ავტორი:

"მოვიდა ჩემი ბიჭი ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" - აფხაზეთში 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორიის ამერიკული გაგრძელება

"მოვიდა ჩემი ბიჭი ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" - აფხაზეთში 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორიის ამერიკული გაგრძელება

ემზარ ჯღარკავასა და ნინო კვარაცხელიას სიყვარულის ისტორია 40 წლის წინ, სოხუმში დაიწყო... მათი ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა, ისინი დაშორდნენ, მაგრამ წლების შემდეგ მათი გზები სოციალურ ქსელში გადაიკვეთა. საყვარელი ქალი საქართველოში მცხოვრებმა ემზარმა ამერიკაში იპოვა.

მას შემდეგ წყვილმა სოციალური ქსელით გააგრძელა კონტაქტი, მედიასთან ჰყვებოდნენ იმ ბედნიერ შეხვედრებზე, როდესაც ახალგაზრდები მშობლიურ სოხუმში ცხოვრობდნენ. თუმცა მალე ემზარი ჯარში წაიყვანეს და დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს. სამი წლის განმავლობაში საყვარელ ქალთან წერილის მიწერა ვეღარ მოახერხა. ნინოს უკან უბრუნდებოდა შეყვარებულთან გაგზავნილი წერილები. გოგონა გათხოვდა, მოგვიანებით ემზარმა გაიგო, რომ ქალი მოიტაცეს. ემზარიც დაოჯახდა, მაგრამ ცოლს დაშორდა, გარდაიცვალა ნინოს მეუღლეც, რის შემდეგაც ქალი ამერიკაში წავიდა.

“პირველივე დღეს ავუხსენი სიყვარული და ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, ვეძებდი და ვნახე.

შემდეგ გამამწესეს დისციპლინარულ ბატალიონში სამი წლით. მიმოწერის უფლება არ მქონდა, დავკარგე ნინოსთან კავშირი.

შემდეგ ვიგებ, რომ ნინო გათხოვდა… გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და გავიგე, რომ ნინო მოიტაცეს. მე ვიცოდი, რომ ნინო თავისი სურვილით, გამორიცხული იყო, ვინმეს გაჰყოლოდა. სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე და ვიცანი, რომ სწორედ ჩემი ნინო იყო.

აი, ეს არის სწორედ სიყვარული, რომლის გამოც ნინო ამერიკიდან მარტვილში აპირებს ჩამოსვლას”, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ემზარ ჯღარკავა.

წლების შემდეგ განახლებულ სასიყვარულო ურთიერთობას ვირტუალურად ხელის თხოვნა მოჰყვა. ნინო საქართველოში დაბრუნებას და ემზართან ერთად ცხოვრების გაგრძელებას აპირებდა.

"იშვიათად ვცდილობთ მოვიწყინოთ, როცა ვსაუბრობთ, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ერთმანეთის გამხნევება... ერთი დიდი დროის კალენდარი გვაქვს, სადაც ათვლა წუთებით და წამებით კი არა, მთელი ერთი კვირითაა... თითქოს ასე უფრო სწრაფად ახლოვდება ჩვენი შეხვედრა... ვითომ რაოდენობაში ვიგებთ” - წერდა ნინო კვარაცხელია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ემზარმა თავად ჩააკითხა ამერიკაში. წლების შემდეგ შეხვედრის ამაღელვებელი კადრები წყვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას", - წერს ნინო კვარაცხელია.

ემზარ ჯღარკავა მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია. ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ქართველი ემიგრანტების შეხვედრას დაესწრო და ექსპრეზიდენტის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

"მადამ ტიუსოს ცვილების მუზეუმში არ გეგონოთ ჯღარკავა, ნამდვილი თემურ ალასანიაა ჩემს გვერდით. კაცი, რომელზეც ლეგენდები დადის საქართველოში, უშუალო, კომუნიკაბელური, იუმორის გრძნობით უხვად დაჯილდოებული და საინტერესოდ მოსაუბრე პიროვნება აღმოჩნდა...“

ნინო კვარაცხელია აფხაზეთის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გახლავთ, თუმცა სოხუმელმა ქალმა წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა ცხოვრების გაგრძელება.

ემზარ ჯღარკავასა და ნინო კვარაცხელიას წყვილის შეხვედრას მათი გულშემატკივრები წელიწადზე მეტხანს ელოდნენ. 40 წლის შემდეგ განახლებული სიყვარულის ისტორია ამჟამად უკვე შტატებში გრძელდება.