ავტორი:

საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს, რა მოჰყვება ამას? - აზრთა სხვადასხვაობა მაკრონის გუნდში და პრეზიდენტის განცხადება: "გგონიათ სიხარულისგან ვხტუნავ?“

საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს, რა მოჰყვება ამას? - აზრთა სხვადასხვაობა მაკრონის გუნდში და პრეზიდენტის განცხადება: "გგონიათ სიხარულისგან ვხტუნავ?“

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთის საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა იყო, საბოლოოდ, კანონპროექტის შესწორებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა როგორც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ასევე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნულმა პარტიამ.

მაკრონის პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. პოლიტიკოსების ნაწილი არ ეთანხმებოდა კანონპროექტის შინაარსს. პროტესტის ნიშნად ჯანდაცვის მინისტრი ეურელიენ რუსო თანამდებობიდან გადადგა. საფრანგეთის რეგიონების მესამედის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეასრულებენ კანონის ზოგიერთ ზომას.

ახალი კანონმდებლობა ართულებს მიგრანტების ოჯახის წევრების საფრანგეთში შეყვანას და ასევე რთულდება მიგრანტებისთვის სხვადასხვა შეღავათებსა და ფინანსურ სარგებელზე წვდომა. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტი ითვალისწინებს კვალიფიციური მუშახელისთვის საფრანგეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მიცემას. ლაპარაკია ინდუსტრიებზე, რომლებიც განიცდიან მუშახელის დეფიციტს. ის ამარტივებს თავშესაფრის მიღების პროცედურას, თუმცა უცხოელები სახელმწიფო შემწეობის მიღებას მხოლოდ საფრანგეთში ცხოვრების 5 წლის თავზე შეძლებენ, დასაქმებულები კი - 30 თვის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტის მიღება მარინ ლე პენისა და მისი პარტიის გამარჯვებად შეფასდა, ასევე ლაპარაკობენ საფრანგეთში არსებულ სამთავრობო კრიზისზე.

აღნიშნულ თემაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. მან უარყო მოსაზრება, რომ კანონპროექტის მიღებამ მთავრობაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მაკრონის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა ვერ იქნება კრიზისის მანიშნებელი.

მაკრონის თქმით, ის პატივს სცემს ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ შეუცვლელი არავინაა და მათ შორის, არც თვითონ.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლა არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ მემარჯვენეებს აწუხებთ და ეს რეალურად, ყველას პრობლემაა.

"თქვენ შეგიძლიათ ილაპარაკოთ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ რეალობაზე ვსაუბრობთ. ტექსტი მართალია, მთავრობამ შეიმუშავა, მაგრამ ის არის კომპრომისებზე დაფუძნებული. ეს ის არის, რაც ხალხს სურდა და რის გამოც მათ ჩვენ უმრავლესობაში მოგვიყვანეს. რა არჩევანი გვქონდა? უნდა გვეთქვა, რომ არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლა ცუდი იდეაა და რომ ვწყვეტთ ამ ყველაფერთან ბრძოლას? - არა. ჩვენ შევქმენით კომიტეტი, სადაც ისმენენ ყველას აზრს და მუშაობენ კომპრომისის მიღწევაზე, და ეს ტექსტი ამ კომპრომისების ნაყოფია.

გგონიათ სიხარულისგან ვხტუნავ? - არა. არის მასში რაღაცები, რაც არ მომწონს.

მთავრობასთან იყო შეკითხვა - დაბლოკავთ თუ არა კანონპროექტს რადგან მისი გარკვეული ნაწილები არ მოგწონთ? - არა, არ დავბლოკავთ. როდესაც სახელმწიფოს მართავ, რთული არჩევანის გაკეთება გიწევს. რას ვამბობთ ჩვენ? - რაიმე სასარგებლო გავაკეთოთ ქვეყნისთვის, თუ საერთოდ არაფერი?! ამ კანონს ელოდა მთელი ქვეყანა.

ეს ხელს შეუწყობს ეფექტიან ბრძოლას არალეგალურ იმიგრაციასთან, კონტრაბანდისტებთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყოველთვის სიხარულით იღებდა ხალხს და ასე გავაგრძელებთ, მაგრამ ამავდროულად, უნდა ვებრძოლოთ მიგრაციის ფარულ ნაკადს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე