ავტორი:

ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

ჩინეთში, ტაიფუნ "ჰაიკუის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ცხოველთა ფერმიდან 75 ნიანგი გაიქცა.

ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობამ ტბა მაომინგის ადიდება გამოიწვია, რის შემდეგაც დაიტბორა ფერმა.

ზოგიერთი გაქცეული მალევე დაიჭირეს, ზოგი კი "საფრთხოების მიზნით“ მოკლეს, თუმცა კვლავ არაერთი მტაცებელი რეპტილიაა დაკარგული. სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯერჯერობით მხოლოდ რვა ქვეწარმავლის დაჭერა მოხერხდა. ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

არსებული ინფორმაციით, ნიანგების გაქცევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ზოგიერთი გაქცეული შესაძლოა წყალსაცავებში იმალებოდეს. მაშველები მათ მოსაძებნად სონარის აღჭურვილობას იყენებენ.

მაომინგის ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ”სიტუაცია ამჟამად კონტროლის ქვეშაა, მაგრამ გაქცეული ნიანგების რაოდენობა საკმაოდ დიდია”.

  • The Washington Post-ის ინფორმაციით, გაქცეულები სიამის ნიანგების ოჯახს მიეკუთვნებიან. Crocodiles of the World-ის თანახმად, ისინი მტკნარი წყლის ქვეწარმავლები არიან, რომელთა სიგრძე სამ მეტრს აღწევს. იკვებებიან ამფიბიებით, თევზებით და მცირე ზომის ძუძუმწოვარი ცხოველებით.

ქალაქ მაომინში ნიანგების რამდენიმე ფერმა არსებობს. ეს რეპტილია განსაკუთრებით ტყავის გამო ფასობს, მისი ხორცი კი ჩინეთში დელიკატესად მიიჩნევა.