ყოველი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რამდენიმე ასეული სატრანზიტო ფრენა ხორციელდება მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მეტ-ნაკლებად ცნობილი ავიაკომპანიების სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებით, მაგრამ მათ შორისაც კი მაინც გამორჩეულია აზერბაიჯანის სატვირთო ავიაკომპანია Silk Way Airlines-ი, რომლის თვითმფრინავები თითქმის ყოველდღე სერავენ ქართულ ცას...
ამაში რა უნდა იყოს გასაკვირი, რომ არა ერთი საინტერესო პარალელი-2020 წლის 27 სექტემბრამდეც, როდესაც ყარაბაღის ბოლო ომი დაიწყო, სწორედ ამ აზერბაიჯანული ავიაკომპანიის სატვირთო "ილ-76“-ები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხშირ რეისებს ასრულებდნენ თურქეთისა და ისრაელის აეროპორტებსა და საჰაერო ბაზებზე, რისი შედეგიც კიდეც გამოჩნდა ყარაბაღის ამ ომში-აზერბაიჯანულმა არმიამ წარმატებული შეტევების განხორციელება და ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნება სწორედ თურქული და განსაკთრებით კი ისრაელის წარმოების შეიარაღებით, მათ შორის კამიკაძე-დრონებისა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების ფართოდ გამოყენებით შესძლო...
საერთაშორისო საავიაციო ინტერნეტრესურსზე Flightradar24 -ზე კარგად მოჩანს ასეთი სახის გადაფრენები, რასაც სომეხმა და რუსმა ბლოგერებმა უკვე მიაქციეს ყურადღება და ისინი არ გამორიცხავენ, რომ ყარაბაღის ბოლო ომის სამი წლის თავზე ახალი დიდი ომი შეიძლება დაიწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის...
მათ დათვალეს, რომ ბოლო ორი კვირის განამავლობაში აზერბაიჯანული ავიაკომპანიის Silk Way Airlines-ის კუთვნილმა სატვირთო Ил-76ТД-მა უკვე მეშვიდე რეისი შეასრულეს ისრაელის საჰაერო ბაზიდან უვდადან ბაქოში.
საბჭოთა/რუსული წარმოების ოთხძრავიან სატვირთო Ил-76ТД-ს 60 ტონა მაქსიმალური დატვირთვით, 4 ათასი კმ-ის დაფარვა შეუძლია.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო ბაზა უვდა ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ეილატთან მდებარეობს და იქიდან აფრენილ სატვირთო "ილ“-ს ხმელთაშუა ზღვის, თურქეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცეების გავლით ბაქომდე ჩასაფრენად მხოლოდ 2 300 კმ-მდე გადალახვა თუ უწევს ე.ი. ყოველი რეისით აზერბაიჯანის არმიის არსენალი თეორიულად 60 ტონა შეიარაღებით და საბრძოლო მასალით შეიძლება შეივსოს და თუკი ეს მაღალტექნოლოგიური იარაღია, "ჰაროპის“ კამიკაძე-დრონების, ტანკსაწინააღმდეგო მართვად"სპაიკებისა“ და მითუმეტეს ოპერატიულ-ტაქტიკურ"ლორას“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების სახით,მაშინ სომხეთის საქმე მართლაც ვერ ყოფილა კარგად...
ასეთივე სამ"ილ-76“ თავის დროზე სომხეთმაც შეიძინა, რომლითაც წლების განმავლობაში რუსეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ეზიდებოდა რუსულ საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო საჭურველს ერევანი-იუჟნისა და გიუმრის აეროდრომებზე. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთში გადასაფრენად, თუმცა გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცების როტაციისთვის რუსი გენერლები რუსული ავიაკომპანიების ჩარტერულ რეისებს მაინც იყენებდნენ და დღესაც იყენებენ.
მაგრამ, დღეს ეს მარშრუტი, რუსეთიდან სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება მოსალოდნელი დიდი ომის წინ, აღარ მოქმედებს-სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სახალხოდ აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო დახმარებას აღარ უწევს მის ქვეყანას და იძულებულია ახალი გზები ეძებოს სომხეთის არმიის მცირედით გასაძლიერებლად მაინც...
სომხეთის მთავრობას და სამხედროების ნაწილს აღარ აქვთ "დაუმარცხებელი" რუსული იარაღის დიდი იმედი (მით უმეტეს - უკრაინის ომის გათვალისწინებით) და ამიტომაც ცდილობენ, თავისი არმია ნელ-ნელა შეიარაღების დასავლურ სტანდარტებზე გადაიყვანონ, რომელიც ბევრად უფრო მეტ საბრძოლო ეფექტიანობას გამოავლენს აზერბაიჯანის არმიასთან მოსალოდნელ ახალ ომში. განაგრძეთ კითხვა