ავტორი:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი დაკარგულია და მას დღემდე არავინ არ ეძებს. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი. როგორც მაშინდელი უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი ჰამლეტ ჭიპაშვილი იხსენებს, ამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს, ბევრს ნერვიულობისგან ხელი უკანკალებდა, ამიტომ ზოგიერთი პარლამენტარის გვარი მკაფიოდ არ ჩანს.

ამ დღის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ უამრავი ქარტეხილი გამოიარა, დამოუკიდებლობის აქტის დედანი კი უცნაურად გაუჩინარდა და ეს ისტორია დღემდე საიდუმლოების ბურუსითაა მოცული. ვერსიები და ვარაუდები ბევრია, მაგრამ დღემდე საფუძვლიანი გამოძიება არავის ჩაუტარებია იმის დასადგენად, თუ სად გაუჩინარდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. შენობები, სადაც შეიძლებოდა აქტი შენახული ყოფილიყო, გაიძარცვა, დაიწვა, განადგურდა... დოკუმენტის შექმნისა და გაუჩინარების ზოგიერთი ეპიზოდის შესახებ "კვირის პალიტრას" ჰამლეტ ჭიპაშვილი უამბობს.

- 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა. რამდენიმე დღით ადრე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ რამდენიმე კაცს დაგვავალა, სასწრაფოდ შეგვემუშავებინა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი. ჩვენ ტექსტის საფუძვლად 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოვიყენეთ, ფორმაც ზუსტად ისეთივე შევარჩიეთ. გამსახურდიას ტექსტი მოეწონა, სხდომაც დაინიშნა... უზენაესი საბჭოს შენობის დარბაზში, მთავარი ტრიბუნის წინ, პატარა მაგიდა დავდგით და მუყაოს დიდ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტი დავდეთ, ვეცადეთ ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, როგორც მენშევიკების დროს იყო. აქტზე ხელმოწერის უფლება ითხოვა მინისტრთა საბჭომაც, რაზეც ბატონი ზვიადი მცირე ფიქრის შემდეგ დათანხმდა. მოკლედ, ხელმოწერის დასრულების შემდეგ, რადგან მე გახლდით უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, დოკუმენტი ჩამოვიტანე ჩემს კაბინეტში, დავუსვი უზენაესი საბჭოს ბეჭედი, დავადასტურე ჩემი ხელმოწერით და შევინახე სეიფში. შემდეგ ჩემთან მოვიდა „საბჭოთა საქართველოს“ ხელმძღვანელი ვახტანგ ესვანჯია, რომელმც დოკუმენტი მთხოვა, თან განმიმარტა, რომ ფოტო უნდა გადაეღო და პრესაში გამოექვეყნებინა. ბადრიმ დოკუმენტი იმ დღესვე დამიბრუნა, მეორე დღეს კი აქტი, თავისი ხელმოწერებით, გაზეთებში გამოქვეყნდა.

- ამ დოკუმენტზე მანანა არჩვაძე- გამსახურდიას ხელმოწერა როგორ გაჩნდა?

9 აპრილის საღამოსვე, ცხრა საათზე, ბატონმა ზვიადმა დამირეკა და მთხოვა, რომ ორიგინალი მასთან ამეტანა. ასეც მოვიქეცი, მან მითხრა, რომ დოკუმენტს დაიტოვებდა და დილით დამიბრუნებდა. დილით მართლაც დამიბრუნა, თუმცა მასზე უკვე იყო მისი მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა. ბატონმა ზვიადმა მთხოვა, რომ აქტი გაზეთებში დასაბეჭდად ხელმეორედ გამეშვა - უკვე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერით.

- სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ვინმესთვის, თუნდაც ის ზვიად გამსახურდია ყოფილიყო, შინ გატანების უფლება გქონდათ?

- ყოველ შემთხვევაში, უარსაც ვერ ვეტყოდი. მე დოკუმენტი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს კაბინეტში შევუტანე. მეორე დღეს, დოკუმენტზე ქალბატონი მანანას ხელმოწერა რომ ვნახე, ერთი კი ვუთხარი, ბატონ ზვიადს,უხერხულია-მეთქი, მაგრამ მითხრა, არა უშავსო. ამან საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. მეორე დღეს გამოსულ გაზეთებში უკვე ამგვარად ხელმოწერილი აქტი გამოქვეყნდა. ე.ი. 10 და 11 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის ორი სხვადასხვა ვარიანტი გავრცელდა. მე და ვერც სხვა ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ გამსახურდია დოკუმენტს გამომართმევდა იმისთვის, რომ შინ წაეღო და ქალბატ მანანას ხელი მოეწერა. 9 აპრილის საგანგებო სხდომაზე მოწვეული გვყავდა ოლღა დემურია-კოსტავა. მოგეხსენებათ, რაოდენ უსაზღვრო იყო ბატონ მერაბ კოსტავას წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიამ შემოგვთავაზა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერდა მერაბ კოსტავას დედა, ქალბატონი ოლღა დემურია-კოსტავა. ალბათ, ამის შემდეგ ქალბატონმა მანანამ მიიჩნია, რომ მისი ხელომწერაც უნდ აყოფილიყო... განაგრძეთ კითხვა