ავტორი:

"მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი... 6 წელი ევროპაში ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი, საჩხერეში წავედი" - როგორ ცხოვრობს რეალურად "ბიზნესმენის სიდედრი" ცნობილი სერიალიდან

"მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი... 6 წელი ევროპაში ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი, საჩხერეში წავედი" - როგორ ცხოვრობს რეალურად "ბიზნესმენის სიდედრი" ცნობილი სერიალიდან

ფიქრია ლომიძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" ნაზის როლით გაიცნო. ეკრანზე გამოჩენამ, მაყურებლის სიყვარულთან ერთად, პოპულარობაც მოუტანა. როგორ იქცა დეპრესიული ქალი ძლიერ, მებრძოლ დედად და როგორია მისი რეალური ცხოვრება? - ამის შესახებ მსახიობი თავად გვიამბობს.

- ქალბატონო ფიქრია, "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიებში აქტიურია თქვენი გმირი. პერსონაჟის საოცარი გარდასახვაც მოხდა, რაც სათამაშოდ გაცილებით საინტერესო იქნება, არა?

- მიხარია, რომ ჩემი პერსონაჟის ხაზი გააქტიურებულია. მეორე წელია, ამ სერიალში ვთამაშობ. დედა-შვილი - ახალი პერსონაჟები შემოვედით და დღემდე საინტერესო ამბებით მოვედით. კარგია, ამ სერიალთან თანამშრომლობის ბედნიერება ხანმოკლე რომ არ აღმოჩნდა.

- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი ხართ, მაგრამ კასტინგებზე სიარულითა და აქტიურობით დიდად არ გამოირჩევით. მიამბეთ, ამ როლზე როგორ დაგამტკიცეს?

- დრამატული თეატრის მსახიობი ვარ. 90-იან წლებში ვსწავლობდი, სტუდენტობის და შემდგომ პერიოდშიც თეატრებში ვთამაშობდი. ჯერ შავგულიძის სახელობის დამოუკიდებელ თეატრში ვიყავი, შემდეგ - ახმეტელში. იმ წლებში სატელევიზიო სერიალების გადაღება ნაკლებად ხდებოდა. შემდეგ ოჯახური მდგომარეობის გამო, 6 წელი ევროპაში გახლდით. იქიდან რომ დავბრუნდი, თბილისში აღარ გავჩერებულვარ, საჩხერეში წავედი და ჩემი საქმის კეთება იქ გავაგრძელე. არ აქვს მნიშვნელობა, სად იცხოვრებს ადამიანი. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ოჯახისთვისაც და ჩემი თავისთვისაც აქ უფრო საჭირო ვიყავი.

სერიალში ჩემს პერსონაჟზე კასტინგი რომ გამოცხადდა, ინფორმაცია "ფეისბუკ"-მეგობრის, პაატა ქვლივიძის გვერდზე ვნახე. ჯერ მას დავუკავშირდი, შემდეგ - ეკა მჟავანაძეს. გადმომიგზავნეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ვიდეო ჩავწერე. ამის შემდეგ მალევე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. იმედი მაქვს, ჩემი პერსონაჟი მომავალში უფრო და უფრო საინტერესო იქნება.

- იმერელი ქალის თამაში რთული არ იქნებოდა. პროტოტიპი გყავთ?

- არა, ზოგადი სახეა შექმნილი. ამ პერსონაჟზე მუშაობის პროცესში, ძალიან კარგი რჩევები მივიღე ეკა მჟავანაძისგან, რაც ბუნებრივია, გავითვალისწინე.

- თქვენს პერსონაჟთან მსგავსებას, საერთო პიროვნულ თვისებებს პოულობთ?

- ნაკლებად. ის დეპრესიული ადამიანია, მე იუმორი, ხუმრობა მიყვარს. თუმცა ახლა ჩემს პერსონაჟს დეპრესია სადღა ახსოვს, ძლიერი ქალი გახდა, ერთადერთი შვილის ციხეში მოხვედრამ რადიკალურად შეცვალა, მებრძოლ ადამიანად აქცია. მან ყველაფერი გააკეთა შვილის ბედნიერებისთვის.

- როგორი იყო თქვენი გარემოცვის რეაქცია, როდესაც ეკრანზე გამოჩნდით?

- ცნობადობას თან დიდი სიხარულიც სდევს. ხანდახან სერიალი სულ არ გახსოვს, შენთვის ხარ, სადღაც, რაღაც საქმეზე მიდიხარ, ამ დროს ქუჩაში ვიღაც გაჩერებს და გეუბნება, რომ გიყურებს, გგულშემატკივრობს - ეს ძალიან სასიამოვნოა. მოსწავლეები მყავს და ეკრანზე რომ მხედავენ, უხარიათ. მაყურებლისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. უმრავლესობა ამ სერიალში ისე ძალიან არის ჩართული, ყველა მისვამს შეკითხვას, შემდეგ სერიებში რა იქნება? ჩემი პერსონაჟის ცხოვრებაში რა მოხდება? მაყურებელი ხშირად რომ გხედავს, უკვე თავისიანად, შინაურად გთვლის.

- რა განცდა გაქვთ, როდესაც ეკრანზე საკუთარ თავს უყურებთ?

- ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ყოველთვის ვცდილობ დავინახო რაღაც ისეთი, რასაც შემდეგში გამოვასწორებ. კომენტარებსაც თვალს ვადევნებ. იქნებ ისეთი რამ ეწეროს, რაც მე, როგორც მსახიობმა უნდა გავითვალისწინო. მოკლედ, კარგი მოსწავლესავით ვიქცევი და სულ ვცდილობ, რეჟისორი არ გავაწბილო.

- მოსწავლეები ახსენეთ. ვხვდები, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით.

- დიახ, საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. გარდა ამისა, 2017 წლიდან მაქვს საბავშვო თეატრი, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობ, რეჟისურის მიმართულებაც ჩემს თავზე მაქვს აღებული. ძალიან აქტიური დასია, არაერთ ფესტივალზე გავდივართ და გვაქვს წარმატებებიც. ამასთან, საჩხერეში არსებობს დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. უკვე მეორე წელია, ცენტრის ხელმძღვანელის თანადგომით, მათთან გავაკეთე ინტეგრირებული თეატრი და ამ პროექტმა ძალიან გაამართლა. ახლახან ხონში ვიყავით ფესტივალზე, სადაც დიდი მოწონება დავიმსახურეთ. ამ ეტაპზე დროებით ვმუშაობ საჩხერის მე-3 საჯარო სკოლაში, ხელოვნების პედაგოგად. გავლილი მაქვს ტრენინგები, თავადაც დღემდე ვსწავლობ. მოკლედ, ასეთია ჩემი ცხოვრება.

- დროის მენეჯმენტი არ გიჭირთ?

- არა. როგორც სერიალიდან, ასევე სამსახურებიდან დიდი ხელშეწყობა მაქვს.

- ევროპაში რა მიზნით იყავით წასული?

- ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ოჯახის საჭიროებიდან იყო გამომდინარე, პროფესიასთან კავშირი არ აქვს. სწორედ ევროპაში ვისწავლე დროის მენეჯმენტი, ბევრ რამეს სხვაგვარად შევხედე.

- საოცნებო როლი არ გაქვთ?

- არა. სტუდენტობიდან მოყოლებული, როლები არასდროს მაკლდა და ახლა ბავშვებს რომ ვასწავლი, ალბათ პირველი მე გავდივარ იმ როლს. ყველა როლი საოცნებოა, რომელსაც გასაღებს მოარგებ. ჩემი თავი ყველა ჟანრში მაქვს მოსინჯული. მგონი, კომედიასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დრამასთან. ბუნებით მხიარული გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი გამომეტყველება მაქვს.

- როდესაც პროფესიას ირჩევდით, მაშინ მსახიობობა პოპულარული პროფესია არ იყო. ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- რაიონში ხომ საერთოდ არ იყო სასურველი პროფესია. საქართველოს დამსახურებული არტისტი დავით გაჩეჩილაძე დედაჩემის ძმა გახლდათ. ჩემი ოჯახისთვის ეს გარემო უცხო არ იყო. არც დაუშლიათ და არც აღფრთოვანებულან ჩემი არჩევანით. მათ უნდოდათ, პედაგოგი გამოვსულიყავი (მოგვიანებით ასეც მოხდა), მე კი მიზნად სამსახიობოზე ჩაბარება დავისახე და წვალებით, მაგრამ სურვილი, რომელზეც ხმამაღლა არასდროს ვლაპარაკობდი, ავისრულე. დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ოჯახის წევრები არიან.

- ბიძათქვენს რა დამოკიდებულება ჰქონდა? მოგვიანებით ალბათ, მისგან პროფესიულ რჩევებსაც იღებდით?

- დიდად გაგიჟებული არ იყო იმაზე, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ბიძაჩემი აფხაზეთში ცხოვრობდა, სოხუმის თეატრში თამაშობდა, მე საჩხერეში ვიყავი და მის სპექტაკლებს ხშირად ვერ ვესწრებოდი. შემდეგ, როდესაც ლტოლვილები გახდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ, სტუდენტი ვიყავი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, პროფესიულ გზას აღარასდროს გადავუხვევდი, სულ მხარში მედგა, ჩემი პირველი კრიტიკოსი იყო. სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. როცა ახმეტელის თეატრში გადავედი, ჩემს სპექტაკლებზე სულ მოდიოდა და კრიტიკული თვალით მიყურებდა, ყოველთვის საჭირო შენიშვნებს მაძლევდა. ადამიანი ხომ საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობს. გადასაღებ მოედანზე გამოცდილი მსახიობისგან დღესაც შემიძლია მივიღო რჩევა და გავითვალისწინო. თავმდაბალი ვარ. შენ შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდე, მაგრამ იმ კონკრეტულ ეპიზოდს მაყურებელი სხვაგვარად აღიქვამდეს. ამ შემთხვევაში, შენ გვერდით მდგარი მსახიობი შენი მაყურებელია და როცა მას ცოდნა, გამოცდილება აქვს, რჩევის მიღება არ უნდა ითაკილო.

- გადაღებების პროცესი როგორია? კადრს მიღმა ალბათ, ბევრი სახალისო ამბავი რჩება.

- რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ჩემი, ნუნუკას (ქეთი ჩხეიძე) და ბონდოს (გია გოგიშვილი) ჩხუბის სცენა იყო ძალიან სახალისო. ჩვენ უკვე ვიცით ერთმანეთის ხასიათი, დამოკიდებულება საქმისადმი, რეპლიკაც კი, რომელიც იმპროვიზაციის საშუალებას ხშირად იძლევა. როცა ადამიანი ამ პროფესიას ირჩევს, გადასაღებ მოედანზე დაღლა, გაუსაძლისი ამინდი და კიდევ სხვა ბევრი დისკომფორტის შემქმნელი დეტალი არაფერია. ფსიქოლოგიურად ამას მსახიობის გონება შეჩვეულია. ეს დაღლა სცენაზე აპლოდისმენტით მთავრდება, ფილმში - მაყურებლით. მოგეხსენებათ, ეკრანზე რომ გამოვჩნდი, ერთი დეპრესიული დათრგუნვილი ქალი ვიყავი, მაგრამ არ ჩანს, რატომ ვიყავი ამ მდგომარეობაში? იმედია, ამას მომავალში გავიგებთ...წაიკითხეთ სრულად