ავტორი:

"ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს... იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, ჭკვიანად მოქცევა უშველის?" - ექსპერტი

"ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს... იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, ჭკვიანად მოქცევა უშველის?" - ექსპერტი

მსოფლიოსა თუ ჩვენს რეგიონში შექმნილ რთულ და გამოწვევებით სავსე ვითარებაში, სულ უფრო მეტი კითხვა ისმის საქართველოს უსაფრთხოების სისტემების შესახებ. გასულ კვირას პარლამენტს სტუმრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა. სხდომის ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, დაიხურა, მაგრამ მოვისმინეთ არაერთი საჯარო განცხადებაც. ამ განცხადებების გაანალიზებით, ისმის კითხვა, რამდენად პასუხობს საქართველოს დღევანდელი უსაფრთხოების სისტემები მსოფლიოში, რეგიონსა და უშუალოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ამ სფეროში ჩახედული არა ვარ და შესაბამისად, აზრის გამოთქმაც მხოლოდ საკითხზე ზედაპირული დაკვირვებით შემიძლია. ის, რაც მოვისმინე და რასაც ვხედავ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიბიძგებს აზრისკენ, რომ შესაძლოა მცირე ინციდენტებზე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, მაგრამ ზოგადად არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობენ და ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენთან ქვეყნის უსაფრთხოების ნორმალური სტრატეგია არ არსებობს. ჩემი აზრით, მსოფლიოში იმდენად რთული ვითარებაა, ჩვენი სამთავრობო ელიტა ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს. ცუგცვანგის მდგომარეობაში არიან, პრევენციული, შემარბილებელი ღონისძიებები არც იგეგმება.

რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა მაშინ, როცა საგარეო კურსად გამოცხადებული გაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა? იქით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორობა სურთ, ცდილობენ რუსეთს არაფერი აწყენინონ... მოკლედ, მშვიდობის მტრედობას ცდილობენ და ვერ ხვდებიან, რომ მსოფლიოში ახლა უმწვავესი ბრძოლა მიდის 2 დოქტრინას შორის - გაუნათლებელ, ბნელ, რადიკალურ, არადემოკრატიულ ძალებსა და დასავლურ, დემოკრატიულ ფასეულობებს შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ადგილის მონახვა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აშკარად არ შეუძლია ეს. ისინი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე ფიქრობენ და არა იმაზე, ჩვენი შვილები როგორ მსოფლიოში იცხოვრებენ...

- როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია იყო. იმავდროულად, მისთვის დასმულ შეკითხვაზე, ვინ არის საქართველოს მთავარი მტერი?- მას რუსეთი არ დაუსახელებია, არამედ განაცხადა, "მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები".

- პირველად უნდა გითხრათ, რომ სიტყვას "ეგზისტენციალური" არასწორად ხმარობენ. თუ ლილუაშვილს "ეგზისტენციალური" ჰგონია "სასიცოცხლო", ძალიან ცდება. მეორე, მისი განცხადებებიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბარი დაახლოებით იმ დონეზე მიდის, ორჯერ ორი რომ ოთხია. მთავარი გამოწვევა მმართველი პარტიისთვის შეიძლება არის ოპონენტი პარტია, მაგრამ არა ქვეყნისთვის. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის ის, რაც მსოფლიოში ხდება, უხისტესი წინააღმდეგობა დემოკრატიულ და რადიკალურ ძალებს შორის. ნუ დაგავიწყდებათ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - აქეთ რუსეთი, იქით თურქეთი, ირანი, ცოტა მოშორებით კი ერაყი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც სწორედ ასეთი ბნელი რადიკალური და ექსპანსიონისტური ძალის მიერ არის გამოწვეული. დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა, თუ როგორ ვიპოვოთ გზამკვლევი მსოფლიო გეოპოლიტიკის ამ შფოთიან ოკეანეში.

- ლილუაშვილმა ისაუბრა ბირთვულ საფრთხეებზეც. მისი თქმით, ამ მიმართულებითაც მუშაობენ, რომ თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა და ა.შ., და თქვა ფრაზა, რასაც არაერთი დამცინავი გამოხმაურება მოჰყვა. "გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა და თავშესაფრების გამოყოფა. თუმცა ეს აქტუალური გახდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყანაში, ისე გარეთაც", - განაცხადა ლილუაშვილმა.

- ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს. საქართველოც ვერ გადაურჩება ბირთვულ ზამთარს. იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, არ ვიცი, რა ჭკვიანად მოქცევა უშველის. ვიცი, რომ ამ ამბავზე ბევრს ხალისობდნენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ მე საერთოდ არ მეცინება, იმაზე ვფიქრობ, ვის ხელშია საქართველოს უსაფრთხოება.

ამ ეტაპზე ორი მიმართულებით არსებობს ბირთვული საფრთხე: 1. შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და 2. ისრაელ-ირანის დაპირისპირების შემთხვევაში, ასევე შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენონ. ფაქტობრივად ორივე ტერიტორია საქართველოსთან ისე ახლოს არის, რადიაციას ვერაფრით გავექცევით. არ ვიცი, ჭკვიანად მოქცევა საქართველოს ამისგან როგორ დაიცავს?! წაიკითხეთ სრულად