკავს, არც ვცდილობდი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ომი იყო. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომელიც ჩხუბს იწყებს და მერე უფროსი ძმის ზურგს უკან იმალება.

ომის შემდეგ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს შევხვდი. აღფრთოვანებული იყო "სამხრეთ ოსების“ ბრძოლით...

ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი სინდისი ერის წინაშე სუფთაა. კი არ გავიქეცი, მეორე შტაბში გადავინაცვლე, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როკის გვირაბთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დავხვედროდით", - ყვება კოკოითი, რომელმაც იმდენი ტყუილი თქვა ამ ვრცელ ინტერვიუში, რამდენიც შესაძლო იყო. მისმა ფანტაზიამ თითქმის კავკასია გააერთიანა, წინ აღუდგა რუს პოლიტიკოსებს, განდევნა ქართული სპეცრაზმი, დაიცვა ქართველი ქალი, რომელმაც თურმე მისი პრეზიდენტობა აღიარა...

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ