ავტორი:

გაქცეული ლომი რომის სიახლოვეს 5 საათი დასეირნობდა - ცირკის თანამშრომლის თქმით, 8 წლის კიმბა ადამიანებისთვის საფრთხეს სულაც არ წარმოადგენდა

გაქცეული ლომი რომის სიახლოვეს 5 საათი დასეირნობდა - ცირკის თანამშრომლის თქმით, 8 წლის კიმბა ადამიანებისთვის საფრთხეს სულაც არ წარმოადგენდა

იტალიაში, რომის სიახლოვეს მდებარე ცირკიდან გაქცეული ლომი, სახელად კიმბა, რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში სეირნობდა. ვიდრე პოლიცია და ცირკის თანამშრომლები ცხოველს დაიჭერდნენ, რომის მახლობლად მდებარე ქალაქ ლადისპოლის მერმა, ალესანდრო გრანდომ, მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა. 5-საათიანი ძებნის შემდეგ ლომს მიაგნეს, დააძინეს და ცირკში დააბრუნეს.

მოგვიანებით, იტალიურ მედიაში მოქალაქეების გადაღებული ვიდეოები გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, როგორ სეირნობს ლომი ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში. ცირკის თანამშრომელმა, რონი ვასალომ განაცხადა, რომ 8 წლის კიმბა ადამიანებისთვის საფრთხეს სულაც არ წარმოადგენდა:

"ის ადამიანებს მისთვის უჩვეულო გარემოში შეხვდა, თუმცა არაფერი მომხდარა. მას წამითაც არ გასჩენია ადამიანზე თავდასხმის სურვილი".

ვასალოს თქმით, ის უფრო იყო მოსალოდნელი, რომ თვითონ ადამიანები დასხმოდნენ თავს ცხოველს.

<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/I_L-q5SG5HI" title="Lion wanders through Italian town after escaping circus" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

"იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევა ზოგიერთების სინდისს გამოაღვიძებს, რათა ცირკებში ცხოველების ექსპლუატაცია საბოლოოდ დავასრულოთ", დასძინა ლადისპოლის მერმა განცხადებაში.

კიმბა და მისი და-ძმები ცირკში, ტყვეობაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამ შემთხვევის შემდეგ, ცირკმა ცხოველთა უფლებების დამცველების აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, ასეთი არსებების დატყვევება სასტიკი ქმედებაა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, იტალიის ცირკებს 2 000-მდე ცხოველი ჰყავთ ტყვეობაში. ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე აკრძალა ან მკაცრად შეზღუდა ცხოველების ცირკში ყოფნა, მაგრამ იტალია მათ შორის ჯერაც არაა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა