ავტორი:

"ჩვენ საზარბაზნე ხორცს გვეძახდნენ" - როგორ დაიღუპა ასობით რუსი საზღვაო ქვეითი უგლედარისთვის ბრძოლაში: წარმოშობით ქართველის ისტორია, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა

"ჩვენ საზარბაზნე ხორცს გვეძახდნენ" - როგორ დაიღუპა ასობით რუსი საზღვაო ქვეითი უგლედარისთვის ბრძოლაში: წარმოშობით ქართველის ისტორია, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა

2022 წლის ოქტომბერში, ოკუპანტმა რუსეთმა "შავი ბერეტები" - საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის მებრძოლები მიმართა უკრაინის ქალაქ უგლედარის შტურმისთვის. მათ შორის იყო წარმოშობით ქართველი რამაზ გორგაძე - ახალგაზრდა რეპერი, რომელსაც TikTok -ზე ათასობით მიმდევარი ჰყავდა.

2023 წლის 12 იანვარს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 ნოემბერს ჩრდილოეთის სამხედრო ოლქის ზონაში 25 წლის რიგითი რამაზ გორგაძე შტურმისას დაიღუპა.

ვრცელ წერილში ახალგაზრდაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძოდა ვკითხულობთ:

"რამაზ გიორგაძე დაიბადა 1997 წლის 9 იანვარს. მან მთელი ცხოვრება გაატარა სოფელ იაგოდნოიეში. მას ახასიათებენ, როგორც პატიოსან, სიმპათიურ, ნიჭიერ და კომუნიკაბელურ ახალგაზრდას. რამაზი ადრეული ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სპორტის ოსტატის კანდიდატის წოდება ჰქონდა. იყო არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი.

ის იყო მრავალმხრივი პიროვნება - უყვარდა რეპი, წერდა სიმღერებს, ჰყავდა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი, რომელთან ერთადაც გამოდიოდა სხვადასხვა ღონისძიებებზე არა მხოლოდ სოფელ იაგოდნოიეს კულტურის სახლში, არამედ მაგადანის რაიონის სოფლებშიც".

2015 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ რამაზი რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და დაიწყო მუშაობა სამთო კომპანია "სტატუსში“, შემდეგ შპს "ტეპლოენერგიაში“ ცენტრალურ ქვაბებში ორთქლის ქვაბების ოპერატორად.

მოგვიანებით რამაზ გორგაძე სახელმწიფო ჯილდოზეც წარადგინეს.

  • რა მოხდა რეალურად?

რამაზის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ბი-ბი-სის რუსული სამსახური აქვეყნებს ფილმს, რომელშიც მოთხრობილია რატომ და რა ვითარებაში გარდაიცვალა გორგაძე.

2022 წლის ოქტომბერში რუსეთმა "შავი ბერეტები“, ელიტარული 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის წევრები, უკრაინის ქალაქ უგლედარში შტურმისთვის გაგზავნა.

შტურმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ინტერნეტში გამოჩნდა "შავი ბერეტების" წერილი, რომელშიც ჩიოდნენ სამხედრო ხელმძღვანელობის "არაკომპეტენტური" ბრძანებების შესახებ. მებრძოლები აცხადებდნენ, რომ მეთაურების ტაქტიკური შეცდომების შედეგად, ისინი სრულიად დაუცველი აღმოჩნდნენ უკრაინელთა წინააღმდეგ, რის გამოც ოთხ დღეში 300 მებრძოლი დაკარგეს. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ მეთაურები მათ, უბრალოდ, "საზარბაზნე ხორცს" უწოდებდნენ.

ღია წყაროს მონაცემებისა და ვიდეო მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, BBC-ის საგამოძიებო ჯგუფი რამაზის მშობლიურ ქალაქს ესტუმრა, სადაც შეიტყვეს მისი გარდაცვალების გარემოებები. BBC-მ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ აშკარად ტაქტიკურმა შეცდომებმა გამოიწვია მძიმე მსხვერპლი რუს საზღვაო ქვეითებს შორის. მებრძოლებმა მოსალოდნელი დანაკარგის თაობაზე არაერთხელ გააფრთხილეს მენეჯმენტი, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა.

ბი-ბი-სის საგამოძიებო ჯგუფმა შეისწავლა პრიმორიესა და მეზობელი რეგიონების სასაფლაოები, რის შედეგადაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ155-ე ბრიგადის პერსონალის დანაკარგები, შესაძლოა, 1 450 ადამიანს აჭარბებდეს. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, შეტევის დასაწყისში 155-ე ბრიგადაში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი იყო.

  • ელიტის დაკარგვა

როგორც დასავლელი, ასევე რუსი ექსპერტების აზრით, რუსული არმიის გაერთიანებული შეიარაღების ქვედანაყოფები არ იყვნენ მზად თავდასხმითი ოპერაციებისთვის.

155-ე საზღვაო ბრიგადა უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძოდა. "შავი ბერეტებმა" მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა კიევის რეგიონში ბრძოლების დროს. უკრაინის ხელისუფლებამ ამ ბრიგადის მებრძოლები ბუჩაში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

ბრიგადამ ყველაზე მეტად იზარალა 2022 წლის შემოდგომიდან, დონეცკის ოლქში, უგლედარში შეტევის რამდენიმე მცდელობისას.

2023 წლის დასაწყისში ინტერნეტი სავსე იყო უგლედართან 155-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების ქაოტური მოქმედებების კადრებით. დრონიდან გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ ვერ ახერხებდნენ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანაში მყოფი ჯარისკაცები დიდი ხნის განმავლობაში ღია ადგილის დატოვებას.

გასული წლის ნოემბერში უგლედარსა და მეზობელ სოფელ პავლოვკაზე თავდასხმის კიდევ ერთმა მცდელობამ ასევე გამოიწვია ბრიგადის სერიოზული დანაკარგი. შემდეგ რუსული სახელმწიფო არხების რამდენიმე ჟურნალისტმა და უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერმა ბლოგერებმა განაცხადეს, რომ პავლოვკას მახლობლად შეტევის 4 დღის განმავლობაში ბრიგადამ, სავარაუდოდ, დაკარგა მთელი თავისი აღჭურვილობის დაახლოებით 50% და 300-მდე ადამიანი.

ერთ-ერთი მათგანი იყო რამაზ გორგაძე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან იყო მობილიზებული. ის იღებდა ფოტოებს სასწავლო ბანაკში და აზიარებდა პოსტებს სოციალურ ქსელში რუსეთის მხარდამჭერი ტექსტით.

გორგაძის დედამ რუსულ გაზეთ "მაგადან პრავდას“ განუცხადა, რომ მას მეგობრები ჰყავდა უკრაინაშიც.

ის 155-ე საზღვაო ქვეითთა ​​ბრიგადას 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეუერთდა.

  • ახალი "სისხლი და ხორცი"

გორგაძე მონაწილეობდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების, პავლივკასა და უგლედარის ასაღებად ოკუპანტების ბრძოლაში.

უგლედარი - ქალაქი, სადაც ოდესღაც 15 000 ადამიანი ცხოვრობდა, ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი საბრძოლო ადგილი გახლდათ. ის მდებარეობს მაღალ ადგილზე, რაც უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს რუსული მიწოდების ხაზების სამიზნეში ამოსაღებად.

დაახლოებით ამ დროს გორგაძემ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო შემაძრწუნებელი კადრებით, რომელშიც ასახულია ახლომდებარე ქალაქ ვოლნოვახას ნგრევა.

უგლედარზე თავდასხმის წინ კი, მან შეწყვიტა შეტყობინებების გაგზავნა დედასთან.

  • მოგზაურობა ფრონტის ხაზზე

2022 წლის დეკემბრისთვის გორგაძის დედას, სვეტლანას შვილის შესახებ ინფორმაცია აღარ ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტა, თავად წასულიყო ფრონტის ხაზზე მის მოსაძებნად. მისი თქმით, უკრაინამდე მისასვლელად თითქმის 7000 კმ გაიარა.

ადგილზე ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მისი შვილი მკვდარი იყო.

გორგაძე მშობლიურ ქალაქ იაგოდნოიეში ა.წ. იანვრის ბოლოს დაკრძალეს, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც რუსეთმა კიდევ ერთი შეტევა დაიწყო უგლედარზე.

აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, საოკუპაციო ძალებმა ჯერ კიდევ ვერ აიღეს უგლედარი და ქალაქზე თავდასხმების დროს ჯავშანტექნიკის აფეთქების ახალი ვიდეოები კვლავ ჩნდება სოციალურ ქსელებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 155-ე საზღვაო ბრიგადის სერიოზულ დანაკარგებს არ მოჰყოლია მისი სრული დეზორგანიზაცია. რუსული სამხედრო სარდლობა დროდადრო ახერხებს ფრონტზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის ანაზღაურებას - მობილიზებულების ან პატიმრების დახმარებით.

ყველა ამ ფაქტორების შედეგად,155-ე საზღვაო ბრიგადა აგრძელებს უგლედარის შტურმის მცდელობას და დანაკარგები ისევ დიდია.

უგლედარისთვის ბრძოლა უკვე 15 თვეა გრძელდება.