ავტორი:

ცხოვრება დახურულ კარს მიღმა, გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონება და ცოლი, როგორც "დაცვა" - როგორია შუმახერის დღევანდელობა ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ?

ცხოვრება დახურულ კარს მიღმა, გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონება და ცოლი, როგორც "დაცვა" - როგორია შუმახერის დღევანდელობა ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ?

უკვე 10 წელი გავიდა საფრანგეთის ალპებში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტიდან, რომელმაც მიხაელ შუმახერის ოჯახის ცხოვრება ორ ნაწილად გაყო. 2013 წლის 29 დეკემბერს კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს წითელმა ბარონმა სასიკვდილო დაცემა განიცადა, რის შედეგადაც ლეგენდარულმა მრბოლელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

იმ დღეებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. ამბობდნენ, რომ შუმახერი საშინელი ტრავმისგან სწრაფად გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა, 10 წელი გავიდა და ხალხის მხოლოდ ვიწრო წრემ იცის, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს. ოჯახის წევრები ზოგჯერ მედიასთან საუბრობენ მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ არასდროს იძლევიან ზედმეტ ინფორმაციას.

ცოტა ხნის წინ გერმანულ გამოცემა Bild-ს ინტერვიუ მისცა ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის ძმამ, თავად სამეფო რბოლის ყოფილმა პილოტმა, რალფ შუმახერმა. მისი თქმით, ძველი დღეები აღარ დაბრუნდება.

"რაც შემდეგ მოხდა, ამან ძალიან შეცვალა ჩვენი ოჯახი. ეს ძალიან რთული გამოცდილებაა ყველა ჩვენთაგანისთვის, ჩემთვის, მისი შვილებისთვის“, - თქვა რალფმა. "მენატრება იმ წლების მიხაელი. ცხოვრება არ არის ხანდახან სამართლიანი. მას ცხოვრებაში ბევრჯერ გაუმართლა, მაგრამ შემდეგ ეს ტრაგედია მოხდა. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინამ შესაძლებელი გახადა რაღაცების გაუმჯობესება, მაგრამ ის არასდროს იქნება ისეთი, როგორც ადრე“.

რალფ შუმახერმა ინტერვიუში ძმის შესახებ მოგონებებიც გაიხსენა. გამოცემას უამბო, თუ როგორ ასწავლა ძმამ მოტოსპორტის საფუძვლები და როგორ ეძინათ ერთად ლეიბზე საწოლის გარეშე:

"მიხაელი არ არის მხოლოდ ჩემი ძმა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ის ჩემი მწვრთნელი და დამრიგებელი იყო. მან ყველაფერი მასწავლა კარტინგის შესახებ. ჩვენ შორის შვიდი წელია სხვაობა. ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით, ყველაფერს ვაკეთებდით რაც მნიშვნელოვანია მოტოსპორტში. მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, რომელიც მოგვიანებით რბოლაში გამოვიყენე. მე მქონდა შესაძლებლობა მესწავლა საუკეთესოებისგან. როდესაც მშობლებმა სახლი იყიდეს, ჯერ ერთ ოთახში ვცხოვრობდით და იატაკზე, ლეიბზე გვეძინა - საწოლის ფული არ გვქონდა. შემდეგ კი მაიკლი შევიდა მერსედესის ახალგაზრდულ გუნდში. ახლაც არ მჯერა, რა მოხდა ბოლოს".

ცხოვრება დახურულ კარს მიღმა

სპორტსმენის ცოლი, კორინი, პასუხისმგებელია მიხაელ შუმახერის ოჯახის კონფიდენციალურობაზე. ალპებში ტრაგიკული დაცემის შემდეგ მან საკუთარი წესები შექმნა. მათი თქმით, მაიკლის მონახულება მხოლოდ ახლო ნათესავებსა და რამდენიმე ადამიანს შეუძლიათ, მათ შორის "ფერარის" სპორტული დირექტორი ჟან ტოდსა და მრბოლელ ფელიპე მასას.

თუმცა, შუმის ზოგიერთ მეგობარს არ ესმის ასეთი შეზღუდვების. მისი მენეჯერი ვილი ვებერი, აკრიტიკებს კორინას შეზღუდვებს: "უამრავჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ მან არ მიპასუხა. ჟან ტოდს დავურეკე, რომ მეკითხა, შემეძლო თუ არა მიხაელის ნახვა საავადმყოფოში, მაგრამ მითხრა, რომ დავლოდებოდი, რადგან ჯერ ადრე იყო. მეორე დღეს დავრეკე, მაგრამ ისევ არავინ მიპასუხა. არ ველოდი ამ საქციელს და ახლაც მასზე ვბრაზდები. არ შემიშვეს, თქვეს, რომ ადრეა. გავაკეთე იმისთვის, რომ მისი კონფიდენციალურობა დამეცვა. მაგრამ მას შემდეგ მათგან მხოლოდ ტყუილი გვესმის. ის ჩემთვის შვილივით იყო“.

კორინა, თავის მხრივ, ამ წესებს იმით ხსნის, რომ მიხაელი ყოველთვის ცდილობდა ოჯახის კონფიდენციალურობის დაცვას და ახლა ნამდვილად დადგა ამის დრო. 1996 წელს, ცოლ-შვილის სიმშვიდისთვის, შუმახერები ხმაურიანი მონტე კარლოდან შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე წყნარ სახლში გადავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუმახერის თქმით, შვილებს - ჯინა მარიას და მიკს ნორმალური ცხოვრება არ ექნებოდათ.

"ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ ჩვეულებრივი ოჯახივით, როგორც ჩემს ქმარს სურდა და სურს“, - თქვა კორინა შუმახერმა 2021 წელს. "ის ყოველთვის ამბობდა: ”პირადი არის პირადი” და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პირადი ცხოვრება დაცული იყოს. ის გვიცავდა და ახლა ჩვენ ვიცავთ მას“.

სახლი-საავადმყოფო

შუმახერის ოჯახი აგრძელებს ცხოვრებას ჟენევის ტბის სანაპიროზე არსებულ მამულში. სახლი გადაკეთდა მაიკლის სამედიცინო საჭიროებისთვის. მრბოლელთან თხუთმეტი ექიმი მუშაობს. ზოგიერთი ცნობით, წელიწადში რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა უწევთ მხოლოდ მკურნალობისთვის.

მისი ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად, კორინამ ქონების ნაწილი გაყიდა. დიდი ხნის წინ, შუმახერები დაემშვიდობნენ სახლს ოსლოს მახლობლად და კერძო თვითმფრინავს, რომელიც 25 მილიონ დოლარად გაიყიდა. ფორმულა 1-ის მანქანები, ასევე რეგულარულად იყიდება აუქციონზე.

კორინა აგრძელებს ქმრის დაცვას, უარს ამბობს სოციალურ ცხოვრებაზე. "ჩვენ ერთად ვცხოვრობთ სახლში. თერაპიას ვუკეთებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიხაილმა თავი უკეთ, კომფორტულად იგრძნოს და უბრალოდ, იგრძნოს ჩვენი ოჯახი, ჩვენი კავშირი.”