ავტორი:

"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში და მერაბ ტურავას შენიშვნა დაპირისპირებულ მხარეებს

"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში და მერაბ ტურავას შენიშვნა დაპირისპირებულ მხარეებს

არ გინდათ ეს დისკუსიები, ამას მთელი საზოგადოება უყურებს და ჰგონია, რომ აქ ცირკი და სანახაობაა, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას სხდომის მონაწილეებს პლენუმის თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

ტურავამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წარდგინების ერთ-ერთი ავტორის, "ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის კითხვას სხდომის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კერძოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოხანაშვილმა ჰკითხა, მიმდინარე საქმეში ისინი საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენენ, თუ მისი უფლებამოსილების განმახორციელებლები არიან. მოგვიანებით პლენუმის თავმჯდომარემ აღნიშნული კითხვა განხილვიდან მოხსნა, თუმცა მანამდე სხდომის მონაწილეებმა საკითხზე იდავეს.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა ოხანაშვილს უთხრა, რომ “მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან”.

“უფლებამოსილების წარმომადგენლობას ამოწმებს პატივცემული სასამართლო. როდესაც წარმომადგენლობის უფლებამოსილების განსაზღვრა ხდებოდა, მაშინ უნდა გეზრუნათ ამ საკითხზე. მაშინ მდუმარედ იყავით, ამიტომ ახლა ამ საკითხზე პასუხს არ გცემთ. დადგენილი ფაქტია, სამართლებრივად და ფაქტობრივად, დღეს ვის წარმოვადგენთ. გადადით შემდეგ კითხვაზე”, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არაა ვალდებული, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოკვლევას დაუბრუნდეს, რაზეც ოხანაშვილმა უთხრა, რომ „დოკუმენტის ვალიდურობას არ ასაჩივრებს“.

"საკონსტიტუციო სასამართლოში რომ მობრძანდებოდით, ბატონი ანრი, სამართალწარმოების წესებში უნდა ჩაგეხედათ. ბატონი ანრი ამ ყველაფერს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა კოპალეიშვილმა, რაზეც პლენუმის თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მიუთითა, რომ კორექტული არაა.

კოპალეიშვილის შეფასებით, ის, რასაც ოხანაშვილი საუბრობს, სიტყვათა თამაშია, რაზეც კითხვის ავტორმა უთხრა, რომ ეს ასე არ არის.

"ანუ არ წარმოადგენთ საქართველოს პრეზიდენტს, ხართ წარმომადგენელი. სიტყვათა თამაში კი არაა, გეკითხებით, წარმომადგენელი ხართ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს არ წარმოადგენთ?“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეპლიკით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც, რომლის მისამართითაც მაია კოპალეიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „თქვენ იმპიჩმენტის პროცედურით, ბატონო ირაკლი, სახელმწიფოს ინტერესებს ეთამაშებით, ვის თამაშზე საუბრობთ?“.

კობახიძემ კი მას შემდეგნაირად უპასუხა: „როცა დაბრუნდებით ხელისუფლებაში, მაშინ ისაუბრეთ პოლიტიკურ თემებზე“.

მას მაია კოპალეიშვილმა უთხრა, რომ თანამდებობებზე საკმარისად იყო და „არსად დაბრუნებას არ აპირებს“.

"ვიცით, ვიცით, არც დაგაბრუნებთ არასდროს“, - მიმართა მას კობახიძემ.

წაიკითეთ ასევე: