ავტორი:

მთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა

მთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა

მთიან აჭარას ახალი წრიული საველოსიპედე მარშრუტი „გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა“ შეემატა. 24 კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება. მარშრუტი გოდერძიდან მწვანე ტბამდე რიყეთისა და ლოდიძირის იაილებში გადის, სადაც მემთეურების ხის სახლებისა და ულამაზესი პეიზაჟების ნახვაა შესაძლებელი. მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება შეუძლიათ. მწვანე ტბაზე შესვენების შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. შავი ტბის შემდეგ ველომარშრუტი ისევ გოდერძის უღელტეხილზე ბრუნდება.

სამთო ველომარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. გარდა ველომარშრუტისა წელს, ტურისტული ნიშნულები ასევე დამონტაჟდა მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლებთან, ღვინის მარნებთან და კოტეჯებთან. რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, უკვე დასრულდა ხიხანი ციხეზე ასასვლელი და მირვეთის ჩანჩქერთან მიმავალი ტურისტული ბილიკების მოწყობა. ახალი საპიკნიკე სივრცეებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება ღომას, ნამეფვარის, ბრილის, ჩალეწილებისა და ლელთის ტბის მიმართულებებზეც.

NS