ავტორი:

"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბრიტანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა: რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლების საუკეთესო არჩევანი

"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბრიტანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა: რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლების საუკეთესო არჩევანი

ეს იყო ყველაზე ცუდი ამბავი, რომელიც მომავალ მშობლებს შეიძლებოდათ გაეგოთ. ბრიტანელ წყვილს, შელის და რობს უთხრეს, რომ მათ შვილს ტვინი არ ჰქონდა განვითარებული. იმ შემთვევაში, თუ ბავშვის დაბადებას მაინც გადაწყვეტდნენ, შესთავაზეს ახალშობილი სამშობიაროში დაეტოვებინათ. ქალს ასევე ნაყოფის მოშორებას სთხოვდნენ, მაგრამ ქალმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ბავშვი აუცილებლად დაიბადებოდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის. მხარს უჭერდა ქმარიც.

ახლა ნოა 12 წლის არის, ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტვინის ორი პროცენტით დაიბადა. ბიჭი ვიგტონთან ახლოს, კუმბრიაში (ჩრდილო-დასავლეთ ინგლისი) დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ნოა თავად გადაადგილდება (თუმცა ჯერ არც ისე თავდაჯერებულად), ლაპარაკობს, წერს, კითხულობს და მშობლებისთვის შემზარავია იმის წარმოდგენა, რომ ბავშვი მოეშორებინათ ან საავადმყოფოში დაეტოვებინათ.

ნოა გვიანი ბავშვი იყო: როდესაც ის დაიბადა, შელი 40 წლის იყო, ხოლო მისი ქმარი, რობი 47 წლის, თუმცა, გვიან ასაკში მშობიარობა ინგლისში იშვიათი არაა. მთავარია, შვილი სასურველი და ნანატრი იყო.

როდესაც ნოა დაიბადა, ექიმებმა დედას და მამას აჩვენეს მისი ტვინის რენტგენი და დაარწმუნეს, რომ მათი შვილი რომ გადარჩენილიყო, ის არასოდეს ივლიდა და ისაუბრებდა. "ის იცხოვრებს როგორც მცენარე", - უთხრეს ექიმებმა. თუმცა, რობმა და შელიმ არ დაუჯერეს მათ.

რატომ არ განვითარდა ბავშვის ტვინი? - ამ კითხვაზე ექიმებს ერთი პასუხი აქვთ, იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ საშვილოსნოში იყო, ტვინმა ზრდა შეწყვიტა მასში წარმოქმნილი ფორენცეფალური კისტის გამო.

"ხუთჯერ მაინც მითხრეს, რომ ორსულობა შემეწყვეტინა", - იხსენებს დედა. როდესაც მშობიარობა დაიგეგმა, წყვილს შესთავაზეს, რომ დაუყოვნებლივ დაეგეგმათ მისი დაკრძალვა. "მართალი გითხრათ, თავიდან ექიმებს დავუჯერე და მე და ჩემმა ქმარმა პატარა სასახლეც კი შევუკვეთეთ ჩვენი დაუბადებელი ბიჭისთვის. ბოლოს და ბოლოს, ექიმები არც კი იყვნენ დარწმუნებული, დაიბადებოდა თუ არა ის ცოცხალი. მაგრამ როდესაც ის დაიბადა, გადავწყვიტე, რომ იმედი არ უნდა დამეკარგა“ - ამბობს ქალი.

რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლები

გარდა თითქმის განუვითარებელი ტვინისა, ბავშვს სხვა პათოლოგიებიც ჰქონდა. კერძოდ, ნოას სპინა ბიფიდასა და იშვიათი დაავადების - ჰიდროცეფალიიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს თავის ტვინში სითხე გროვდება (ეს ორი დიაგნოზი ხშირად თან ახლავს ერთმანეთს).

ექიმები ახლა ამბობენ, რომ შესაძლებელია, რომ ნოეს რეალურად ტვინი სრულად ჰქონდა, მაგრამ მისი ტვინის 98%, სითხის სახით იყო თავში. ბავშის დაბადების შემდეგ ექიმებმა შუნტი ჩაუდგეს, რათა ჭარბი სითხე ამოეღოთ.

რამდენიმე წლის განმავლობაში, ბავშვის ტვინმა დაიბრუნა მოცულობის 80%. ამის შემდეგ ნოამ შეძლო ჩვეულებრივი ბავშვივით ცხოვრება. მისი მშობლები მუდმივად მუშაობდნენ მასთან, ისწავლა ლაპარაკი, კითხვა, დათვლა და ცოტა წერაც კი.

მისი ცხოვრების პირველი წლები ძალიან რთული იყო, იხსენებს დედა. „მის საწოლზე დამაგრებული იყო მონიტორი, რომელიც იწერდა მის სუნთქვას. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, სიგნალს გზავნიდა და სპეციალურ ხმაზე მშობლებს გვეღვიძებოდა. მე და ჩემს ქმარს, ფაქტობრივად, არ გვეძინა.

შრომისმოყვარეობის ნაყოფი

სასწაული ბიჭის დაბადებიდან ათი წლის შემდეგ, მშობლები ამბობენ, რომ მათ არასოდეს ეპარებოდათ ეჭვი, რომ ნოას შეეძლო მიეღწია იმისთვის, რაც სურდა - მიუხედავად საშინელი "პროგნოზებისა" და ექიმების წინასწარმეტყველებისა.