ავტორი:

"ძალიან არ მინდოდა ფეისბუკ-სტატუსით მელაპარაკა თამარ მეფეზე, მაგრამ უკვე იმხელა უმეცრებათა კორიანტელი დატრიალდა... " - რას წერს გიორგი მაისურაძე

"ძალიან არ მინდოდა ფეისბუკ-სტატუსით მელაპარაკა თამარ მეფეზე, მაგრამ უკვე იმხელა  უმეცრებათა კორიანტელი დატრიალდა... " - რას წერს გიორგი მაისურაძე

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე თამარ მეფის პერსონის ირგვლივ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ამის შესახებ წერს:

"ძალიან არ მინდოდა ფეისბუკ-სტატუსით მელაპარაკა თამარ მეფეზე და ჯერჯერობით მხოლოდ ოცნების დონეზე ვფიქრობ მასზე რამე სოლიდურის დაწერას. მაგრამ უკვე იმხელა აბსურდი და უმეცრებათა კორიანტელი დატრიალდა ამ პიროვნების ირგვლივ, რომ თავის შეკავებაც მიჭირს.

თავიდანვე ვიტყვი, რომ თამარი ყველაზე დიდ და ამაღლებულ პიროვნებად მიმაჩნია საქართველოს ისტორიაში, რომლის სიდიადის ტოლფასი ცოტა ყოლიათ სხვა ქვეყნებსაც კი საკუთარი ისტორიის მანძილზე. გარდა იმისა, რომ ფეოდალურმა საქართველომ ყველა მიმართულებით თავის ისტორიულ ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ თამარის დროს მიაღწია, მისი დაკვეთით და მის „საქებრად“ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“, მის კარზე და მასზე პროექციით შეიქმნა ერთადერთი, სრულიად თავისებური ქართული პოლიტიკური თეოლოგია, ასევე მთლიანად მასზე პროექციით გაფორმდა ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის იდეაც, როგორც პოლიტიკურ-თეოლოგიური იდეა. ის იქცა ზეადამიანურ ფიგურად, მითოსად, ლამის ღვთაებად, მთავარ რეპრეზენტაციულ და საიდენტიფიკაციო ხატად, მაშინაც კი, როდესაც არანაირი ერთიანი ეროვნული ცნობიერება და ერთიან საქართველოზე წარმოდგენაც კი აღარ არსებობდა. ასეთად შემოინახა მისი სახე კოლექტიურმა მეხსიერებამ.

დღეს თამარზე გაჯლიგინებები ძაან ოდიოზურია, თანაც პლინტუსს ქვემოთ ცოდნის და აზროვნების ხარისხით. youtube-ზე ერთი ქართველი პოლიტიკოსის ვიდეოც კი მაქვს ნანახი, სადაც ამბობს, რომ მონღოლებმა საქართველო იმიტომ დაამარცხეს, რომ თამარმა პრივატიზაცია არ მოახდინა და გზების და ხიდების მშენებლობას სახელმწიფო ხაზინიდან აფინანსებდა. ასეთი განსჯანი თანამედროვე საქართველოს ინტელექტუალური დიაგნოზი უფროა, ვიდრე ისტორიის გაგების, თუნდაც გადააზრების მცდელობა.ეჭვი მაქვს (თუმცა სათანადოდ არ მიკვლევია და ამიტომ მხოლოდ ეჭვს დავჯერდები), რომ თამარის დაკნინება სტალინის ეპოქიდან უნდა იღებდეს სათავეს, როდესაც დავით აღმაშენებლის ფიგურის წინ წამოწევა დაიწყო თამარის გადასაფარად. დავით აღმაშენებელი სტალინის ფავორიტი იყო საქართველოს მეფეებში (იხ.: ნიკო ბერძენიშვილი, „შეხვედრები სტალინთან“). დავითის პოსტსაბჭოთა გაღმერთებაში სტალინური ცნობიერების გამოძახილიც აშკარად ცოცხალია: მახსოვს მისი ძეგლის გახსნაზე ამჟამინდელი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის სიტყვა, რომელმაც დავითის საქართველო თანამედროვე საქართველოს ნიმუშად გამოაცხადა. იგივე აზრი გაიმეორა საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც ამავე ძეგლის ხელახლა გახსნაზე („წინ, დავით აღმაშენებლისკენ!“)

ჰოდა, მივიღეთ კიდევაც 21-ე საუკუნეში 12-ე საუკუნის ცნობიერების საზოგადოებაც!

გარდა ქართული საზოგადოების სრულიად ავადმყოფური დამოკიდებულებისა ისტორიისადმი, რომელიც, ერთი მხრივ, ისტორიული ფიგურების ფეტიშებად ქცევით, მეორე მხრივ კი მათი გასამართლებით გამოიხატება, თამარის დაკნინებაში ძირძველი ქართული მიზოგინიაც ჰყვავის. რომ ატრიალებენ ტანტრასავით, "ისტორიული ფიგურები ტაბუ არ უნდა იყოს“, - კი, არ უნდა იყოს ლიტერატურისთვის, ხელოვნების ნებისმიერი სფეროსთვის, პაროდია და შარჟიც საჭიროა, ეს მხოლოდ აცოცხლებს ისტორიულ ფიგურებს, ისტორიის გადააზრებაც აუცილებელია და მისი დეკონსტრუქციაც, მაგრამ ამდენი უმეცრება და უაზროვნება ერთობ დამასევდიანებელია და ხშირად გულის ამრევიც.

აზროვნების და გემოვნების დონე თანამედროვე საქართველოში თბილისის და ბათუმის ჩაბეტონების პირდაპირპროპორციულია და ეს თანაბრად ეხება მის ულტრაკონსერვატორულ თუ ლიბერალურ შენაკადებს." - წერს გიორგი მაისურაძე.