ავტორი:

"რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო!" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე რაჭაზე, შოვის ტრაგედიასა და ოჯახზე

"რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო!" - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე რაჭაზე, შოვის ტრაგედიასა და ოჯახზე

"რა მემღერება, ეს ხომ უზნეობა, არაადამიანობაა!.. ამდენი ხალხის დაღუპვა მოუშუშებელ ტკივილად დარჩება"

"შოვი აღარ არსებობს, ეს ხომ წარმოუდგენელია. ომები, მიწისძვრები ხდება, მაგრამ ამხელა სტიქიური მოვლენა შემზარავია. ამდენი ხალხის დაღუპვა სულ მოუშუშებელ ტკივილად დარჩება. სახელმწიფომ გადაწყვიტა ეს დღეები გლოვის ყოფილიყო და ასეც უნდა იყოს! არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო! რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, ეს ხომ უზნეობა, არაადამიანობაა?!" - ამბობს ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე... ის რაჭაზე განსაკუთრებით ემოციურად გვესაუბრა, რადგან ამბობს, რომ რაჭველობით ძალიან ამაყობს.

- ქალბატონო ნანი, ცნობილი რაჭველების გვერდზე თქვენს ფოტოზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, ზოგიერთი წერდა, რომ რაჭველი ხართ, ზოგი ედავებოდა, ტყუილად ამაყობთო.

- დიახ, რაჭველი ვარ! ჩემი ბაბუის მიწაც გვაქვს რაჭაში, მაგრამ ვერ წავედი, რომ მივხედო... საქართველოს ყველა კუთხე საამაყოა და მე ძალიანაც ვამაყობ, რომ რაჭველი გახლავართ! ვგიჟდები ჩემს საქართველოზე, ყველა კუთხეზე...

- გავრცელებულია, რომ რაჭველი ქალები უფრო მკაცრი ბუნების არიან...

- დიახ, და რატომღაც ეგ მე არ შემეხო... ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ სხვებთან მკაცრი არა ვარ, ჩემს სიცოცხლეში არ მიჩხუბია. სხვათა შორის, ძალიან ძლიერი მამიდები მყავდა, მაგრამ ძალიან სამართლიანები და ლამაზები... მამაჩემი გამორჩეულად ლამაზ და ინტელექტუალურ მამაკაცად ითვლებოდა. ღრმა სიბერეშიც, 93 წლის გარდაიცვალა და მახსოვს, ბოლომდე როგორ გამართული იჯდა. სამწუხაროდ, დედა ჩემთვის ძალიან ადრე წავიდა. უდიდესი ტრავმა მივიღე და ამიტომაც მთელი ყურადღება მამაჩემზე გადავიტანე. წყნარი, მშვიდი, არაჩვეულებრივი მამა მყავდა და ამიტომაც ვგიჟდები რაჭველებზე. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჩასვლა, რომ იქაურობისთვის მომევლო, მაგრამ ჩემი შვილიშვილები მიხედავენ, ამის იმედი მაქვს... დიდმა ბაბუამ მიწა მამაჩემს დაუტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსნი იყვნენ, სამი კაცი და სამი ქალი, რატომღაც მამაჩემს დაუტოვა, მაგრამ პრეტენზია არავის ჰქონია, ყველანი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ.

ის, რაც რაჭაში მოხდა, ჩემთვის უდიდესი ტრაგედიაა. რომ ვიხსენებ, სულ ვტირი, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ რაჭველი ვარ, ეს ჩვენი საქართველოა, ჩვენი კუთხე, ყველას გვეხება... შოვი აღარ არსებობს. ომები, მიწისძვრები ხდება, მაგრამ ამხელა სტიქიური მოვლენა ძალიან შემზარავია. ამდენი ხალხის დაღუპვა მოუშუშებელ ტკივილად დაგვრჩება. სახელმწიფომ გადაწყვიტა ეს დღეები გლოვის ყოფილიყო და ასეც უნდა იყოს! არავითარ შემთხვევაში ახლა სცენაზე არ გამოვიდოდი, რაც არ უნდა დაგეგმილი ყოფილიყო! რა მემღერება, როგორ გეკადრებათ, ეს ხომ უზნეობა, არაადამიანობაა! როგორც ვიცი, ბევრმა შეაჩერა თავისი გამოსვლები, კონცერტები...

- შოვში ნამყოფი ხართ?

სამწუხაროდ, არასოდეს ვყოფილვარ... სანამ ახალგაზრდა ვიყავი, სულ გასტროლები მქონდა. დასასვენებლად კიკეთში ან სხვაგან მივდიოდით. რაჭაში მხოლოდ ჩემს მამულში, სოფელ სხვავაში ვარ ნამყოფი. ძალიან მაღალზეა, ულამაზესია იქაურობა. მე თუ ვერა, ჩემს მომავალს, ჩემს შვილიშვილებს რაჭა ექნებათ... შოვზე სულ მესმოდა, რომ ულამაზესი კურორტი იყო, არაამქვეყნიური. მთლიანად ჩემი რაჭაა ასე ლამაზი. იმ საოცრებას ვერ დახატავ! იქაური ყველაფერი მიყვარს... მე ღვინოს ვერ ვსვამ, მაგრამ ხვანჭკარა ძალიან მიყვარს. სამკურნალოა და როგორც მითხრეს, თურმე ხვანჭკარას მოგზაურობა არ უყვარს. რაც უფრო თავის ადგილზეა, მით უფრო აქვს გემოვნური და სამკურნალო თვისებები. ასე რომ, უბედნიერესი ვარ, რომ რაჭველი ვარ! ყველას თავის კუთხე უყვარს. სადაც შენი სისხლი და ხორცია, შენი მამული, სულ სხვაა!

შოვი აუცილებლად უნდა აღდგეს და ასეც იქნება. ყველაფერი კარგად იქნება! ხომ არ შეიძლება სულ ცუდ დღეში ვიყოთ, რაღაც დიდხანს გაგვიგრძელდა. ყველაფერს აქვს ბოლო, კარგსაც და ცუდსაც. ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ერთმანეთის, ბუნების მიმართ დამოკიდებულება. ბუნებას მოვლა უყვარს და ეს აუცილებლად უნდა ვისწავლოთ! წყარო