ავტორი:

"სხვა სუფრიდან ნასვამი ახალგაზრდები მოვიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა" - თუშეთში, ქორწილში რამდენიმე პირი დაჭრეს, მათ შორის სიძე: რას ჰყვებიან ადგილობრივები

"სხვა სუფრიდან ნასვამი ახალგაზრდები მოვიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა" - თუშეთში, ქორწილში რამდენიმე პირი დაჭრეს, მათ შორის სიძე: რას ჰყვებიან ადგილობრივები

თუშეთის სოფელ ომალოში ქორწილში მომხდარი კონფლიქტის დროს დაჭრილებს შორის არის სიძე და მეჯვარე, ასევე პატარძლის ნათესავებიც. შემთხვევა სოფელ ომალოში რამდენიმე დღის წინ მოხდა, სადაც სხვადასხვა ოჯახებს ნათლობის და ქორწილის სუფრა ჰქონდათ..

  • ადგილობრივების თქმით, ნათლობის სუფრიდან დაუპატიჟებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები ქორწილში მივიდნენ, რასაც მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს, ასევე არიან ნაცემებიც.

დაშავებულები მთიდან ბარში სასწრაფო დახმარების მანქანებით ჩამოიყვანეს და ისინი ამ დრომდე სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. კონკრეტულად რა მიზეზით დაიწყო ჩხუბი მხარეებს შორის უცნობია.

"ჩვენ როგორც ვიცით, სხვადასხვა სუფრიდან ქორწილში მივიდნენ ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება. ამ შეხლა-შემოხლის დროს დაიჭრა სამი ადამიანი მათ შორის სიძეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე არიან ნაცემები. ეს მოხდა ადგილზე დაწყებული გაუგებრობით"- აცხადებენ ადგილობრივები.

დაშავებულებს მრავლობითი ჭრილობები სხეული სხვადასხვა არეში აქვთ. ექიმების თქმით ამ ეტაპზე არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.