ავტორი:

“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს”- სეზონის საუკეთესო მოაზროვნის, ქეთი დიასამიძის "რა? სად? როდის?“

“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს”- სეზონის საუკეთესო მოაზროვნის, ქეთი დიასამიძის "რა? სად? როდის?“

ქეთი დიასამიძე 14 წლიდან, ოფიციალურად “ინტელექტ კლუბის” ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ა.წ. 17 დეკემბერს, ქეთი თამაშის “რა? სად? როდის?” ზამთრის სერიის ფინალის გამარჯვებული და "ბროლის ბუს" მფლობელი გახდა. გადავწყვიტეთ, მეტი გაგვეგო მისი ცხოვრების, მიზნებისა და "ინტელექტუალურ კლუბში“ გატარებული დროის შესახებ.

ქეთიმ ბავშვობა ბათუმში გაატარა და 14 წლიდან აქტიურად დაიწყო თამაშის “რა? სად? როდის?” ტურნირებში მონაწილეობა, ამბობს, რომ “ინტელექტ კლუბში” საკუთარი თავი იპოვა.

“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს", - ამბობს ქეთი.

“ინტელექტ კლუბში” მოღვაწეობის გარდა, ქეთის საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს. ამჟამად თბილისში ცხოვრობს, განათლებით რეჟისორი და ხელოვნებათმცოდნეა, მუშაობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერფეისების მიმართულებით.

- მოგვიყევით თქვენს განცდებზე, ელოდით სეზონის დასაწყისში, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?

- გუნდის წარმატებაში არცერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, თუმცა საკუთარ "ბროლის ბუზე" არ მიფიქრია. ბუნებრივია, გამიხარდა მოგება, თუმცაღა ვფიქრობდი, რომ ამ პრიზის მისაღებად კიდევ ბევრი წელი დამჭირდებოდა.

- გვიამბეთ თქვენს შესახებ, სად გაატარეთ ბავშვობა, რა განათლება მიიღეთ და "ინტელექტ კლუბში“ თამაშის გარდა, რას საქმიანობთ?

- ბავშვობა ბათუმში გავატარე, "ინტელექტ კლუბშიც" პირველად ბათუმში შევაბიჯე ფეხი. ვთამაშობდი ბევრ გუნდში, არ ვტოვებდი ტურნირებს და თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგაც ასეთი შემართებით გავაგრძელე თამაში.

განათლებით რეჟისორი და ხელოვნებათმცოდნე ვარ, ამჟამად ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერფეისების მიმართულებით ვმუშაობ, ვიკვლევ და ვავითარებ მომხმარებლის გამოცდილებას.

- როდის დაიწყეთ "ინტელექტ კლუბში“ თამაში და რამ განაპირობა თქვენი ამ კლუბით დაინტერესება?

- ბუნებრივია, ეს თამაში მეც ტელევიზორიდან შემიყვარდა, ოჯახთან ერთად დიდი ინტერესით ვუყურებდი. ვცდილობდით, ერთობლივად მივსულიყავით სწორ პასუხამდე და ეს ტრადიცია ახლაც შევინარჩუნეთ. გუნდთან ერთად პირველ ოფიციალურ ტურნირზე რომ ვითამაშე, 14 წლის ვიყავი. პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს.

- ამჯერად მოგიწიათ თამაში საკმაოდ გამოუცდელი კაპიტნის, თუმცა დიდი მოაზროვნის გიორგი ბაქრაძის კაპიტნობით, მოგვიყევით მის შესახებ, როგორი იყო მისი მეთაურობით თამაში?

- გიორგი ბაქრაძესთან თამაში არის საოცრად შთამბეჭდავი. გარდა იმისა, რომ უზადოდ განათლებული და ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეა, უბრალოდ, ძალიან თბილი ადამიანია. არ იშურებს მხარდაჭერას, მუდმივად გამხნევებს და გიქმნის მაქსიმალურ კომფორტს. ამიტომ ვიტყოდი, რომ ძალიან გამიმართლა, მასთან რომ მოვხვდი გუნდში. რაც შეეხება კაპიტნობას, ირინა ფრუიძეც და გიორგი ბაქრაძეც განსაკუთრებულად კარგი ლიდერები არიან.

- ორიოდე სიტყვა გვითხარით თქვენს პირად ცხოვრებაზე, ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს წარმატებას?

- ჩემი ოჯახი ძალიან გულშემატკივრობდა ჩემს "ბროლის ბუს", მგონი, ჩემზე მეტად გაუხარდათ. მირეკავდნენ 24 საათის განმავლობაში, ტელეფონი არ ჩერდებოდა. ეს მხარდაჭერა სოციალურ ქსელებშიც აისახა, არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას.

- თამაშისას ისე ჩანდა, რომ საკმაოდ ძლიერი ქალი ხართ, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება სწრაფად შეუძლია, რეალურ ცხოვრებაში როგორი ხართ?

- საკუთარ თავზე საუბარი გამიჭირდება. თუმცა მიმაჩნია, რომ ძლიერი ვარ, კი.

- ინტელექტუალური თამაშები წლების განმავლობაში უფრო მამაკაცთა საქმედ მიიჩნეოდა, დღესაც რომ გადავხედოთ, კლუბში უფრო მეტი სწორედ მამაკაცია, როგორ გრძნობთ მათ შორის თავს და რას ფიქრობთ, გენდერულ თანასწორობაზე ზოგადად?

- არასდროს მიმაჩნდა ინტელექტუალური თამაშები მხოლოდ მამაკაცის საქმედ, მითუმეტეს, როცა ირგვლივ იყვნენ ისეთი მოთამაშეები, როგორიც არიან: ია მეტრეველი, ირინა ფრუიძე, ნინო ფერაძე, მარი კორინთელი… ვფიქრობ, რომ კარგი მოთამაშე კარგი მოთამაშეა და ამასთან სქესს არ აქვს კავშირი.

- დასასრულ, გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ...

- ჯერ კიდევ ამ სიახლის გადახარშვის პროცესში ვარ. ახლა გერმანიაში ვარ, ფინალსაც აქ ვუყურე და ინტერნეტში ვადევნებდი თვალს მაყურებლების ემოციებს. რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, პირველი რასაც გავაკეთებ, წავალ "რა? სად? როდის?" ტურნირის სათამაშოდ.

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი