ავტორი:

"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან დიდად კომუნიკაცია არ მაქვს. ადამიანები ვართ ყველანი..." - პირველი ინტერვიუ მარიკო მამულაშვილთან - ცნობილი წყვილის ხელოვან ქალიშვილთან

"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან დიდად კომუნიკაცია არ მაქვს. ადამიანები ვართ ყველანი..." - პირველი ინტერვიუ მარიკო მამულაშვილთან - ცნობილი წყვილის ხელოვან ქალიშვილთან

ცოტა ხნის წინ, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელს 21 წლის შვილის, მარიკო მამულაშვილის ნახატები გააცნო. ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა.

ჩვენ მარიკოს ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ. ინტერვიუ არასდროს მიუცია - ასე რომ, ეს მისი პირველი ინტერვიუა. ამბობს, რომ ხელოვნებასთან დიდი მიჯაჭვულობა აქვს, სამხატვრო აკადემიის მეორეკურსელია, დაზგურ ფერწერაზე სწავლობს.

- თავიდან მინდოდა, ფოტოგრაფიაზე ჩამებარებინა, რადგან ეგ სფერო მე-9 კლასიდან მიზიდავს. როცა ფოტოაპარატი ხელში მიჭირავს, თითქოს რეალობას ვწყდები. ჩემთვის გადაღების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- და მანდ სწავლის გაგრძელება რატომ გადაიფიქრე?

- დაზგურ ფერწერაზე მოვხვდი, მაგრამ ეს სფეროც ძალიან მომწონს... ბაბუაჩემი - დედის მამა ფიზიკოსი იყო, მაგრამ ამასთანავე მხატვარიც. მაქვს მისი ნამუშევრები ნანახი და მინდა, რომ მეც ამ ხელოვნებას გავყვე... დედა ბაბუაზე სულ მიყვებოდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მისთვისაც გავაგრძელე დაზგური ფერწერის შესწავლა. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ეს სიყვარული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გაცნობის შემდეგ დაიწყო. ბებიაჩემის ბიბლიოთეკაში, სადაც ბევრი საინტერესო წიგნია, შევიდოდი ხოლმე და ნიკო ფიროსმანის ალბომს ვიღებდი, ვუყურებდი და ვხატავდი. ვხდებოდი, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ახლა დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ნახატებს. ეგ ნამუშევრები ძალიან სწრაფად დავხატე, რადგან მეორე დღეს გამოცდა მქონდა. პორტრეტი კი გადავხატე, მაგრამ არ მიყვარს, როცა ნახატი ნახატს ჰგავს, მინდა, ჩემი ფანტაზიებიც ავურიო. ჩემი ნახატები ადრეულ წლებში სერიოზულად არასდროს მიმიღია, რადგან როგორც ვთქვი, ერთი პერიოდი ფოტოგრაფიაზე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი. ახლა კი მხატვრობას უკავშირდება ჩემი ფიქრები და ხედვა.

- ხატვისას რა ფერებს ირჩევ?

- ასე ვერ ვიტყვი, ხატვის პროცესში აზრი ბევრჯერ მეცვლება. ეს ლექტორს მოსწონს... არ ვერიდები ნახატის "გაფუჭებას“, როცა რაღაცას გადავიხატავ და მერე ჩემი გემოვნებით სხვანაირად დავამუშავებ. იმ პორტრეტის ორიგინალი, რაც მამაჩემმა სოციალურ ქსელში დადო, უფრო მუქი და სევდიანი იყო, მაგრამ მე ღია ფერები შევურჩიე.

- მოგწონს სტუდენტობა?

- სტუდენტობამდე ბევრჯერ შემეცვალა აზრი, - ექიმობა, ადვოკატობაც მინდოდა - ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. ბევრ პროფესიაზე ვფიქრობდი. სკოლაში ენები, გეოგრაფია მიყვარდა და ჩაბარება "ტურიზმზეც" მინდოდა... საერთოდ, სწავლის პროცესი მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის მარტივი არ არის, მაგრამ ამას ის ამსუბუქებს, რომ ბევრ რამეს ვსწავლობთ. დაზგური ფერწერაც ისეთია, რომ მომავალში სხვადასხვა დარგში გამოგადგება. ამ ყველაფერმა მიმიზიდა, მივიღე და აკადემიაშიც როგორც ოჯახში, ისე მიმიღეს. ლექტორები ჩვენს ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდებიან, ახლოს გვეცნობიან. სკოლის პერიოდში ასე ემოციის გამოხატვა არ შემეძლო, მიჭირდა - სირთულეები იყო, მაგრამ ის ყველაფერი თვითონ დავძლიე. სტუდენტობაც რთულია, მაგრამ ადამიანს სხვადასხვა გამოცდის გავლა უწევს, რომ კიდევ სხვა გამოწვევისთვის მზად იყოს. ვცდილობ, სიძნელეები დავძლიო. ჩემს საქმეში, კარიერაში შეიძლება ფიცი ვერ დავდო, მაგრამ ყოველთვის ვეცდები, პირობა შევასრულო. მინდა, ამისთვის ვიბრძოლო. მომწონს ეს სფერო და დიდი მადლობა ჩემს ლექტორს, გია ხუციშვილს. რა გზაც გავიარე, მიმაჩნია, რომ უნდა გამევლო.

- პროფესიას რომ ირჩევდი, მშობლები ამაში თუ ჩაერივნენ?

- დედაჩემი და მამაჩემი დიდ პატივს სცემენ ჩემს არჩევანს, არასდროს არაფერი დაუძალებიათ. დედა ამბობს, თუ გინდა ფერწერაში ყოფნა და ეს ბედნიერებას განიჭებს, ამისთვის იშრომეო. სირთულეები იყო, მაგრამ მშობლებისგან თავიდანვე მივიღე ის, რაც მჭირდებოდა - პატივისცემა და ნდობა. ეს მნიშვნელოვანია. ყველა მშობლის სურვილია, რომ შვილს უკეთესი მომავალი მისცეს.

მარიკოს შემოქმედება

- "მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი, დავაკელი ფიზიკურად ჩემი მასთან ყოფნა. ის იზრდებოდა არაჩვეულებრივ, ჯანსაღ გარემოში, ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, როგორც შემეძლო, მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მე დღეს სინანულის შეგრძნება არ მქონდეს. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ამის მიზეზი ვიცი... სადღაც 15-16 წლის იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომელიც 4-5 წლისას ჰქონდა დახატული... იქ მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის. რომ ვკითხე, რატომ ტიროდა, დედა ენატრებაო... მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მასთან ამ ჩემი არანორმალური გრაფიკის ახსნა მომიწევდა", - ეს დედის, პოპულარული მომღერლის ლელა წურწუმიას სიტყვებია, რომელიც თავის გადაცემაში წარმოთქვა. რომ მოისმინე, რა თქვი?

- იყო რაღაც ტკივილი, თუმცა როცა ბავშვი ხარ, რაღაცებს ვერ აცნობიერებ და უბრალოდ, გინდა, დედასთან ყოფნის საკმარისი დრო გქონდეს. იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან უფრო და უფრო ავინაზღაურებდი ამ ურთიერთობის დანაკლისს. რეალურად, სითბო და სიყვარული დედისგან არ მკლებია. მის კარიერას ყოველთვის პატივს ვცემდი და დღემდე პატივს ვცემ. ძალიან მშრომელი ადამიანია.

- ე.ი. ადამიანებს გაცნობისას არ ეუბნები, რომ ლელა წურწუმიას შვილი ხარ?

- ამას ჩემთვის ვინახავდი. თუ ვინმე მიცნობდა და მკითხავდა, ვპასუხობდი, რომ - კი, ლელა წურწუმიას შვილი ვარ-მეთქი... ამას ჩემით არ ვამბობდი. იშვიათად ვუყურებ დედაჩემის გადაცემას, მაგრამ იმ დღეს მომწერეს მესიჯი - დედაშენმა შენზე ილაპარაკაო და ვნახე. არ ვიცი, რამხელა ბედნიერებაა, როცა საკუთარი დედისგან იგებ, რომ ხალხის წინაშე ასე გიხდის ბოდიშს... მადლობელი ვარ... დედაჩემი უძლიერესი ადამიანია...

- ნანა ბებიასთან იზრდებოდი, რა ადგილი უკავია მას შენს ცხოვრებაში?

- ბებიის და ბაბუის სიყვარული განსაკუთრებული რამ არის. დიდი სითბო მომცეს. მადლობელი ვარ მათიც იმისთვის, რომ ასეთი ბავშვობა მქონდა. რაც მათგან მივიღე, ეს ბევრ ადამიანს არ აქვს, არადა, სჭირდება. დიდი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებასა და წარმატებაში. მინდა, კარგად მყავდნენ დიდი ხანი.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- კი, თავიდან ასე არ იყო, მაგრამ გარკვეულმა სირთულეებმა გამაძლიერა. ცხოვრება გამოცდებით არის სავსე... თითქოს ასეა მიღებული, რომ ცნობილი ადამიანის შვილს რაღაც სხვანაირად უყურებენ. არ მაქვს სხვა ცნობილი ადამინების შვილებთან კომუნიკაცია, ძალიან უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, რითაც კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ცნობილობა და რაღაც ასეთი, ძალიან შორს არის. ადამიანები ვართ ყველანი, უცნობებიც და ცნობილებიც. ყველა ტიპის ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია. წიგნს ყდით არ ვაფასებ, თუ მისი შინაარსი არ ვიცი. ადამიანს ისე ვცემ პატივს, როგორც მინდა, რომ მე მცენ პატივი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო სადა და უბრალო.

"ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ვხატავდი"

- დედის ახალი კლიპი მოგეწონა?

- ყველა კლიპი მომწონს, რაც დედაჩემს აქვს გადაღებული. შეხედავ და ამაყობ. ძალიან მაგარია, შენს საყვარელ ადამიანს სფერო, რომელშიც მუშაობს, ასე უყვარს. ისიც არასდროს დანებდა არანაირ წინააღმდეგობას... საერთოდ, დედაჩემის და მამაჩემი ურთიერთობას რომ ვუყურებ, ვამბობ, რომ სიყვარული მართლა არსებობს... კი, კლიპი მაგარი იყო, ძალიან მომეწონა. ბევრი დადებითი კომენტარიც მოჰყვა და მადლობა ამდენ ადამიანს. ვიღაცას შეიძლება მუსიკა არ მოეწონა და ეს ჩვეულებრივი რამეა. მთლიანობაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

- მამაზე რას გვეტყვი?

- მამაჩემს დიდი წვლილი აქვს ჩემს ცხოვრებაში, ოღონდ მე წარმატებას მივაღწიო და კარგად ვიყო, მხოლოდ ეს უნდა, რითაც ვამაყობ. მამა ძალიან კეთილია, ორივეს - დედას და მამას უყვართ ადამიანების დახმარება. ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან.

"როცა ფოტოაპარატი ხელში მიჭირავს, თითქოს რეალობას ვწყდები"

- ძმასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ძალიან მიყვარს ნიკო. მას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ერთი კამათიც კი არ გვქონია... ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მიხვდება, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ცნობილი ადამიანების შვილობას აქამდე არ შევუცვლივარ და ამის შემდეგაც არაფერი შემცვლის. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ყოველდღე ვცდილობ, ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. არის დღეები, როცა რაღაცები არ გამოდის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კარგი შედეგი მქონდეს. იმედი მაქვს, რომ ვიქნები წარმატებული ადამიანი ფოტოგრაფიაშიც და ფერწერაშიც. არასდროს მქონია ვინმეს მიმართ შურისა და გაჯიბრების მომენტი. მხოლოდ ის მინდა, რომ ყოველ დღეს უკეთესი ვიყო, ვიდრე წინა დღეს ვიყავი. მარცხი თუ მქონია, ამის გამო განწყობა არ გამიფუჭებია, პირიქით, ამას გავუძლიერებივარ. ეგ რომ არ ყოფილიყო, არ ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც სირთულის დაძლევაში დამეხმარნენ, მათ შორის ჩემი მასწავლებლები, მეგობრები და მშობლები არიან. მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე და ამას ყოველთვის დავაფასებ.