ავტორი:

"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი - ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი -  ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

CNN -ის ინფორმაციით, კატარის ტელევიზიის "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი, ღაზის სექტორის ბიუროს ხელმძღვანელი 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ოჯახი ოთხშაბათს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

არაბული მედიის ცნობით, ვაელ ალ-დაჰდუჰმა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ლტოლვილთა ბანაკში აფეთქების დროს, დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი. ჟურნალისტის ოჯახი სწორედ იქ აფარებდა თავს.

ალ დაჰდუჰმა მადლობა გადაუხადა მაყურებელს სამძიმრის შეტყობინებებისა და ზარებისთვის.

”სოლიდარობა და ლოცვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო სწრაფად დაბრუნება ეთერში ყველაფრის მიუხედავად", - განაცხადა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.

"აქაურობა კვლავ იწვის, საარტილერიო დაბომბვისგან. მიუხედავად ტკივილისა და სისხლიანი ჭრილობისა, მივხვდი, რომ სწრაფად უნდა დავბრუნებულიყავი და შეგხვედროდით კამერის ობიექტივიდან და სოციალური ქსელის საშუალებით“, - დასძინა მან.

ოთხშაბათს, კატარის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო ქსელი წერდა, "ჩვენი კოლეგის ვაელ ალ-დაჰდუჰის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ცოლი, ვაჟი და ქალიშვილი, მოწამებრივად დაიღუპნენ ისრაელის დაბომბვისას“. "ალ ჯაზირას" ცნობით, ალ დაჰდუჰის შვილიშვილი ადამი გარდაცვლილად გამოცხადდა ორი საათის შემდეგ.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ალ დაჰდუჰი, რომელიც ტირის, როდესაც ცისფერ ზეწარში გახვეულ შვილის ცხედარს ადგას თავზე. აღელვებული ჟურნალისტის კადრები გავრცელდა ასევე შვილიშვილის ცხედრის გადატანის დროს ღაზის ალ-აქსას მოწამეების საავადმყოფოში.

"ჟურნალისტის ვაჟი მაჰმუდი 15 წლის იყო, ხოლო მისი ქალიშვილი შამი შვიდი წლის", - იტყობინება "ალ ჯაზირა".

"ალ ჯაზირას" წამყვანმა აბდისალამ ფარაჰმა დაღუპულთა შესახებ განცხადება ეთერში გაავრცელა, წამყვანი ემოციების შეკავებას ცდილობდა. ალ დაჰდუჰის ოჯახის 12 წევრი ოთხშაბათს მოკლეს, მათ შორის 9 ბავშვი, ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

"ალ დაჰდუჰის ოჯახი გადასახლებული იქნა ტალ ელ ჰავადან ლტოლვილთა ბანაკში ნუსეირატში, რომელიც მათი აზრით, უსაფრთხო ადგილი იქნებოდა მათთვის" - განუცხადა CNN-ს "ალ ჯაზირას" ოფისმა რამალაში.

CNN დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს აფეთქების წყაროს. მედია წერს, რომ "ალ ჯაზირამ" არ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ აკავშირებს მომხდარს ისრაელის თავდასხმასთან.

  • ისრაელის თავდაცვის ძალებმა CNN-ს დაუდასტურეს, რომ მათ ავიაიერიში განახორციელეს ღაზის რეგიონში, იქ, სადაც ოთხშაბათს ალ-დაჰდუჰის ნათესავები დაიღუპნენ. IDF-მა განაცხადა, რომ ავიაიერიში მიზნად ისახავდა "ჰამასის ტერორისტული ინფრასტრუქტურის" განადგურებას.

შეგახსენებთ, "ჰამასი" 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელის სამხრეთ დასახლებებს, რა დროსაც დაიღუპა 1 400 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

ღაზის რამდენიმეკვირიანმა ალყამ გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი ანკლავის შიგნით, რომელიც ახლა მსოფლიოსგან მოწყვეტილია, თითქმის სრული ბლოკადის გამო.

27 ოქტომბერს ისრაელმა განაცხადა, რომ აფართოებს სამხედრო მოქმედებებს ღაზაში, სადაც სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო.