ავტორი:

რაკეტები სარეცხი მანქანებიდან და სკუტერებიდან?! -  სიმართლე და მითები ახალი რუსული იარაღის შესახებ

რაკეტები სარეცხი მანქანებიდან და სკუტერებიდან?! -  სიმართლე და მითები ახალი რუსული იარაღის შესახებ

დასავლეთის სანქციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მაღალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა უნდა შეეზღუდა, მაგრამ როგორც უკრაინელი სამხედროების ნაალაფარი იარაღის ანალიზი აჩვენებს, ეს მთლად არ გამოვიდა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალგაზრდა მეთაური ანდრეი რუდიკი ჩანთიდან ერთი მეორეს მიყოლებით იღებს ელექტრონულ მოწყობილობებს რუსული საომარი ტექნიკიდან და ფრთხილად ალაგებს მაგიდაზე. ეს არის უკრაინელების ხელთ ჩავარდნილი რუსული იარაღი, მეთაური რუდიკი კი წარმოადგენს უკრაინის სამხედრო უწყების გენერალური შტაბის საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც მტრის იარაღს და სამხედრო ტექნიკას სწავლობს.

სწორედ ეს ჯგუფი შეისწავლის, თუ რომელი კომპონენტებისგან შედგება ახალი რუსული იარაღი და აანალიზებს, როგორ გაუმკლავდნენ მას.

“ნუ დაგავიწყდებათ ხელების დაბანა მას შემდეგ, რაც ამას შეეხეთ” - ამბობს მეთაური და გულისხმობს, რომ ნაალაფარი იარაღი ხშირ შემთხვევაში დაღუპული მეომრებისგან არის ამოღებული.

ამ იარაღის შიგთავსზე საუბრისას ანდრეი რუდიკი დინჯდება. მისი დასკვნით, სანქციების პირობებშიც კი, რუსეთი ახერხებს იარაღის წარმოებაში მასობრივად გამოიყენოს დასავლური, მაღალტექნოლოგიური კომპონენტები.

  • ხელოვნური ოპტიკა

"ეს კამერა რუსული სადაზვერვო დრონ «Элерон-3СВ-დან არის. ის საკმაოდ მარტივად არის აწყობილი, თუმცა მისი ელექტრობა და მიკროჩიპი უცხოურია“, - ამბობს რუდუკი და ამავდროულად გვაჩვენებს დეტალს, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სათვალთვალო კამერას, რომელიც სახლებზეც გვინახავს. თუმცა ეს ოპტიკური სისტემა არის უახლესი რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომელთაც მასობრივად იყენებენ ბრძოლის ველზე.

მეთაური რუდიკი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს, რომ სანქციებით შეზღუდვამ იმოქმედა და რუსმა მწარმოებლებმა ვერ შეძლეს დაეყენებინათ დრონისთვის მაღალტექნოლოგიური კამერა და იძულებულები გახდნენ მოეძებნათ შემცვლელი. ეს კი აღმოჩნდა ქუჩის სათვალთვალო კამერები.

რუდიკი ამბობს, რომ სერიული წარმოების კამერების პრობლემა რომ აქვთ ოკუპანტებს, ეს სხვა ტიპის საფრენი აპარატების შემთხვევაშიც დასტურდება.

  • უცხოური კვალი

იგივე სიტუაციაა სხვა "მაღალტექნოლოგიურ“ მოწყობილობებთანაც, რომლითაც კრემლი ამაყობს. შეიარაღების შესწავლის ცენტრის წარმომადგენელი გვაჩვენებს საკმაოდ მასიურ თეთრ ყუთს - ეს არის ე.წ. სატელევიზიო მოწყობილობა ტანკიდან T-90M, რაც რუსეთს თავდაცვის სიამაყედ მიიჩნევა.

"T-90M“ საუკეთესო ტანკია სამყაროში“- ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაა.

მაგრამ, როგორც ირკვევა, მის ელექტრონიკაში რუსული არაფერია...

"ყველაფერი იმპორტირებულია, აქ არაფერია რუსული“, - ამბობს ანდრეი რუდიკი. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს დამალოს ეს ფაქტი, მაგალითად, ლაზერით პროცესორების მარკირებით, მაგრამ უკრაინელმა სპეციალისტებმა უკვე კარგად შეისწავლეს ეს ყველაფერი და დასკვნებიც გააკეთეს.

რუსებს პრობლემა ასევე ექმნებათ, მარტივი მოწყობილობების შექმნაში, როგორიცაა რაციები და პლანშეტები.

"ეს სამხედრო დაზვერვის მეთაურის პერსონალური კომპიუტერია, რომელიც კონკრეტული სამხედრო კომპლექსის ნაწილია. რუსული თავდაცვა მას აცხადებს ექსკლუზიურად რუსულ მექანიზმად, თუმცა მასზე გვხვდება უცხოური კვალი“, - აგრძელებს რუდიკი.

უკრაინელების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ნადავლი - რუსული რაცია «Азарт»- ია. ეს მოდელი მუშა მდგომარეობაშია, შესაძლებელია რუსი მეომარის შენახული კონტაქტებისა და მესიჯების ნახვა. მაგრამ რაციაში აღმოჩენილია უცხოური შიგთავსი.

  • "სარაკეტო შიმშილი"

უკრაინელი მებრძოლების განცხადებით, რუსეთი სანქციების მიუხედავად, აგრძელებს მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოებას და ახლა აქტიურად აგროვებს მათ, იმისთვის რომ ამ ზამთარში შეუტიოს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთმა მოახერხა 800 - მდე რაკეტის შეგროვება და ყოველთვიურად შეუძლია, დაახლოებით, 100 ერთეულამდე აწარმოოს. მაგრამ, ესეც დამოკიდებულია უცხოურ კომპონენტებზე.

ანდრეი რუდიკი აღნიშნავს, რომ თვითონ მონაწილეობდა თანამედროვე რუსული რაკეტის Х-47м2 ("კინჯალის“) ნარჩენების შესწავლაში. რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინი ამ კომპლექსს უწოდებდა "იდეალურს“.

მაგრამ უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკელების ანტისაჰაერო სისტემის (PATRIOT) დამხმარებით უკვე 14 ასეთი რაკეტა ჩამოაგდეს. " თვითონ რაკეტა ასევე შედგება უცხოური კომპონენტებისგან. ელექტრონიკა იქ სულ უცხოურია. მაშასადამე, პირველ რიგში, ის უკვე აღარ გამოდის იდეალურად რუსული იარაღი, რადგან რუსეთის ფედერაციას მისი უცხოური კომპონენტების გარეშე წარმოება არ შეუძლია“, ამბობს მეთაური რუდიკი. კიდე ერთი რუსული ფრთოსანი რაკეტის "Х-101“- შესწავლისას უკრაინელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ელექტრონიკის "დეგრადაცია“ . როგორც მეთაური რუდიკი ამბობს, ადრეულ ნიმუშებზე ბევრად ხარისხიანი უცხოური ჩიპები ეყენა, ახალ ნიმუშებზე კი, სავარაუდოდ, სანქციის გამო, რუსებმა შედარებით ძველი მიკროსქემების გამოყენება შეძლეს.

  • საიდან მოაქვს რუსეთს მიკროსქემები?

2023 წლის დასაწყისში უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთი მიკროსქემებს თავიანთი იარაღისთვის იღებს უცხოური საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან. შესაბამისად, შეუძლებელია მათთვის ყველა არხის გადაკეტვა.

"ეს არის უდიდესი სირცხვილი რუსული იდეოლოგიისთვისაც კი, იმიტომ რომ ისინი დაეცნენ იქამდე, რომ ყიდულობენ სარეცხ მანქანებს, მტვერსასრუტებს და შლიან მიკროსქემებად, რასაც შემდგომ რაკეტებში ათავსებენ“, - აცხადებდა ის ჟურნალ Forbes - თან.

განცხადებაში "სარეცხი მანქანებიდან ამოღებულ ჩიპებზე“ არის სიმართლის მარცვალი. "საქმე იმაშია, რომ ცალკეული მიკროსქემები საყოფაცხოვრებო ნივთებიდან მართლაც, რომ შეგვიძლია საომარ ტექნიკაში გამოვიყენოთ, თუმცა არა პირდაპირ გადატანით, არამედ მათი მოდერნიზებით", - ამბობს რუდიკი. წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა