ავტორი:

"ვნერვიულობდი, ტელევიზორი გამოვრთე, ვერ ვუყურე..." - მაყურებლის ფავორიტი ახალბედა მსახიობი ჩცდ-დან - ვინ არის დაჩი რეალურ ცხოვრებაში

"ვნერვიულობდი, ტელევიზორი გამოვრთე, ვერ ვუყურე..." - მაყურებლის ფავორიტი ახალბედა მსახიობი ჩცდ-დან - ვინ არის დაჩი რეალურ ცხოვრებაში

"პატარა რომ ვიყავი, დედიკოს დავყვებოდი თეატრში და რეპეტიციებზე ვიჯექი ჩუმად, ყოველთვის მაინტერესებდა, ახლა კი თავად მაქვს რეპეტიციები", - ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში გივიკო ხახიძე მაშინ წერდა, როდესაც პატარა უფლისწულის როლისთვის ემზადებოდა.

შემდეგ მოხიტო გახდა - მერაბ კოკოჩაშვილის სრულმეტრაჟიან ფილმში "ტერცო მონდო" მთავარი როლი შეასრულა (ფილმი ეკრანზე არ გამოსულა), ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს და ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟთან არაერთ მსგავსებას პოულობს.

- თეატრში არა მხოლოდ დედას (ტექნიკური რეჟისორი მაია სახლთხუციშვილი), მამასაც (მსახიობი დავით ხახიძე) ხშირად დავყვებოდი. 12-13 წლის ასაკში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობდი. პირველი სპექტაკლი "ნაცარქექია" იყო. ერთ სპექტაკლსაც არ ვტოვებდი, ეს სამყარო ისე მიზიდავდა და მაინტერესებდა. როცა წამოვიზარდე და საკუთარი თავი ამ საქმეში გამოვცადე, დღეს ჩემში მსახიობობის სურვილი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, თუმცა ინტერესი ბოლომდე არ გამნელებია.

მახსოვს, ბავშვობაში როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც მამა "პაკლონზე" გამოდიოდა, ხალხი ტაშს უკრავდა. მამაჩემით ყოველთვის ვამაყობდი. ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როდესაც იმ მსახიობებს გავიცნობდი, ვინც ძალიან მიყვარდა.

- მაგალითად?

- დუტა სხირტლაძე. მასთან ერთად ხადას ხეობაში გადაღებაზე ვიყავი. დუტასთან ერთად ლევან წულაძე გავიცანი და დედაჩემთან, სამეფო უბნის თეატრში - კახა კინწურაშვილი.

- მიამბე, პატარა უფლისწული როგორ გახდი?

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი და ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა მითხრა, - წამოდი, არ გინდა, სპექტაკლში ითამაშოო? როგორ არ მინდა-მეთქი, თეატრზე ვგიჟდებოდი. რამდენიმე თვე "ნაცარქექიაში" ვთამაშობდი. შემდეგ პატარა უფლისწულის განაწილება ვნახე და გვარი ხახიძე რომ ეწერა, ვიფიქრე, მამამ უნდა ითამაშოს-მეთქი. მაგრამ მალე გავარკვიე, რომ მე ვიყავი. პირველ შეკრებაზე მითხრეს, რომ პატარა უფლისწული უნდა ვყოფილიყავი და ძალიან გამიხარდა. ბუნებრივია, ამ შეკრებაზე იყო სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი კავსაძე.

- კახი კავსაძესთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებ?

- ბატონი კახის გვერდით სცენაზე გამოსვლა რამდენად დიდი პატივია, ამას მაშინაც ვხვდებოდი და ვაცნობიერებდი. ის მოგვიანებით გავიცანი, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე. ბატონი კახი ყოველთვის გვიყვებოდა ამბებს საკუთარი წარსულიდან, ყველა სპექტაკლის წინ მეხუმრებოდა, - აბა, გივიკო, ტექსტი შემახსენეო. სულ მამხნევებდა. მეუბნებოდა, - მშვიდად იყავი, არ ინერვიულო, მე გამომყევი, ნურაფრის შეგეშინდებაო. მეორე მოქმედება სცენაზე ჩვენი ხელჩაკიდებული გამოსვლით იწყებოდა, ამბავი სულ პატარა უფლისწულის გარშემო ხდებოდა, კულისებში არ გავდიოდი, სულ სცენაზე ვიყავი. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ მამა და სხვებიც მამხნევებდნენ, - სანერვიულო არაფერიაო. წარმოდგენა რომ დასრულდა და ტაში დაუკრეს, ისე ვიყავი, ვეღარ ვსუნთქავდი, პირი გამიშრა, მაგრამ თან ამ ყველაფერს დიდი სიხარულიც ახლდა. ჟურნალი "გზა"