ხუთშაბათს აშშ-სწარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას და დაამტკიცა. როგორც გამოცემა Politico იუწყება, ეს თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 826 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი. იმის მიუხედავად, რომ ორივე პროექტი დამტკიცდა, დემოკრატები შიშობენ, რომ კანონპროექტების ცალ-ცალკე განხილვას რუსული პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს.
“რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე,” - განაცხადა დემოკრატმა ადამ სმიტმა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვიტეს ამოეღოთ 300 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინისთვის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტიდან და ცალ-ცალკე მიეცათ ხმა. უკრაინის დახმარება პოლიტიკურად სადავო გახდა, რესპუბლიკელებმა შეაფასეს მანევრი უკრაინისთვის ცალკე კანონმდებლობის შესაქმნელად.
"ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ამერიკამ უკრაინასთან მიმართებაში ავღანეთზე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას, რასაც შედეგად, დომინოს პრინციპით, ჯერ კიდევ მოქმედი საერთაშორისო სამართლის, ავად თუ კარგად ფუნქციონირებადი უსაფრთხოების სისტემის, მთელი მსოფლიო რუკის გადაწერა მოჰყვება“, - დაწერა სოციალურ ქსელში უსაფრთხოების ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელიც ambebi.ge-სთან ვრცლად განმარტავს, რა საფრთხეებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას.
"აშშ-ში მიმდინარეობს 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა და ჯერჯერობით ვერ მოხერხდა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეჯერება ბიუჯეტზე. განსაკუთრებით საკამათო გახდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ნაწილი, რაშიც განსაკუთრებით აქტიურობდა ტრამპის მომხრეთა ჯგუფი, თუმცა მათ შორის, ვინც უკრაინის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, დემოკრატებიც აღმოჩნდნენ. ამიტომაც ბიუჯეტის მიღებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, დროებით 45-დღიან ბიუჯეტზე შეჯერდნენ, რა დროსაც უნდა მოხერხდეს ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრებზე შეთანხმება. პრეზიდენტმა ბაიდენმაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა საბოლოო ბიუჯეტში უკრაინის დახმარების თანხები მოხვდეს. გუშინ რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ერთად გადააყენეს სპიკერი კევინ მაკარტი, რომელიც რესპუბლიკელთა მხრიდან უკრაინის დახმარების მხარდამჭერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ მას იმედი ჰქონდა, მაკარტი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ 45 დღის შემდეგ აშშ-ს ბიუჯეტში უკრაინის დახმარებამ თავისი ადგილი ჰპოვოს, რადგან უკრაინის მიტოვება წარმოუდგენელია.
ახალ სპიკერს ასარჩევად აუცილებლად დასჭირდება დემოკრატების ხმები.
ახლახან ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სპიკერის კანდიდატად უკვე დაასახელა დონალდ ტრამპი, ვინაიდან ამერიკის კანონმდებლობით სპიკერი შეიძლება იყოს არაკონგრესმენიც (მართალია, მას თითქმის არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე იმიჯურად წაადგება).
ავღანეთის თემასთან პარალელი იმიტომ გავავლე, რომ ავღანეთიდან აშშ-ს ფორსირებული გამოსვლა ამერიკის იმიჯისთვის დამანგრეველი იყო, ვინაიდან ბევრისთვის, მათ შორის, ევროპელი პარტნიორებისთვის ამერიკის მოულოდნელი გადაწვტილებით, მძიმე დღეში აღმოჩნდნენ არა მარტო ავღანელების ის ნაწილი, რომელიც ადგილზე აშშ-ს ბაზებთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდა, არამედ ევროპელი პარტნიორებიც, რომლებსაც ნაჩქარევად, მოუმზადებლად და უსაფრთხოების სერიოზული რისკების ქვეშ მოუწიათ ავღანეთის დატოვება. ეს აშშ-ს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იყო და როცა პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ერთ-ერთი, რასაც მისი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იყო ის, რომ ამდაგვარი ამერიკა უკრაინის დასაცავად აქტიურ ზომებს არ მიიღებდა. დასავლური პრესაც იმას წერდა, რომ პუტინს მიაჩნდა, რომ უკრაინას დასავლეთი გვერდში არ დაუდგებოდა, ვინაიდან ავღანეთიდან ასეთი გამოსვლა ამერიკის სისუსტედ ჩათვალა.
მაგრამ ავღანეთში ამერიკის მოქმედებები არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას, ეს მართლა გამოიწვევს მსოფლიო რუკის გადაწერას - ჯერ ერთი, საერთოდ ჩამოიშლება ამერიკის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, ეს ძალიან სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და ყველა ტიპის ავტორიტარულ რეჟიმს დაპყრობითი ომების დასაწყებად იმპულსს მისცემს, საერთაშორისო სამართალიც რეალურად შეწყვეტს მოქმედებას და უსაფრთხოების ყველა სახის ბერკეტიც მოიშლება.
ამერიკის პოლიტიკური ელიტა, დარწმუნებული ვარ, ამას ხვდება. თანაც შარშანდელი ბიუჯეტის ფორმირების დროსაც შეიქმნა ამდაგვარი კრიზისი და ამერიკელებს დამატებითი 45-დღიანი ვადით სარგებლობა საბოლოო ბიუჯეტის მიღებამდე ადრეც მოუწიათ, მაგრამ დაძლიეს. წლევანდელ საბიუჯეტო კრიზისს ამძიმებს ის, რომ საარჩევნო წელია და მაშინ, როცა აშშ-ში, მოსახლეობის გამოკითხვებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც უკრაინის ფინანსურ დახმარებას ემხრობა, პოლიტიკოსები იძულებულნი არიან საკუთრ გადაწყვეტილებებში ამომრჩევლის განწყობები ასახონ. შარშან და შარშანწინ გაცილებით მაღალი იყო აშშ-ს საზოგადოებაში მათი რიცხვი, ვინც არა მარტო უკრაინის ფინანსურ დახმარებას ემხრობოდა, არამედ იმასაც კი უშვებდა, რომ აუცილბელობის შემთხვევაში ამერიკა სამხედრო ძალითაც დახმარებოდა უკრაინას. წელს ეს რიცხვი არსებითად შემცირებულია, ამიტომაც როგორც რესპუბლიკელებს, ისე - დემოკრატებს საკუთარი ამომრჩევლის განწყობის გათვალისწინება უწევთ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს წინასაარჩევნო საჩვენებელი დაპირისპირებაა, ამომრჩევლისთვის გადახდილი ხარკია და საბოლოოო ბიუჯეტში უკრაინის ფინანსური დახმარების სოლიდური პაკეტი მაინც მოხვდება. სხვაგვარად, ეს მართლაც არნახული მასშტაბის გეოპოლიტიკურ კატასტროფას გამოიწვევდა, რაც ლოგიკურად, ამერიკამ არ უნდა დაუშვას.
დომინოს პრინციპში ვიგულისხმე ის, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფინანსურ დახმარებას, თავისთავად, ამერიკის კვალდაკვალ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშიც უკრაინის დახმარება არსებითად შემცირდება. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ახლა რუსეთისთვის დათმობა ნიშნავს მისთვის მწვანის ანთებას მომავალში უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განხორციელების მიმართულებით. ასევე, ეს იქნება მწვანე შუქი ჩინეთისთვისაც ტაივანის საკითხში - ახლა დასავლეთი და აშშ თუ უკან დაიხევს, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისად, ჩინეთსაც გზა ხსნილი აქვს ტაივანის მიმართულებით.
საბოლოოდ, ძალიან ბევრი არგუმენტია საიმისოდ, რომ ამერიკამ გააგრძელოს უკრაინის დახმარება. არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ამერიკელებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ეს არის კორუფციის მასშტაბები უკრაინაში, რომლის გამოც სერიოზული უკმაყოფილებაა ამერიკელების, ასევე ევროპელების მხრიდან. არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდეს და განეიტრალდეს ის კორუფციული სქემები, რომლებიც მათ სერიოზულ კითხვის ნიშნებს უჩენს - სად მიემართება დასავლური ფინანსური, სამხედრო და ამუნიციის დახმარების ნაწილი და ხომ არ ხდება კორუფციული გზებით მისი დატაცება. ვიდრე უკრაინაში ახალი ფინანსური და სამხედრო დახმარებები წავა, ამერიკელები ითხოვენ სერიოზულ გარანტიებს, რომ ის დანიშნულებისამებრ მიემართოს“.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინისპრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს. "ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის წარმოებისთვის ახალი თავდაცვის ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთად კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. ამას ექნება გლობალური დადებითი შედეგები", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ამ ინიციატივას ხათუნა ლაგაზიძე ნებისმიერ შემთხვევაში იმედისმომცემს უწოდებს.
"მეტსაც გეტყვით - არა მარტო აშშ-მ, საფრანგეთმა და გერმანიამაც განაცხადეს მზაობა, რომ უკრაინაში ერთობლივი საწარმოები გაიხსნას როგორც თავდაცვითი იარაღის წარმოების, ასევე მათი გარემონტების მიზნით. ფაქტი ისაა, რომ უკრაინას სჭირდება და უახლოესი წლების განმავლობაშიც დასჭირდება ეს შეიარაღება. დასავლეთისთვისაც გაცილებით ნაკლები ფინანსური ტვირთია, თუ უკრაინა თვითონ დაიწყებს მისთვის აუცილებელი შეიარაღების წარმოებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იმედისმომცემი ნაბიჯია: იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატოს წევრი გახდება, უკრაინაში წარმოებული იარაღი ნატოს სამხედრო რესურსს წაადგება და თუ უკრაინის ნატოში გაწევრება დროში გადავადდა, მას ექნება იმგვარი შეიარაღება, რომელიც რუსეთს დააფიქრებს შემდგომი აგრესია განახორციელოს, თუ - არა. გარდა ამისა, უკრაინიშივე სარემონტო ქარხნების აშენება და ადგილზე დაზიანებული იარაღის და მძიმე ტექნიკის შეკეთება გაცილებით იაფი უჯდება დასავლეთს, ვიდრე მათი ტრანსპორტირება თუნდაც პოლონეთში და იქ გარემონტება“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.