ავტორი:

"ჩვენი უდიდესი თხოვნაა ხმა მოგვცეთ, გვერდში დაგვიდგეთ" - რამდენიმე საათში საბავშვო "ევროვიზია" დაიწყება: ქართველი მომღერლები გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

"ჩვენი უდიდესი თხოვნაა ხმა მოგვცეთ, გვერდში დაგვიდგეთ" -  რამდენიმე საათში საბავშვო "ევროვიზია" დაიწყება: ქართველი მომღერლები გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, "რანინას" მეექვსე სეზონის გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და "რანინას" 2022 წლის ფინალისტები - ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი საქართველოს 2023 წლის საბავშვო "ევროვიზიაზე" წარადგენენ, ისინი შეასრულებენ სიმღერას Over The Sky, რომლის ავტორები არიან მებო ნუცუბიძე (მუსიკისა და ტექსტის) და ბეთხო - ირაკლი მანჩხაშვილი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, რომელიც ასევე მუშაობს სასცენო დადგმაზე ქორეოგრაფ გიორგი ტორიაშვილთან ერთად. ანასტასიასთან, ნიკოლოზსა და ოთოსთან ერთად "ევროვიზიის" სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე გამოვა, მხატვრული ტანმოვარჯიშეები ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია.

21-ე საბავშვო "ევროვიზია" საფრანგეთის ქალაქ ნიცაში იმართება. საქართველო საბავშვო "ევროვიზიის" წარმატებული მონაწილე ქვეყანაა. პირველად 2008 წელს პროექტით "ბზიკები" გაიმარჯვა, 2011 წელს პირველ ადგილზე გავიდა ჯგუფი "ქენდი", 2016 წელს კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო, 2022 წელს კი მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა.

ანასტასია ვასაძე:

- ნამდვილად არ ველოდით, თუ "ევროვიზიაზე" ჩვენ სამნი წავიდოდით და ძალიან ბედნიერი ვართ ამ გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, კარგი არჩევანია, რომ ნიკოლოზი და ოთოც მოდიან.

ოთო ბაზერაშვილი:

- თავიდან ვიცოდით, რომ მხოლოდ ანასტასია მიდიოდა, ჩვენ რეპეტიციაზე დაგვიბარეს და იქ დაგვხვდა მთელი გადამღები ჯგუფი, რაღაც ფურცელი გადმოგვცეს და რომ გავხსენით, ეწერა, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საბავშვო "ევროვიზიაზე" მიდიანო, სიხარულისგან დავხტოდით, თან ხალხის გვრცხვენოდა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდით, აღფრთოვანებული ვიყავით.

ნიკოლოზ ხარატი:

- მეც ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა. ამ საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, რადგან საბავშვო "ევროვიზიაზე" ანასტასიას გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

ანასტასია:

- ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ საკუთარ ქვეყანას წარმოვაჩენთ. "ევროვიზია" მასშტაბური კონკურსია და ამდენი მაყურებელი რომ გვნახავს, ღირსეულად უნდა გამოვიდეთ. მგონია, ყველაფერი კარგად იქნება.

ოთო:

- ჩვენ ჩვენი თავისა და გულშემატკივრების იმედი გვაქვს, მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ, ჩვენ კი მათი იმედი გავამართლოთ, რათა შემდეგ წელს "ევროვიზია" საქართველოში გაიმართოს. ხმის მიცემა 24 ნოემბერს 23 საათზე დაიწყება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება, კონცერტის მსვლელობისას შეწყდება და შემდეგ 15 წუთით ჩაირთვება. ხალხო, თქვენი იმედი გვაქვს, ძალიან გვიყვარხართ და გვეიმედებით! განაგრძეთ კითხვა