ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილი ახლა პოლიტიკურ შოკოლადშია" - გია ხუხაშვილი

"სალომე ზურაბიშვილი ახლა პოლიტიკურ შოკოლადშია" - გია ხუხაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ახლა პოლიტიკურ შოკოლადშია, მას იმპიჩმენტს გამოუცხადებენ თუ ვერ გამოუცხადებენ, ყველა შემთხვევაში მოგებულია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, მას ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება.

"პოლიტიკურად მოგებულია იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ის იწერს პოლიტიკურ ქულებს ოპოზიციურ ელექტორატში. თუ ვერ გამოუცხადებენ იმპიჩმენტს, მას ეწერება დამსახურებად, თუ ცუდად წავიდა საქმე, მასზე პასუხისმგებლობა არ არის, რადგან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტატუსი მიგვეღო. იქნება გარკვეულწილად ძალის დემონსტრირება, რომ მან ხელისუფლება დაამარცხა იმპიჩმენტისთვის ბრძოლაში. თუ იმპიჩმენტი გამოუცხადეს, მას ექნება ერთგვარი უსამართლოდ დაზარალებულის მანტია

ეს ადამიანი უბრალოდ მთლიანად შეიცვალა ბოლო 2 წლის განმავლობაში. მისი პრეზიდენტობის პირველი წლები, გამომდინარე მორალური ვალდებულებებიდან ხელისუფალთან, იყო სულ სხვა, მაგრამ როგორც კი მან რუბიკონი გადალახა და გახდა ნამდვილად პრეზიდენტი, ამის შემდეგ მან აჩვენა პოლიტიკური კლასი და დღემდე აჩვენებს. რაც მთავარია სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის მუშაობს და არ ეპუება ხელისუფლების ისტერიკას ამასთან დაკავშირებით. ეს მოსწონთ ადამიანებს და თუ გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, მე ვფიქრობ, რომ მას ექნება ყველაზე მაღალი რეიტინგი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში“ პოლიტიკური პროცესების ანალიზისას 2024 წლის არჩევნებისთვის პარტიების "ლელოსა“ და "საქართველოსთვის“ პოტენციალზეც ისაუბრა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, "ლელოსა“ და პარტია "საქართველოსთვის“ გაერთიანება იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

"მე ვფიქრობ, რომ "ლელოს“ ექნება დაახლოებით იგივე შედეგი, რაც გახარიას. დღეის მდგომარეობით გახარიას დიდი, რადიკალური ზრდის პოტენციალი არ აქვს იმიტომ, რომ აქვს სისტემური ხარვეზები, 20 ივნისი და ა.შ. ამის გამო ოპოზიციური ელექტორატის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მას არასოდეს არ გაჰყვება და არ ენდობა "ლელოსგან“ განსხვავებით. ლელოსადმიცაა პრეტენზიები, მაგრამ ეს არის წმინდად მოგონილი თემები. სახელისუფლებო პროპაგანდამ შექმნა ნარატივი, რომ არის მევახშე. კონკრეტული დასაბუთებული კომპრომატი არ არსებობს. იდეალურ ვარიანტში გახარია და "ლელო“ ერთად იქნებოდა სინერგიის შემცველი ვარიანტი. მათი რეიტინგი რაც ცალ-ცალკე აქვთ იმის ჯამი კი არ იქნებოდა, კიდევ ორზე უნდა გაგვემრავლებინა იმდენი იქნებოდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.