ავტორი:

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა - "თუ ჩვენი ქვეყანა ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება, აღდგება და ამაღლდება სულიერად"

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა - "თუ ჩვენი ქვეყანა ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება, აღდგება და ამაღლდება სულიერად"

გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II განცხადებაში წერს, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას, - ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს.

ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.

ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა.

მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა;

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ! „, - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.