ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, გარდაცვლილი ირაკლი ქურციკიძეა.
"სამწუხაროდ, უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, ირაკლი ქურციკიძე დაეცა. ის საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, დაღუპვამდე კი 7 მებრძოლის გამოყვანა და, შესაბამისად, გადარჩენა შეძლო. როგორც მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ლაშა შერგელაშვილი იხსენებს, ერთი დაჭრილი თანამებრძოლი მან ზურგით, ორ კილომეტრზე ატარა - დაჭრილისა და საკუთარი თავის გასამხნევებლად, "შენ ხარ ვენახის" ღიღინით... პროფესიონალი სამხედრო, უბადლო მეომარი, უსაზღვრო პატრიოტი - ასეთად დარჩება ირაკლი მისი მეგობრებისა და ახლობლების გულებში. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მეგობრებს, ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, რომელმაც ასეთი დიდებული ბიჭი დაკარგა... გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!" - წერს ბერულავა სოციალურ ქსელში.
"ირაკლი სიმტკიცის, პატრიოტიზმის და სიმამაცის სიმბოლო იყო.მიმძიმს მასზე საუბარი, მიმძიმს რადგან ირაკლი საუკეთესო იყო საუკუთესოთა შორის, ის ჩემი იმედი იყო, ის ჩვენი იმედი იყო, ის საქართველოს მომავალი იყო. პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში ახლის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და საუკეთესო პროფესიონალი იყო, ის ყოველივე ახალს სწავლობდა და იყენებდა საბრძოლო მოქმედებების დროს, მე ამ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, ხშირად იმეორებდა..." - წერს კობა ხაბაზი.