ავტორი:

"დუტამ ეს არ მაპატია" - მზია ორველაშვილის ახდენილი ოცნება და გავლენინი ქალბატონი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც

"დუტამ ეს არ მაპატია" - მზია ორველაშვილის ახდენილი ოცნება და გავლენინი ქალბატონი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც

გავლენიანი ქალბატონი - ნინკა, რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც, "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი გახლავთ. ნინკას როლს მოცეკვავე მზია ორველაშვილი ასრულებს. როგორ მოხვდა სერიალში და რა ხდება გადასაღებ მოედანზე, ამის შესახებ თავად გვესაუბრა...

- მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ, - მსახიობობა გამოგდის, რომელიმე კასტინგზე შენი მონაცემები გაგზავნეო. "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებების შესახებ ინფორმაცია რომ გამოქვეყნდა, ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც სერიალის მასობრივ სცენებში მონაწილეობს, მითხრა, კასტინგზე წავსულიყავი. მართლაც, ჯერ ფოტოები გავგზავნე, შემდეგ კასტინგი გავიარე... კასტინგიდან 2 კვირის განმავლობაში, სერიალის წარმომადგენლები არ შემხმიანებიან. გულდაწყვეტილი ვიყავი - არაფერი გამომივიდა-მეთქი. დაქალმა შემომთავაზა, სადმე ყავა დაგველია. ვიფიქრე - ჯანდაბას, ყავა მაინც დავლიოთ-მეთქი, რადგან ორივეს საშინელი დღე გვქონდა... ყავას ვსვამდით, თან - ვწუწუნებდით, - ამ ქვეყნიდან საერთოდ წავიდეთო... უცებ ტელეფონმა დამირეკა, შემატყობინეს, რომ როლზე დამამტკიცეს. სიხარულისგან ლამის ფრთები გამომესხა! ამ სერიალში მონაწილეობა უზომოდ მინდოდა. საერთოდ, მსახიობობა ბავშვობიდან მსურდა, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში მამიკომ არ ჩამაბარებინა...

- მოგწონს შენი როლი?

- უზომოდ! ყოველი ეპიზოდის გადაღების მერე ველოდები, ახალ სცენარს როდის გამომიგზავნიან, რადგან ამ სერიალით "მოვიწამლე" (კარგი გაგებით), ისე შემიყვარდა! გადაღებიდან რომ ვბრუნდები, მინდა, ახალი სცენარი ვისწავლო. ეს სხვა აურაა... გადაღების პირველ დღეს ძალიან ვინერვიულე. წარმოიდგინე, ცეკვიდან უცებ სამსახიობო სფეროში რომ გადახვალ... მართალია, მოცეკვავე არტისტულიც უნდა იყო, რომ ყველაფერი გამოგივიდეს, მაგრამ მსახიობობა სულ სხვა რამე ყოფილა: მივხვდი, არტისტები ურთულეს გზას გადიან - გარდასახვა ადვილი არაა. პირადად მე, თამაში არ გამრთულებია, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც ძნელი იყო. ვერ აღგიწერ, ჩემი პირველი სცენის გადაღებაზე მისულს რა მჭირდა: წარმოიდგინე, გიორგი ლიფონავა, თავისი საქმის პროფესიონალი წინ გიზის და უნდა ითამაშო. მას პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ ეკრანზე მყავდა ნანახი. ჩემი პერსონაჟის ტექსტი ზეპირად ვიცოდი: უცებ მძინარე რომ გაგეღვიძებინე, მაშინაც გეტყოდი, ისე მქონდა დამახსოვრებული, მაგრამ დათოსთან (ტერენტის როლის შემსრულებელთან) ერთად, კაფეში რომ დავჯექი და გადაღება დავიწყეთ, არაფერი მახსოვდა, ისე ვნერვიულობდი. გადასაღებ მოედანზე ოჯახური სიტუაცია აქვთ. ისე კარგად მომექცნენ, ნერვიულობაც მომეხსნა. დღეს შემოქმედებით გუნდთან ისე ვარ, როგორც ოჯახის წევრებთან: ყველა ძალიან შემიყვარდა. ბედნიერების ძლიერი ემოციები მაქვს...

- პირველივე ეპიზოდში, სერიალში შენმა პარტნიორმა გითხრა, - ცუდი მსახიობი ხარო. რეალურად როგორ გაფასებენ? ბევრი დუბლის გადაღება გჭირდებათ?

- მაქსიმუმ, 2-3 დუბლი დაგვჭირდეს, ისიც იმიტომ, რომ სხვადასხვა რაკურსით გადაიღონ. ყველა ისეთ გულთბილ სიტყვებს მეუბნება და ჩემი თამაში ისე მოსწონთ, რომ მეც ბედნიერი ვარ. გიორგიმაც მითხრა, - შენთან მუშაობა მოგვწონსო. მოკლედ, ყველამ შემაქო. ჩემთვის ეს ძალიან დიდი და მოულოდნელი ბედნიერებაა! გადაღებების დროს ვეკითხებოდი, - კარგი იყო? გამოვიდა თუ რაღაც ვიბჟუტურე-მეთქი? მპასუხობდნენ, - არა, რას ამბობ? როლს ძალიან დამაჯერებლად ასრულებო! საპასუხისმგებლო საქმეს მოვკიდე ხელი და მსახიობობა შემიყვარდა.

- თავიდანვე იცოდი, როგორ სცენებში მოგიწევდა მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა. ჩემი პერსონაჟი ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი ბანკის პიარ-მენეჯერი გახლავთ. გავლენიან ხალხთან კონტაქტები აქვს... ყველაფერს ვერ გავამხელ - ამის უფლებაც არ მაქვს. ერთს ვიტყვი: ისეთი პერსონაჟია, რომელიც ხალხს შეუყვარდება, მიუხედავად იმისა, რომ ქმარიც ჰყავს და საყვარელიც.

- რატომ შეიძლება, ხალხს შეუყვარდეს?

- არის სიტუაციები, რომელიც ამ ქალს სხვა მხრიდან აჩვენებს მაყურებლებს. ჩემს პერსონაჟს დადებითი, სწორი ნაბიჯებიც ახასიათებს... ტერენტი უყვარს და რა ქნას, რა გააკეთოს (იცინის)?!

- იმ ტიპის ტრენინგების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს, როგორსაც ტერენტი ატარებს?

- (იცინის) ვაღიარებ, ჩემი რეჟიმის გამო არასოდეს მომისმენია, მაგრამ საინტერესოა.

- არც ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია რთული ცხოვრებისეული ეტაპის გადალახვისას?

- ბელორუსიაში ცეკვისას, სპორტული ფსიქოლოგი მყავდა, რომელიც ჩვენთან მუშაობდა, თუნდაც - კომპლექსების მოხსნასთან დაკავშირებით. პირადად მე, კომპლექსები არ მქონია, მაგრამ ზოგს აქვს. მაგალითად - მასწავლებელი აჩვენებს, რომ რაღაც მოძრაობა ემოციურად უნდა შეასრულოს, მაგრამ მოცეკვავე ვერ აკეთებს, რცხვენია... პლუს, კონკურსებზე სპორტსმენს მეტი თავდაჯერებულობა უნდა ჰქონდეს და ისე იმოძრაოს, როგორც ჩემპიონმა. მოკლედ, ფსიქოლოგთან ამ ტიპის შეხება მქონია... საერთოდ, მშობლებმა ჩემში "ჩადეს", რომ ყოველთვის მიზნისკენ ვიმოძრაო და თავდაჯერებული ვიყო. კონკურსების წინ ბებია მაღვიძებდა და სულ მეკითხებოდა, - ბე, აბა, დღეს შეჯიბრებაზე რა უნდა ქნაო? - ამ კითხვას რატომ მისვამ? უნდა გავიმარჯვო! შინ გამარჯვებული მოვალ-მეთქი! - ვპასუხობდი. მეგობრებიც სულ მეუბნებიან, - ბავშვობიდან ჩემპიონის სული გაქვსო... რთულ ცხოვრებისეულ ეტაპებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველთვის პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო. ჩვენი წინა ინტერვიუებიდან მკითხველებმა იციან, რომ პანდემიის დროს უზომოდ რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ბევრს ეგონა, კარგად ვიყავი, არაფერი მაწუხებდა. მეკითხებოდნენ კიდეც, - გოგო, რა დღეში ვართ, სამსახურები დავკარგეთ და კარგად როგორ ხარო?! უბრალოდ, საკუთარი თავის მოთოკვა ვისწავლე. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანმა არასოდეს უნდა ჩამოყარო ყურები. ცუდს ყოველთვის კარგი დასასრული აქვს. თუ ყურებს ჩამოყრი, მიზანს ვერასოდეს მიაღწევ. ყოველთვის ვცდილობ, ცუდშიც დადებითი ვიპოვო, ცუდი პერიოდი გადავლახო და მგონი, ეს მოვახერხე კიდეც. რაც დარჩა, იმასაც უკან მოვიტოვებ. რა თქმა უნდა, ამაში ღმერთის იმედი მაქვს: ღმერთი და ჩემი მფარველი ანგელოზი ძალიან მეხმარებიან...

- "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობა შენთვის პირველი სამსახიობო გამოცდილებაა?

- მანამდე სერიალის - "ტესტი" 2-3 სერიაში ვმონაწილეობდი. ვერ ვიტყვი, - იქ ბევრი სათამაშო მქონდა-მეთქი. იმხელა გამოცდილება, რასაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ვიღებ, არასოდეს მქონია. არის ეპიზოდები, როცა როლი რთულად შესასრულებელია, მაგრამ არ ვიმჩნევ...

- ეროტიკულ ეპიზოდს გულისხმობ?

- ჰო (იღიმის). მაგალითად, კოცნის სცენის შესახებ დედას კი ვუთხარი, მაგრამ მამას - არა...

- ამ სცენის გადაღებისას, გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა?

- ჩემს პარტნიორს, ტერენტის როლის შემსრულებელს ვუთხარი, - დათო, მოდი, იცი, როგორ გავაკეთოთ? ვითომ ერთმანეთს ვაკოცეთ და თავი მარჯვნივ-მარცხნივ ვაქანაოთ-მეთქი (იცინის). ლამის სიცილით დავიხოცეთ... საბოლოოდ, ერთმანეთს ვაკოცეთ - სხვა გზა არ გვქონდა. ვიფიქრე, რომ მოვიტყუებოდით, მაგრამ ვერა... ძალიან გამიჭირდა. ხალხი ამ კუთხით არ მიცნობს. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის დროსაც, ვცდილობ, მაქსიმალურად მოკრძალებული კაბები მეცვას, რადგან 2 შვილის დედა ვარ, 2 ბიჭი მეზრდება. ამიტომ ცოტათი ვნერვიულობდი - ვიღაცამ "რაღაც" არ იფიქროს, ცუდი კომენტარი არ დამიწეროს-მეთქი. განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი - გიორგი ცაავა გახლდათ. ვუთხარი, - მაგრად მეშინია, რას იტყვის ხალხი-მეთქი. პირდაპირ მითხრა, - გოგო, შენ ხომ არ "უბერავ"? იმდენი მსახიობი ქალისთვის მიკოცნია, რომ ყველას შესახებ "რაღაც" უნდა ეთქვათ! ნორმალური ადამიანი ასეთ ეპიზოდებს "სხვაგვარად" საერთოდ არ აღიქვამს, რა სისულელეაო!.. ბევრი ლაპარაკის მერე, ეს ბარიერი გადავლახე. ჰო, რა მოხდა? ეს ხომ სერიალია? მგონი, დღეს ასეთი რაღაც არავის უკვირს, მაგრამ ოჯახის წევრებთან მაინც მორიდების განცდა მაქვს. განაგრძეთ კითხვა