ავტორი:

ვაგზლის მოედანზე სარეკლამო აბრა ქარმა მოგლიჯა და ავტომობილს დაეცა - რა კადრები ვრცელდება დედაქალაქის უბნებიდან?

ვაგზლის მოედანზე სარეკლამო აბრა ქარმა მოგლიჯა და ავტომობილს დაეცა - რა კადრები ვრცელდება დედაქალაქის უბნებიდან?

დედაქალაქში დილიდან ძლიერი ქარია, რომელმაც რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. სადგურის მოედანზე რეკლამის აბრა ქარმა წააქცია, ის ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

ასევე ძლიერი ქარის შედეგად ხეები წაიქცა გაგარინის ქუჩაზე, რომელიც ავტომობილებს დაეცა. მომხდარის შედეგად ორი ავტომობილი დაზიანდა. დაშავებული არავინ არ არის.

რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია?

"რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს.

უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში ქარი დილიდან გაძლიერდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია ნავარაუდევი.

29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

წაიკითხეთ ასევე: