ავტორი:

"ურთიერთგამომრიცხავია სააკაშვილი და ბოკერია... ის არასოდეს მისცემს თავს უფლებას საკუთარ გზას, ბოკერიას გზა დაუძახოს - ზედმეტად თავმდაბალია..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ურთიერთგამომრიცხავია სააკაშვილი და ბოკერია... ის არასოდეს მისცემს თავს უფლებას საკუთარ გზას, ბოკერიას გზა დაუძახოს - ზედმეტად თავმდაბალია..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

"ოდნავ სერიოზულად რომ მივუდგეთ იმ გულისამრევ არასერიოზულობას, რაც ნაცმოძრაობის ბელადის თავს ბრუნავს...

მთავარი კითხვა, რაზეც პოლიტიკოსს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან, მართალი პასუხი სჭირდება, არის - რატომ არის პოლიტიკაში?

Why? რატომ ხარ ამ საქმეში?

როცა პასუხი გაქვს, ამ პასუხთან მიმართებით საზღვრავ საკუთარ წარმატებას საკუთარ საქმეში.

ბოკერიას პასუხი ამ კითხვაზე ჩემთვის, უკვე თითქმის 30 წელია ნათელია.

მისი ამოცანა ამ ქვეყნის თავისუფლების და უსაფრთხოების მიღწევაა (ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე).

ძალაუფლება და გავლენა ამ ამოცანების მისაღწევად უნდა.

სხვა ამოცანები ბოკერიას ფეხზე ჰკიდია.

ამ ამოცანების მიღწევის ერთადერთ გზად ხედავს, საქართველოში, დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, რესპუბლიკური წესრიგის დაფუძნებას და ჩვენს ისტორიულ იდენტობასთან, 1921 წლის მემკვიდრეობასთან ბოლშევიკების მიერ განადგურებული ბმის აღდგენას.

საკუთარ წარმატებას და წარუმატებლობას, განულებას და გაასებას, აღმაფრენას და დამარცხებას, ზომავს ამ მიზანთან მიმართებით.

კომპრომისებსაც ისეთს არჩევს, რომელიც ამ ამოცანებთან დაახლოების სივრცეს უტოვებს - მთელი მისი კარიერა, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ამ ამოცანებთან დაახლოებას ეძღვნება და ყველა გადაწყვეტილება, ამ ამოცანებთან მიმართებით გაანალიზების შემდეგ მიუღია.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის წარმატების ფაქტორი ვერ იქნება რომელიღაც მსხვილი პარტიის წარმომადგენლობა და ამ პარტიის რეიტინგი, თუ ეს რეიტინგი მას მისი ამოცანების მიღწევაში არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის.

დღეს, სააკაშვილთან პარტნიორობა აბსოლუტურად გამორიცხავს ვარდების რევოლუციის იდეალების განხორციელებას, ამ ქვეყნის დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციას და ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციას, რამაც რესპუბლიკის დაფუძნებამდე უნდა მიგვიყვანოს.

ბელადომანია, მესიანიზმმი და რესპუბლიკა - ურთიერთგამომრიცხავია.

შესაბამისად, ურთიერთგამომრიცხავია სააკაშვილი და ბოკერია.

ბოკერია არასოდეს მისცემს თავს უფლებას საკუთარ გზას, ბოკერიას გზა დაუძახოს - ზედმეტად თავმდაბალია ამისთვის, მაგრამ რასაც სააკაშვილი ბოკერიას გზას უწოდებს, ის რეალურად რესპუბლიკის გზაა.

ამიტომ, პროცენტების დატოლება უადგილოა", - წერს ჩერგოლეიშვილი.