ავტორი:

"2007 წლის 7 ნოემბრს სააკაშვილი კარვის დანახვაზე ისე  გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად?.. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა?" - ზვიად ძიძიგური

"2007 წლის 7 ნოემბრს სააკაშვილი კარვის დანახვაზე ისე  გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად?.. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა?" - ზვიად ძიძიგური

ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს ახალ შეზღუდვებს უწესებს და "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ'' კანონში ცვლილების შეტანას აპირებს. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება დროებით კონსტრუქციების მოწყობა, კანონის დარღვევა კი ითვალისწინებს საგნის კონფისკაციას, ფულად ჯარიმებას, ან პატიმრობას. ამ ცვლილებების მიზეზი კი, როგორც ირკვევა და როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გარკვეული ჯგუფები "დესტაბილიზაციას და კარვების ქალაქის მოწყობას გეგმავენ."

ახალი ცვლილებებით ხელისუფლება, პრაქტიკულად, მასობრივი დკავებების სერიას აანონსებს. ოპონენტები აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსული კანონის სახეცვლილ ვერსიად აფასებენ, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ასამარებს.

ცნობისათვის:

ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან "ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

"ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე "ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

აღნიშნულ ინიციატივას ambebi.ge-სთან პოლიტიკოსი ზვიად ძიძიგური აფასებს, რომელიც წლების განმავლობაში ქუჩიდან იბრძოდა. ის ამბობს, რომ ეს "საკანონმდებლო ქირურგია“ ისევ "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშავებს, ვინაიდან არ ერთი ხელისუფლებისთვის ეს არ დამთავარებულა იმ შედეგით, რასაც ის წინასწარ თვლიდა.

"ახალი ამბავი არაა, როცა ხელისუფლება ცდილობს ამ მიმართულებით - შეკრებების და მანიფესტაციის მიმართულებით გაამკაცროს კანონი. ჯერ კიდევ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეროვნული მოძრაობის გააქტიურების დროს დაიწყო შეკრებისა და მანიფესტაციების შეზღუდვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, პირიქით, უფრო უარესი შედეგი მიიღეს - მეტად გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა, იყო ძლიერი გამოსვლები და მანიფესტაციები. ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა შეკრებების მიმართ შიში. გადატრიალების შემდეგ, როდესაც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო მიტინგები იმართებოდა, ამ ადამიანებს ტყვიამფრქვევებით და ავტომატებით ვერ შლიდნენ. იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები არ მუშაობს.

როცა ხალხს უნდა გამოსვლა - გამოდის. იგივე მახსოვს სხვადასხვა დროს - შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც... გაგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა სწორედ კარვების დადგმის გამო დაიწყო სააკაშვილმა - კარვის დანახვაზე ისე გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად, გახსოვთ, ალბათ. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა? პრაქტიკამ არა ერთხელ აჩვენა, რომ აკრძალვა პირიქით მუშაობს. აკრძალვა, ჯერ ერთი, ვერავის შეაშინებს, მეორეც, ხალხი კიდევაც რომ დააჯარიმო, ან დააპატიმრო, მაინც არაა გამოსავალი.

ეს საკანონმდებლო ქირურგია, რომელსაც ეწევა ხელისუფლება, ამ საზოგადოებაში ვერ იმუშავებს, ეს სხვა საზოგადოებაა, ხალხი შეცვლილია, ეს ახალგაზრდობა თავისუფლებაშია გაზრდილი და ჩამოყალიბებული, ამ ადამიანებს ადვილად ვერ შეაშინებ და ვერც ევროპაზე ათქმევინებ უარს. იცით, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დაემსგავსა იმ ხელისუფლებას, რომელიც სწორედ ტოტალიტარული მმართველობის ფორმით გამოირჩეოდა და რომელიც შეკრებებთან და გამოხატვის თავისუფლებასთან მწყრალად იყო, ამას ძალიან გაღიზიანებით პასუხობდა. ეს ხელისუფლების სიძლიერის დადასტურება არ არის, ეს არის იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება შეშფოთებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სურს ისინი ასეთი ტიპის ქირურგიული ჩარევით შეაჩეროს.

დარწმუნებული ვარ, ამას არ მოჰყვება პოზიტიური შედეგი ხელისუფლებისთვის, მათ სასიკეთოდ არ დასრულდება, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. არც ერთი ხელისუფლებისთვის ეს არ დამთავარებულა იმ შედეგით, რა შედეგსაც ხელისუფლება წინასწარ თვლიდა. ეს იმ სულისკვეთების გაგრძელებაა, რომ ხელისუფლებას სურს შეზღუდოს ოპოზიციის და, თუ გნებავთ, არასამთავრობოების სამოქმედო არეალი. კიდევ ვიტყვი, რომ ყველა ასეთი ტიპის აკრძალვა და შეზღუდვა საპირისპირო შედეგით მთავრდება ხოლმე და ახლაც არ მგონია, განსაკუთრებული ვნახოთ. ეს ცვლილება ისევ "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშავებს“.