ავტორი:

"რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის" - ექსპერტები "ედისონ რისერჩის" კვლევაზე

"რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის" - ექსპერტები "ედისონ რისერჩის" კვლევაზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება "ედისონ რისერჩის" კვლევას, რომლის თანახმად ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას მზარდი რეიტინგი აქვს.

ხუხაშვილის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანაბრად არის დისტანცირებული როგორც "ქართული ოცნებისგან", ისე "ნაციონალური მოძრაობისგან".

"რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან.ეს პოზიცია დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი. ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკიერ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის და ეძებს მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დახშული წრიდან გამოიყვანენ და უკეთესი მომავლის არჩევანს შესთავაზებენ" - წერს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენას და „ქართული ოცნების“ მარცხს შიდა ფაქტორებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებიც განაპირობებს.

"რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც კვლევის მიხედვით 5%-იან ბარიერს არიან მიახლოებულები, თუ მათ გადალახეს ბარიერი, მაშინ მათი ხმები იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლისა და ლატენტური „ქოცებისა“ და „ნაცების“ ხარჯზე. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“, დღეის მდგომარეობით დაშლილია. ელექტორატის გარკვეული ნაწილი მელიას გადმოჰყვება. როგორ შემოვა თამაშში ნიკა მელია, ესეც გავლენას მოახდენს მომავალ პოლიტიკურ პროცესზე. დაჯგუფებასაც უნდა ველოდოთ. მე იმის პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად აიღოს უმრავლესობა. დინამიკა მის სასარგებლოდ არ იმუშავებს. მარტო შიდა ფაქტორები არ განაპირობებს „ოცნების“ გარდაუვალ მარცხს, უმრავლესობა ვერ აიღოს, გარე ფაქტორებიც განაპირობებს. თუ უკრაინაში ომი ისე განვითარდა, რაც ყველა პროგნოზით ჩანს, რუსეთის მარცხით და უკრაინის წარმატებით, მაშინ „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული პრობლემები. დაიწყება სამყაროს ახლებურად გადანაწილება, რაც შიდა პოლიტიკაზეც სერიოზულ გავლენას ახდენს.

ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ადგილი ხელისუფლებაში აღარ იქნება. ოპოზიცია სულ რომ გაქრეს, სულ რომ არ არსებობდეს, ისინი ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩებიან. ომის ფაქტორი ძალიან ძლიერ გავლენას მოახდენს. იმის ძალიან მცირე შანსს ვხედავ, რომ ნორმალური არჩევნების პირობებში, „ქართული ოცნება“ ექსკლუზიურად დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა ვუშვებ იმას, რომ კოალიციის მსგავსში „ქართული ოცნება“ იყოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" "დასრულებაზე" საუბარი ნაადრევია, თუმცა ერთპარტიული მმართველობის დასასრული აშკარაა.

"არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა და ველოდები, იმედი მაქვს, რომ პარტიათა მესამე ჯგუფში, არ ვგულისხმობ "ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, მოხდება გადაჯგუფება და იქ შეიქმნება უფრო ძლიერი ცენტრი რომლისთვისაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა არ იქნება პრობლემა.

ნაადრევია ჯერ ზეიმი, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ამომრჩეველთა 2/3 ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დასრულდა, იმიტომ რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, მხოლოდ 3 პარტია გადალახავს ბარიერს და თუ ამას გავითვალისწინებთ, გახარია იქნება გადამწყვეტი, ვინ შექმნის მთავრობას, ვისთან შექმნის და ვისთან არა. მას შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ ითანამშრომლოს ანუ საკუთარი პირობები წაუყენოს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. რატომაა დარწმუნებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომ გახარია მასთან შექმნის კოალიციას და არა „ქართულ ოცნებასთან“? მიუხედავად ამ განლაგებისა, ეს მაინც პოზიტიურია, იმიტომ, რომ ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ერთპარტიული მმართველობა საქართველოში სრულდება.

უკეთესი იქნება სხვა პარტიებმაც რომ გარანტირებულად გადალახონ ბარიერი, ამიტომ არის საჭირო კიდევ ერთი ძლიერი გაერთიანების შექმნა, სწორედ ოპოზიციურ ფლანგზე. პარლამენტი იქნება უფრო ჭრელი, მაგრამ მონოპოლია ხელისუფლებაზე არ ექნება არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს.

გახარიას გარეშე, ამ გამოკითხვით, მთავრობას ვერ შექმნიან. გახარიას აქვს ოქროს მანდატები, რასაც უკარნახებს გახარია, ან ის უნდა მიიღონ ან მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე, დღევანდელი კონსტიტუცია ამას ლაპარაკობს. მე თუ მაქვს ოქროს მანდატები, შემიძლია მოვითხოვო პრემიერის პოსტიც, უნდა ვივაჭრო "ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც დამითმობს პრემიერის პოსტს, იმასთან გავაკეთებ კოალიციას“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია "ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 37%; "გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; "საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.