ავტორი:

შრება ტბა, რომლის ფსკერი კერძო საკუთრებაშია, წყალი კი არა - "საქმე საოცარ შემთხვევასთან გვაქვს..."

შრება ტბა, რომლის ფსკერი კერძო საკუთრებაშია, წყალი კი არა  - "საქმე საოცარ შემთხვევასთან გვაქვს..."

ექსპერტი სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებში ნიკო კახეთელიძე გლდანის ტბასთან დაკავშირებულ პრობლემაზე წერს. მისი თქმით, ტბა შრება და საჭიროა მისი რეაბილიტაცია მოხდეს.

"გლდანის ტბა შრება. საქმე საოცარ შემთხვევასთან გვაქვს. ფსკერი გასხვისებულია წინა ხელისუფლების დროს როგორც მიწის ნაკვეთი. ამასთანავე ის არხები საიდანაც ხდებოდა ტბის შევსება, გადაკეტილია შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დროს. ტბამ დაიწყო შრობა. მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები და შემდგომ უნდა მოხდეს ტბის რეაბილიტაცია. საერთოდ არ მინდა ვილაპარაკო ხოლმე ძველ ხელისუფლებაზე, მაგრამ ყოველდღიურად ვაწყდებით მსგავს სისულელეებს, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ქალაქის მოსახლეობას." - წერს კახეთელიძე "ფეისბუქში".

  • აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. ის არ გამორიცხავს, რომ მფლობელს სივრცე ჩამოერთვას და სახელმწიფოს დაუბრუნდეს.

"გლდანის რაიონში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. პირველადი მოკვლევის შედეგად შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა. იცით, რომ აღნიშნული ტერიტორია "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიყიდა, ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ბევრია ასეთი შემთხვევა, როდესაც ასეთი სივრცეების გასხვისება ხდებოდა. ეს სივრცე არის კერძო საკუთრება, იქ არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. აღნიშნული ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა, ამ საკითხზე აუცილებლად დავიწყებთ მოკვლევას. დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, გაიარეთ დეტალები, რა კრიტერიუმებით გასხვისდა აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და არ ვიცი, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, თუმცა, ის მდგომარეობა, რაც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან ცუდია, რაც იქ ხდება. თუმცა, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია აცხადებს ტენდერს, რის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები 3 ძირითადი მიმართულებით: ესენია ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, რომ გავიგოთ, თუ რატომ ხდება ტბის დაშრობა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. კვლევების შედეგად ასევე შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა და განისაზღვრება მისი გაჯანსაღებისთვის კონკრეტული ღონისძიებები“,- განაცხადა კალაძემ.