ავტორი:

ახმეტაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - ქარმა რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც მამაკაცს დაეცა

ახმეტაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - ქარმა რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც მამაკაცს დაეცა

უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა.

79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • ძლიერმა ქარმა პრობლემები კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შექმნა. მრავალწლიანი ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო.

მსგავსი პრობლემებია ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და სამანქანე მოძრაობა შეფერხებულია.

უამინდობის შედეგად დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტიც. სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლის სახურავი დაზიანდა ნაწილობრივ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ქარმა ასევე თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, სოფელ წინანდალში და გურჯაანის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

ძლიერმა ქარმა და უამინდობამ რეგიონის მასშტაბით დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

წაიკითხეთ ასევე: