ავტორი:

"ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება..." - ია ფარულავას ინტერვიუ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, რისკსა და ახალ გადაცემაზე

"ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება..." -  ია ფარულავას ინტერვიუ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, რისკსა და ახალ გადაცემაზე

"ეს ახალი გადაცემა, ალბათ, ასაკმა და დადინჯებამ მოიტანა. აქ ადამიანები მოდიან ისტორიებით... მათ შორის როგორც საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი, ასევე ნაცნობი სახეები, ან ისეთი ხალხი, ვისაც მხოლოდ ერთი კუთხით ვიცნობთ და მათი ცხოვრების სხვა ასპექტებზე არაფერი ვიცით. ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრების გზა“, - გვეუბნება მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა. მან "ფორმულას“ ეთერში ახალი შოუ "მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ დაიწყო, რომლის პირველი გადაცემა შოკისმომგვრელიც კი აღმოჩნდა. ეს იყო სასულიერო პირის აღსარება...

ტელეწამყვანს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ Ambebi.ge შეხვდა...

ია ფარულავა:

- კი, გვაქვს გულახდილი საუბარი - არის ბოდიში, პატიება, სიყვარული, სინანული, აღიარება და ტვირთისგან გათავისუფლება. გადაცემაში რაღაცები დასრულდება და თავისი სახელები დაერქმევა, რაღაცები კი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ლაპარაკიც ხომ ერთგვარი თერაპიაა. რამდენიმე გადაცემა ჩავწერეთ და უკვე გამოჩნდა, რამდენად გულახდილები არიან რესპოდენტები.

- პირველმა გადაცემამ მართლაც შოკი გამოიწვია. სტუმრად გყავდათ შევარდნაძის ეპოქის მაღალჩინოსანი, სანდრო კავსაძე აწ უკვე ბერი მამა ილია კავსაძე.

- კი, ექსკლუზივებით სავსე გადაცემა იყო. არხის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტებიც შოკში იყვნენ, რადგანაც ეს ადამიანი მანამდე ვერავინ დაითანხმა, რომ სტუმრად მოსულიყო და თავის ცხოვრებაზე ასე გახსნილად ესაუბრა. გადაცემის პროდიუსერებმა ამისთვის სერიოზული შრომა გასწიეს. როცა მაქებენ, ია, რა კარგი სტუმარი გყავდა, ეს მე არ მეხება, ამას ჩემი პროდიუსერები შესანიშნავად აკეთებენ. კარგი გუნდია (მაია გუნაშვილი, თამთა წურწუმია, ნონა დათეშიძე).

ფორმატი თავდაპირველად ცოტა მეხამუშა. მიჩვეული ვიყავი ეთერში ხუმრობას, უფრო ბევრ ლაპარაკს, ახლა ეს ყველაფერი აქ ჩახსნილია. ია ფარულავა უფრო სერიოზული, დადინჯებულ-დაბრძენებულია. მიუხედავად იმისა, რომ მამა ილიას ჩაწერისას ჩემი მხრიდან მაინც იყო ჩემ სტილში ხუმრობა, რასაც სტუმარი კარგად წამოყვა, ფანტასტიკური იუმორი აქვს, იქიდან გადაცემაში არაფერი დარჩა, ამოჭრეს...

- მოკლედ, ისე მოხდა, რომ სასულიერო პირმა, ფაქტობრივად, აღსარება ჩაგაბარათ. ემოციურად რა იყო ეს თქვენთვის?

- კი, მან აღსარება ჩამაბარა... ეს გადაცემაში ვთქვი კიდეც და მსგავსი აზრი სტუდიაში მყოფ მაყურებელსაც გაუჩნდა. როდესაც მას ვუსმენდი, სულ იმას ვფიქრობდი, ნუთუ ეს ადამიანი მაღალჩინოსანი იყო, გენერალი, უსაფრთხოების პოლკოვნიკი, რაიკომის მდივანი?! არადა, მის საუბრისას ვხედავდი მეორე მეუღლეზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, რომელმაც მისი დაკარგვის შემდეგ გადაწყვიტა თავი ეკლესიისთვის მიეძღვნა და ის ქალბატონი სწორედ იქ აღმოეჩინა. თუკი ამ გზით წავიდა, კი, ეს სწორედ იმ ქალის გამო მოხდა... იშვიათია მამაკაცი, რომელიც ასეთი მონოგამია. ასე უყვარს ერთი ქალი მთელი ცხოვრება. სხვა ქალს ვერ გავეკარებოდიო - აღნიშნა. ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა, სასიამოვნო მოსასმენი იყო. თუმცა ყველაფერი ცხადია, ვერ მოხვდა გადაცემაში...

- როგორც ჩანს, გიყვართ ამბების მოსმენა...

- ბავშვობიდან მიყვარს ამბების მოსმენა, განსაკუთრებით, როდესაც ბებია მიყვებოდა. მაგ პერიოდში ჩამერთვებოდა წარმოსახვითი ეკრანი და ვხედავდი ფილმივით ამა თუ იმ ამბავს. როდესაც რაღაცას მიყვებიან, იმ ადგილს თვალნათლივ და ზოგჯერ სიზუსტითაც ვხედავ, სადაც მოქმედება ხდება.

- გადაცემის მიღმა როგორ ცხოვრობთ? როგორც ვიცით, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ხართ.

- შეიძლება მრავალფეროვნებით არ გამოვირჩევი, ჩემს "ინსტაგრამზე“ ბევრი ერთი და იგივე რაღაცის გამეორება მიწევს, გარდა ამისა, ვარეკლამებ რაღაცებს. თანხის სანაცვლოდ დარეკლამებაც ბოლო დროს დავიწყე... სხვა მხრივ ნორმალურად ვარ, ვცხოვრობ ვაკეში, დავდივარ ფეხით, ყველაფერი ერთი ფეხის სავალზე მაქვს ვარჯიშიდან დაწყებული, დამთავრებული სპა, მასაჟი, სალონი და მკერავი. ვცდილობ, ვაკის ტერიტორიას არ გავცდე, რადგან ქალაქში არსებული საცობი უკვე აუტანელია. მანქანითაც არ ვმოძრაობ, რადგან გავყიდე. ქალაქში ავტომობილით გადაადგილება უკვე გაუსაძლისია. ძალიან "დავიგრუზე“ პარკინგის გამოც. ჩემი ტელევიზიაც მანებივრებს, მანქანა მაკითხავს და მივყავარ. ყველანაირ კომფორტს მიქმნიან.

- სოციალურმა ქსელმა და იქ აქტივობამ რა მოგიტანათ?

- ძირითადად, ეს ჩემთვის განტვირთვაა, ვერთობი... მწერენ, რომ მოსწონთ ჩემი სთორები, ელოდებიან, ცხადია, სასიამოვნოა. მოსწონთ, როცა ციცინო შურღაია ჩნდება კადრში... თუ რაღაცას ვიბილწსიტყვავებ, არ დაიჯერებთ და ამ ვიდეოს ყველაზე ბევრი ნახვა აქვს.

- ბილწსიტყვაობის სურვილი რა სიტუაციაში გიჩნდებათ?

- ეგ რომ მქონდეს გაშიფრული და გაანალიზებული, ცუდ სიტყვას აღარ ვიტყოდი. ეს ფსიქოლოგიურ დონეზე რაღაცის დახშობის, გადაფარვის მცდელობაა. ამ თემზე არაერთი საინტერესო კვლევა წამიკითხავს, ინგლისელი ჟურნალისტის ერთ-ერთი კვლევაა, რომელიც ამბობს, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო მეტად იგინებიანო. გინებას ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც აქვს...

- რა გაბრაზებთ?

- აღარაფერი... თუ მაინცდამაინც უნდა ვუპასუხო, ალბათ, როცა რაღაცას დამპირდებიან და არ შეასრულებენ.

- ტყუილზე რა რეაქცია გაქვთ?

- თუ ვინმე მატყუებს, ეს მისი პრობლემაა... ამ ასაკში უკვე იმდენად დახვეწილი უნდა ვიყო, ისე მქონდეს საცეცები განვითარებული, რომ მივხვდე, როდის მატყუებენ. თუ ამას ჩემი ექსტრასენსორიკით ვერ ვხვდები, მაშინ კარგად ყოფილა ჩემი საქმე.

- თქვენი ნება რომ იყოს, სამყაროში რას შეცვლიდით?

- ფულს გავაუქმებდი. მგონი, ბუნებით კომუნისტი ვარ (იცინის). ალბათ, სამომავლოდ ასეც იქნება, ფულის ნაცვლად ადამიანები ენერგიას გაცვლიან. ეს იმიტომ, რომ ადამიანებს, ვისაც ფული აქვთ, ვეღარ კმაყოფილდებიან და უკვე ადამიანებისგან უნდათ ენერგიის აღება. ხან ხალხისგან იღებ, ხან ცხოველისგან, წყლისგან... მჯერა, 100 წლის მერე ფული აღარ იარსებებს.

- ხშირად რა კითხვას გისვამენ?

- "ვაიმე, ია, ცხოვრებაში რა ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე ეკრანზე“? და "რა ახალგაზრდად გამოიყურები, ვიდრე ეკრანზე?“

- როგორ ფიქრობთ, ადამიანებს რატომ უყვარხარ?

- იმ დღესაც გამაჩერეს თინეიჯერებმა, - როგორ გვიყვარხარო. როდესაც ასე მეუბნებიან, იქით ვუსვამ ამ კითხვას, - რატომ გიყვარვართ-მეთქი? რას ხედავთ ჩემში? არ ვიცით, - გვიყვარხართ! - მპასუხობენ და აღფრთოვანებული მიყურებენ. ამიტომ თვითონაც არ მაქვს მაგაზე პასუხი.

- ე.ი. იმ ენერგიას გასცემ, რაც მათ სჭირდებათ?

- ალბათ... ეს ენერგიაც ყოველთვის მქონდა, მაგრამ ამ 30 წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდა. ეს ყველაფერი ტექნიკურადაც უკვე დამუშავებული მაქვს.

- თინეიჯერი რომ იყოთ, ამ გამოცდილებით რას შეცვლიდით საკუთარ თავში?

- ნაკლებად მიმნდობი ვიქნებოდი, ნაკლებად დავუჯერებდი ადამიანის სიტყვას და უფრო მისი ქმედებების მიხედვით შევაფასებდი. მაგრამ თუ შეცდომები არ დაუშვი, როგორ გაძლიერდები?! თუმცა ხშირად შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ადამიანებს შეცვლა და გამოსწორება შეუძლიათ.

- როდის რისკავთ?

- აღარ ვრისკავ. ჩემი ცხოვრება ისეა დალაგებული, რომ გასარისკი არაფერი მაქვს. ჩემთვის გარისკვა პარაშუტით გადმოხტომაა ან, ვთქვათ, ლომებთან გალიაში შესვლაა...

- წონასწორობას როდის და როგორ იცავთ?

- წონასწორობა ჩემ შემთხვევაში განმარტოებაა, საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, ხალხის ვიბრაციებისგან აბსოლუტურად გათავისუფლება. ენერგიების აღდგენა, რაღაც მეთოდების მართვა, ძილი, დასვენება, მასაჟი. მადლობა, რომ მაქვს იმის საშუალება, ჩემს თავს დასვენება ვაჩუქო.

- ია, რა არის სიყვარული?

- ეს არის უდიდესი ენერგია, რომელიც ავსებს ადამიანს, აკავშირებს უმაღლეს გულთან საიდანაც ვივსებით. მერე კი სიყვარული აქედან გაიცემა ადამიანების მიმართ, ცხოველის მიმართ და ა.შ. რომელიც ცირკულირებს და სულ ტრიალებს.

- ისე, დავასრულეთ ინტერვიუ, ტარიელ სუარიზე კითხვა არ დამისვამს...

- მე ტარიელს გავშორდი, მაგრამ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, როგორც მეგობრები. ტარიელი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჯერ ეს ერთი, ერთადერთი მამაკაცია, რომელთანაც 10 წელი ვიცხოვრე და მერე, ღირსეული ადამიანია. ძალიან მიყვარს მისი ხელოვნება და ტალანტი. ჩათვალეთ, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. ამიტომ ტარიელი არ დამიკარგავს, ის იყო, არის და იქნება.