ავტორი:

"ჯოზეფ ბორელი საქართველოში ბოლო გაფრთხილებისთვის ჩამოვიდა" - დეკანოიძე

"ჯოზეფ ბორელი საქართველოში ბოლო გაფრთხილებისთვის ჩამოვიდა" - დეკანოიძე

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში „ბოლო გაფრთხილებისთვის ჩამოვიდა“.

აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.

"მე საერთოდ მგონია, რომ ბორელი საქართველოში ბოლო გაფრთხილებისთვის ჩამოვიდა - ხელისუფლებას უთხრას ბოლოჯერ: „თუ რეფორმებს არ გაატარებთ, მაშინ ეს ჩვენი კეთილი ნება არ არის, თქვენ უფრო გჭირდებათ“. ეს იყო დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადებები“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენლის ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასთან დაგეგმილ შეხვედრას, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პირადად აპირებს ბორელს უთხრას, რომ წინასაარჩევნოდ ევროკავშირის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

გარდა ჯოზეფ ბორელის ვიზიტისა, გადაცემაში დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვაზე.

"სალომე ზურაბიშვილმა, თქვა ის, რასაც ველოდებოდი. მას არაფერი განსაკუთრებული და კონკრეტული არ უთქვამს - საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა, კანდიდატის სტატუსის მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა და ის, რომ მას მართლაც ენდობიან, მის მიმართ აქვთ პატივისცემა ევროპელ ლიდერებს, მის გამოსვლაში ესეც ხაზგასმულია. ზოგადად ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოში წამოიწყო, ვგულისხმობ, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არ არის შედეგზე გათვლილი პროცესი. მგონია, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე შედეგი უნდა დადოს. პირველი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილისადმი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, რომელსაც ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იწყებს, დეპუტატი ამბობს, რომ იმპიჩმენტს ხმას არ მისცემს.

მისივე შეფასებით, ეს არის პროცესი პროცესისთვის.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ამ პროცესს პრეზიდენტის მიმართ რამდენიმე მიზეზის გამო იწყებს, მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური გზავნილები გაძლიერდეს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად კიდევ ერთხელ შეიქმნას დაბრკოლება.