ავტორი:

"ავტომობილი გავყიდე და იმ თანხით გავაკეთე ყველაფერი... ოჯახს ეგონა, პატარა ქოხზე ვმუშაობდი და..." - ვინ არის რაჭველი ახალგაზრდა, რომელმაც შაორზე "სიყვარულის სახლი" ააშენა

"ავტომობილი გავყიდე და იმ თანხით გავაკეთე ყველაფერი... ოჯახს ეგონა, პატარა ქოხზე ვმუშაობდი და..." - ვინ არის რაჭველი ახალგაზრდა, რომელმაც შაორზე "სიყვარულის სახლი" ააშენა

"გვექნება მარანი, თონე, მარანში დაიწურება ხვანჭკარა, გაკეთდება რაჭული ლორი, ტყეში მოპოვებული პანტის არაყიც გვექნება... ამ ყველაფერს უკვე გაზაფხულიდან ვაპირებ" - გვეუბნება ავთანდილ კობახიძე, კაცი, რომელმაც შაორზე, სამ წელიწადში, წინაპრების მამულში, სრულიად მარტომ, საკუთარი ხელით და დიდი სიყვარულით სახლი ააშენა.

ოდა იმით არის კიდევ გამორჩეული, რომ იქ 5.013 გულია გამოყენებული და "სიყვარულის სახლი" ჰქვია... ავთანდილი კვირის ძირითად დღეებს თბილისში ატარებს, რადგანაც ოჯახთან ერთად დედაქალაქში ცხოვრობს. რაჭაში უქმეებზე ჩადის და დროს შრომაში ატარებს. მისი დილა თბილისში მეეზოვეებისთვის ყავის ჩამორიგებით იწყება, რაჭის გზაზე მიმავალი კი მზრუნველობამოკლებულ ოთხფეხებს აპურებს...

AMBEBI.GE ავთანდილ კობახიძეს ახლოს გაგაცნობთ:

- რაჭაში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა ნიკორწმინდაში დავამთავრე. შემდეგ სასწავლებლად თბილისში წამოვედი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ენერგეტიკოსი ვარ. რაჭველებს გვაქვს ხის ხელობის, დურგლობის ნიჭი. ბაბუაჩემი და მისი სამი ძმა დურგლები იყვნენ. რაჭველებმა ხომ „მივქარგ-მოვქარგეთ ნიკორწმინდა,“ მათ შორის, სოფელი გოგოლათი. ეს ლამაზი კუთხე რაჭის ჩუქურთმიანი ოდა-სახლებით გავავსეთ. მათ კოლხურ ოდებს უწოდებენ, მაგრამ ეს რაჭული სახლებია. რაჭველები ზამთარში სამუშაოდ გურია-სამეგრელოში მიდიოდნენ, სადაც ბევრ ლამაზ ოდას აშენებდნენ. იქ არაერთი სალხი ბაბუაჩემისა და მისი ძმების აშენებულია. მერე ერთ-ერთი ძმა საცხოვრებლად იქ გადავიდა. კი, ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული.

- მემკვიდრეობით გადმოსულა თქვენზე ეს უნარი.

- ასე გამოვიდა... ბავშობიდან ძალიან შემიყვარდა ეს ხელობა. შემიძლია ვთქვა, რომ მასში თავი ვიპოვე.

- ამ სახლის გარდა რაჭაში სახლი გაქვთ?

- კი. დედაჩემი და მამაჩემი რაჭაში, სოფელ უყეში ცხოვრობენ. ჩემი აშენებული სახლი იქვე 2 კილომეტრშია. იქ ასევე ჩვენი მამულია, სადაც წინაპრების სათიბი იყო, საქონლისთვის თივას ვაგროვებდით. ბავშვობაში, როცა სოფელში ქალაქელი თანატოლები არდადეგებზე ჩამოდიოდნენ, ტყეში ნაძვის ტოტებისგან კარვებს ვაგებდით. ხან ერთსართულიანი იყო, ხან - ორსართულიანი... მერე და მერე ჩემი ოცნება იყო - საკუთარი ხელით სახლი ამეშენებინა... პანდემიის დროს სამსახურები რომ გაჩერდა, ოჯახით რაჭაში წავედი და გადავწყვიტე, ეს საქმე დამეწყო. საძირკველი ამომეღო და ბოლომდე გავსულიყავი.

- ოჯახის წევრებმა მხარი დაგიჭირეს?

- ოჯახის წევრებმა თავიდან არც იცოდნენ. მხოლოდ მეუღლემ იცოდა. მამაჩემს და დედაჩემს ეგონათ, რომ რაღაც პატარა ქოხზე ვმუშაობდი. როცა ნახეს, არ იჯერებდნენ, რომ ასეთი და ამხელა გამოვიდოდა. პირველი სართული 86 კვადრატია და ამდენივეა - მეორე. ახლა მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოებია საჭირო.

- კი, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ სახსარი სჭირდება...

- ავტომობილი გავყიდე და ძირითადი ნაწილი იმ თანხით გავაკეთე. ხელობაში თანხა ხომ არ გადამიხდია, ყველაფერი მე გავაკეთე. სახლი სამ წელში ავაშენე. მხოლოდ შაბათ-კვირას ვსაქმიანობდი, რადგან დანარჩენ დღეებში თბილისში ვმუშაობდი. ზამთარი ხელს ცოტა მიშლიდა, მაგრამ მაგ დროს შიდა სამუშაოებით ვიყავი დაკავებული. ახლა ავეჯიც ჩემი ხელით უნდა გავაკეთო. საწოლები, ტუმბოები და ა.შ.

- სახლი ტყესთანაა, დასახლებული პუნქტი არ არის. მტაცებლის საფრთხე არ არის?

- ცოტა ხნის წინ ახლობელი უცხოეთიდან ჩამოვიდა, 30 კაცი აივანზე ვისხედით, აღვნიშნავდით, კარგი, მზიანი დღე იყო, უცებ ეზოში შველი შემოვიდა... მაგრამ იმის საფრთხე, რომ დათვი ვინმეს თავს დაესხას, არ არსებობს. ადამიანის ეშინია...

- მოკლედ, ოცნება აიხდინეთ... გულებს ოდაში რა დატვირთვა აქვს? ის ამოკვეთილი გაქვთ ხეში, აგურში, ქვაში, ფილაში...

- კი, ქვევრებსაც კი გულის ფორმის თავები აქვს. გაზაფხულზე საოჯახო მარნის გაკეთებასაც ვგეგმავ, ამიტომ, ქვევრებიც გულის ფორმისაა და თონეც. რატომო? მეკითხებიან... იმიტომ, რომ რაჭველებს რაჭის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს. ეს ყველაფერი მივუძღვენი ჩემს ოჯახს, რაჭას და საქართველოს. იმას, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, სითბო, სიკეთე მომრავლდეს სამყაროში.

- და სახლი გულებით გაათბეთ?..

- ჯერჯერობით 5013 გულია გამოყენებული. ეს რაოდენობა თავისთავად ასე მოითხოვა. ალბათ კიდევ დაემატება. აივანზე გამოყენებული მასალა წიწვოვანი ხეა, რომელიც დიდხანს ძლებს, მასალად ასევე გამოვიყენე ქართული კრამიტიც. სიდედრმა მაჩუქა. სახურავი შეცვალეს და მისგან გულები გამოვჭერი. სახლის კედლები ნაშენებია იშვიათი ქვით, რომელიც რაჭაში იჭრებოდა. თითო ქვა 150-დან 200 კილომდე იწონის. ერთ-ერთი ქვა, ბოლოს, რომელიც ავწიე და კარის თავზე დავდე, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამიტომ ჯერ ხარჩოზე ავიტანე... იმ დროს მეუღლემ დამირეკა. იმ სიმძიმის აწევისგან თავბრუ მეხვეოდა, ყველაფერი ტრიალებდა. - ავთო, რას შვრები? როგორ ხარო? ავთო არ ვარ-მეთქი. აბა, ვინ ხართ, ავთოსთან ვრეკავო. ლაშა ვარ ტალახაძე-მეთქი და გამეცინა. ჰოდა, რატომ ხარ ლაშა ტალახაძეო? ახლა იმხელა ქვა ავწიე, ლაშას მეტი ამას ვერავინ შეძლებდა-მეთქი. ამ ქვის დადებით დასრულდა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

- როგორც ვიცი, თანამედროვე, სპეციალური იარაღი არც გამოგიყენიათ და სულ ხელით ჭრიდით და ქმნიდით ყველაფერს...

- ასე იყო...

- მგონი, რაღაც სერიოზული გამოცდა მოუწყვეთ თქვენს თავს.

- კი. ჩემი დილა, როცა რაჭაში ვარ, 5 საათზე იწყება. იქ რომ ვარ, დღე გვიანობამდე გრძელდება. ხშირად ყოფილა, გათენებას უკვე მუშაობით შევხვედრივარ. მართლაც საოცარი დილა თენდება რაჭაში... ისეთი შემთხვევაც ყოფილა, ჩემს მეგობრებს ღამე რომ დაურეკავთ და მოვუკითხივართ - სად ვიქნები, შაორზე სახლში ვარ და ვმუშაობ-მეთქი. მერე მოსულან და ჩემთვის შესვენება მოუწყიათ...

- ამ სახლს საბოლოოდ ტურისტულ მიმართულებას ხომ არ მისცემთ?

- კი, ასე იქნება. ამის გარდა, სკოლის „ბოლო ზარს,“ ბანკეტს, თუკი ახალგაზრდები მოისურვებენ, სივრცეს უფასოდ დავუთმობ... სამი შვილი მყავს - 12 წლის ლუკა, 11 წლის თეკლა და 3 წლის ნიკოლოზი. ლუკას გიორგი ანწუხელიძის ვიდეოსთვის უყურებია და მითხრა, მისი შვილებისთვის უფასო იყოს, თუ ხმას მივაწვდენთ, გამიხარდება, ჩემი ხნის ბავშვები არიანო. ჩემი პატარები თბილისში 62-ე სკოლაში დადიან, მეუღლეც საბურთალოზე ბაღში მუშაობს.

- მეუღლეს მოსწონს თქვენი ნაშრომი?

- ჩემი მეუღლე ჭიათურელია, სოფელ კაცხიდან. ერთმანეთი შემთხვევით თბილისში გავიცანით... მოსწონს ჩემი შრომა, მაგრამ მეუბნება, უღელტეხილზე ამდენი სიარული, ასე ქალაქსა და სოფელს შორის მოძრაობა არ შეიძლება, დაისვენეო... მაგრამ ჩემი ოცნების სახლს ასე როგორ დავტოვებ?! თან მინდა, ჩემი კუთხე წარმოვაჩინო... საქმე კიდევ ბევრია...