ავტორი:

რუსეთმა შესაძლოა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდოს

რუსეთმა შესაძლოა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდოს

"რუსეთის ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ერთიანი ოპერატორის, Inter RAO-ს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან კომპანია მზადაა შეზღუდოს, ან მთლიანად შეაჩეროს ელექტროენერგიის მიწოდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებს გარეთ - ჩინეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში" - ამის შესახებ Inter RAO-ს წარმომადგენელმა, ალექსანდრა პანინამ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ კონტრაქტორებს გაუგზავნა წინადადება ელექტროენერგიის ფასის 7%-ით გაზრდის შესახებ, რაც რუსეთის მთავრობის მიერ შემოღებული საექსპორტო გადასახადებითაა გამოწვეული. ვინც დათანხმდება გაზრდილი ტარიფის გადახდას, მათ ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გაუგრძელდებათ, ხოლო ვინც არა, მათთვის შეზღუდვებს შემოიღებენ, ან მიწოდებას საერთოდ შეუწყვეტენ.

დათანხმდა თუ არა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლება გაზრდილი ტარიფით ელექტროენერგიის მიღებას, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ცხინვალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ერთადერთი წყაროა.

პარალელურად, Inter RAO აგრძელებს ელექტროენერგიის მიწოდებას მონღოლეთისთვის, რადგან ხელისუფლება ფასის გაზრდას დათანხმდა.