ავტორი:

"ბავშვი შარშან ამოირიცხა ჩვენი სკოლიდან, დედამ ამის მიზეზად უცხოეთში გამგზავრება დაასახელა" - რას ამბობენ სკოლის დირექტორი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი 14 წლის გოგონას მშობიარობაზე?

"ბავშვი შარშან ამოირიცხა ჩვენი სკოლიდან, დედამ ამის მიზეზად  უცხოეთში გამგზავრება დაასახელა" - რას ამბობენ სკოლის დირექტორი და  რესურსცენტრის ხელმძღვანელი 14 წლის  გოგონას მშობიარობაზე?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ იმშობიარა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ გაავრცელა.

პოლიციისთვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბავშვის მამა, რომელიც არასრულწლოვანთან არარეგიტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობდა, ამ ეტაპზე გაქცეულია.

სკოლის დირექტორი კახა ჩუბინიძე, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა, ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ბავშვი მათთან მხოლოდ სამი თვე სწავლობდა...

კახა ჩუბინიძე:

- ეს ბავშვი 2022 წლის 28 დეკემბერს მშობლის განცხადების საფუძველზე ამოირიცხა ჩვენი სკოლის ბაზიდან. ამიტომ ჩვენი მოსწავლე არ ყოფილა. სულ სამი თვე ისწავლა, მანამდე დმანისიდან გადმოვიდა. დედამ სკოლიდან ამორიცხვის მიზეზად დაასახელა უცხოეთში გამგზავრება. ამის საბუთი საქმეში დევს. ზოგადად, გოგონა ჩვენი სოფლიდანაც არ ყოფილა, დმანისში ცხოვრობდა.

- სამართალდამცავები თუ დაგიკავშირდნენ?

- დიახ, ვესაუბრეთ, კლასის დამრიგებელმა ითანამშრომლა მათთან. მე ამჟამად არ ვიმყოფები ადგილზე, დედის ორმოცი მქონდა და თერჯოლაში ვარ, მალე დავბრუნდები.

  • ჩვენ ასევე დავუკავშირდით ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ იამზე სვანიძეს, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

- ამ ეტაპზე ნამდვილად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უკაცრავად, ვარკვევთ დეტალებს.

- სამართალდამცავი უწყება არ დაგიკავშირდათ?

- არა, ჯერ არ დაგვკავშირებია.

  • როგორც შსს-ში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია 140-ე მუხლით, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.