ავტორი:

"ძალაუფლება "გდია ქუჩაში“, ოპოზიცია უნდა დაიხაროს და აიღოს... პრეზიდენტმა კი შეიძლება, სერიოზული როლი ითამაშოს" - გია ხუხაშვილი

"ძალაუფლება "გდია ქუჩაში“, ოპოზიცია უნდა დაიხაროს და აიღოს... პრეზიდენტმა კი შეიძლება, სერიოზული როლი ითამაშოს" - გია ხუხაშვილი

ორპოლუსიანი სიმბიოზი, რომელიც ერთმანეთს კვებავდა და აძლიერებდა, ფაქტობრივად, დაიშალა - ხელისუფლებას "მგელი მოდის“ პრინციპით არჩევნების ჩატარება და ამომრჩევლების ამით მომხრობა გაუჭირდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ "ჩვენი პოლიტიკური ელიტა არ არის ლეგიტიმური“.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდი პრაქტიკულად, ჩატეხილია.

"ჩაკეტილია ქვეყანა ერთგვარ არჩევანში - წარსულსა და აწმყოს შორის. ეს ორი ძირითადი პოლიტიკური ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომავლისკენ მიმავალი გზა ჩახერგოს, სამწუხაროდ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც ვერ აყალიბებენ მომავლის ღირსეულ არჩევანს და შესაბამისად, ფაქტობრივად, ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდი ჩატეხილია. ეს ტენდენცია დიდი ხანია იგრძნობა. მე ვერ გეტყვით, რომ გამიკვირდა. დინამიკა ისეთი იყო, რომ ძალიან კარგად ჩანდა, ჩვენ აქამდე მივიდოდით. ციფრები, ალბათ, კიდევ უფრო უარესია.

ხელისუფლების 19% და მეორე პოლუსის 4% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა დამთავრდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშალა. ეს ორპოლუსიანი სიმბიოზი, რომელიც ერთმანეთს კვებავდა და აძლიერებდა, ფაქტობრივად, დაიშალა. ანუ ხელისუფლებას ნეგატიური გზავნილით, "მგელი მოდის“ პრინციპით არჩევნების ჩატარება და ამით მომხრობა გაუჭირდება,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს "ნატურალური ამომრჩეველი“ ფაქტობრივად, აღარ ჰყავს.

"ქართულ ოცნებას“ ნატურალური ამომრჩეველი, რომელიც თავის მომავალს ამ პარტიასთან აკავშირებს, პრაქტიკულად, აღარ ჰყავს. დაახლოებით, იმდენივე ჰყავს, რაც "ნაციონალურ მოძრაობას“. შეიძლება, ცოტა უფრო მეტი, მაგრამ არა პრინციპულად, იმიტომ, რომ მე არ შემხვედრია ადამიანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იტყოდა, რომ "ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ შეიძლება, ხვალ უკეთესად ვიცხოვროთ. კი ბატონო, ბევრი მეუბნება, რომ "ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, მაგრამ იმ მოტივით კი არ ხსნიან, რომ "ქართული ოცნება“ ჩემს პრობლემებს გადაწყვეტს, არამედ იმით, რომ "ქართული ოცნება“ თუ შეიცვალა, ამ შემთხვევაში ჩვენ უარესად ვიქნებით,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მან გადაცემაში, ასევე, ოპოზიციის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვირტუალურ ლიდერებად იქცნენ, რომლებიც მონოლოგის რეჟიმში ხალხთან კომუნიკაციას მიეჩვივნენ.

ხუხაშვილის თქმით, ოპოზიცია ყველას ელაპარაკება, გარდა ქართველი ხალხისა და აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ინტერაქციაა აუცილებელია.

"მივლენ ეთერში, ადამიანებს მონოლოგის რეჟიმში დამოძღვრავენ და ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკა. ახლა არის დრო, როდესაც რკინის ქალამნები არის ჩასაცმელი და ინტერაქცია. ძალაუფლება გდია ქუჩაში, დაიხარეთ და აიღეთ ეს ძალაუფლება,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, პროცესებში სერიოზული როლი ითამაშოს, "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კი შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს.

"სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, სერიოზული როლი ითამაშოს ამ პროცესში და ამას ხელისუფლების გარდა ვერავინ ხვდება. მელიას აქვს ერთი თვისება, რაც ნაკლებად ახასიათებს დანარჩენ პოლიტიკურ ელიტას. მელიას ინტერაქციის უნარი აქვს. ის შეიძლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.