ავტორი:

საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა: გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა - რატომ იმატა მოზარდებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა

საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა: გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა - რატომ იმატა მოზარდებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა

გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათვე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი ცამეტითაა გაზრდილი.

ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა.

აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671.

  • რატომ იმატა არასრულწლოვნებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს ქვეყანაში 815 არასრულწლოვნის ორსულობა აღირიცხა, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ია, 47-მა გოგონამ კი ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით ვიგებთ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებში, არამედ მთელ ქვეყანაში ფიქსირდება. რა პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ არასრულწლოვნებში ორსულობისა და აბორტების შემცირების მიზნით? რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოზარდებს? - ამ კითხვებით მივმართეთ ფსიქოლოგს, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის" დამფუძნებელ მაია ჯიბუტს, რომელიც უკვე მრავალი წელია სქესობრივი განათლების საკითხებზე მუშაობს.

- არასრულწლოვნებში ორსულობის, აბორტების რიცხვისა და მშობიარობის ფაქტების სტატისტიკას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ არის რეალური სტატისტიკა. კანონით, 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრირება დაუშვებელია. შესაბამისად, თუ 14-15 წლის გოგონა აჩენს ბავშვს, კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ კანონი რომ გვერდზე გადავდოთ, გასათვალისწინებელია ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობა. როგორ შეუძლია 14-15 წლის გოგონას ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ორსულობის თვეების გადატანა და შემდგომ მშობიარობა? ეს ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. დიდწილად ესეც არის მიზეზი, რომ არასრულწლოვან გოგონებში მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე 20-დან და ზემოთ ასაკის გოგონებში.

- რა როლი აქვს ამ სიტუაციაში სკოლას? რა ვალდებულებები შეიძლება დავაკისროთ მას?

- სქესობრივი განათლება ძალზე მტკივნეული და დეფიციტურია ჩვენს ქვეყანაში. არასრულწლოვანთა ორსულობა, მშობიარობა და ასე შემდეგ, არის სქესობრივი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, რათა არ მოხდეს ადრეული ქორწინება, მშობიარობა ადრეულ ასაკში. ბავშვებს უნდა მიეწოდებოდეთ ცოდნა სასკოლო სივრცესა და ოჯახებში. ყველა ტვირთს სკოლას ვერ დავაკისრებთ, თუმცა ეს ისეთი საკითხებია, რაც ამ ინსტიტუციამ თავის თავზე უნდა აიღოს. ეს ეხება მომავალი თაობის ჯანმრთელობას, მის უსაფრთხოებას და მათი მომავალი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ თუ ადრეულ ასაკში შექმნის ოჯახს, ან ეყოლება ბავშვი, შეიძლება მისი ცხოვრების ხარისხი გაუარესდეს. რა იგულისხმება ამაში? არასრულწლოვნებში ორსულობასა და ქორწინებას მოსდევს არაერთი პრობლემა: ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, სოციალური და ფინანსური პრობლემები. თუ ასეთ დროს არასრულწლოვანს ზურგს არ უმაგრებენ მშობლები, ძალიან რთულია, რომ ის განვითარდეს, კარიერულად წავიდეს წინ, ჰქონდეს პროფესია. გოგონები, რომლებიც არასრულწლოვან ასაკში თხოვდებიან, თავს ანებებენ სწავლას, სრულიად იცვლება მათი ცხოვრება.

ეთნიკურ უმცირესობებში უფრო რთულად გვაქვს საქმე, იქ გოგონები საშუალო განათლებასაც ვერ იღებენ. ბოლო წლებში თითქოს უკეთესობისკენ შეიცვალა სტატისტიკა, მაგრამ უკეთესობა რომ არ არის, ამაზე თუნდაც ბოლოდროინდელი ფაქტი მეტყველებს - 14 წლის გოგონა 28 წლის კაცმა მოკლა. რასთან გვაქვს საქმე? რატომ უგულებელყოფს მოზარდ გოგონას ოჯახი, სკოლა რატომ არ აქცევს ყურადღებას?!

- რა პრევენციული ზომებია მისაღები, რომ ეტაპობრივად შემცირდეს არასრულწლოვანთა დაოჯახების ფაქტები?

- ჩვენ, ფსიქოლოგები და ექიმები, ხშირად ვხვდებით მშობლებს და ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვს ასაკის შესაბამისი ცოდნა უნდა მიეწოდებოდეს სკოლაში, რასაც მომზადებული კადრები, ექიმები თუ პედაგოგები უნდა აწვდიდნენ. ეს თემებია: რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანმრთელობა, ორსულობა, დაავადებები, კონტრაცეფცია, ოჯახის დაგეგმვის მეთოდები. ჩვენ 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. სასკოლო სტანდარტებში, კონკრეტულად, ბიოლოგიასა და სამოქალაქო განათლებაში უამრავი საკითხი შევიტანეთ - ანუ ოფიციალურად ბევრი საკითხი, წესითა და რიგით, უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ იცით, პრობლემა რაში მდგომარეობს? როცა მასწავლებლის დამოკიდებულება სქესობრივი განათლების მიმართ ნეგატიურია, ის ვერ მიაწვდის მოსწავლეს საჭირო ინფორმაციას. ამ წლების განმავლობაში განათლების სამინისტროს მხარდაჭერით დაახლოებით 50-60 სკოლაში ჩავატარეთ პილოტური გაკვეთილები. ვატრენინგებთ ამ თემებზე პედაგოგებს, ბიოლოგებს, ვამუშავებთ საკითხს და პედაგოგები გამზადებული სცენარებით ატარებენ გაკვეთილებს. ტრენინგების დროს მასწავლებლებში ინგრევა სტერეოტიპული წარმოდგენები. ამიტომაც მუშაობა ჯერ მასწავლებლებთან იწყება. საქართველოში 2000-ზე მეტი სკოლაა და სახელმწიფო ფინანსურად ვერ გვეხმარება, ყველაფერს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვაკეთებთ. სახელმწიფო გვერდში გვიდგას, მისი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევიტანდით სკოლებში ამ საკითხებს.

- რამდენად შეიცვალა ამ წლების განმავლობაში პედაგოგების შეხედულება ამ საკითხებზე?

- გვყავს პედაგოგები, რომელთათვისაც ამ თემებზე საუბარი არის ძნელი. მათ იციან, რომ 21-ე საუკუნეში ბავშვებს აქვთ ინტერნეტი, რომ ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ზოგიერთმა გვითხრა, ისეთ შეკითხვებს გვისვამენ ბავშვები, რომ ვხვდებით, არ ეუხერხულებათ ამ თემაზე საუბარი, ამიტომ მოვიკრიბე ძალა და დავიწყე ამ საკითხზე საუბარი. ახლა დახურული თემები აღარ გვაქვსო. არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ერიდებიან, ამაზე ლაპარაკს, რადგან მოძღვარი გაუბრაზდებათ ან რცხვენიათ და ა.შ.

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, რათა 15 წლამდე გოგოებმა არ დაიწყონ სქესობრივი ცხოვრება, რასაც შემდეგ მოჰყვება არასასურველი ორსულობა და სხვა პრობლემები?

- მშობელმა და პედაგოგმა ერთობლივად უნდა მიხედონ ამ საკითხს. პრევენციისთვის არა 14 ან 15 წლის ასაკში, არამედ პირველი კლასიდან უნდა დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი, არა სექსზე, არამედ პირადი სივრცის დაცვაზე, უსაფრთხოების საკითხებზე. 12-13 წლის გოგონას შეიძლება სექსი ჰქონდეს იმიტომ, რომ ვერ იღებს სათანადო სიყვარულს ოჯახში, არა ჰყავს დედა ან სანდო ადამიანი. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ჯერ პრობლემის აღიარებით და შემდგომ კომპლექსური მიდგომით. განაგრძეთ კითხვა