ავტორი:

"ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები... ჩემს ოჯახს არანაირი ყურადღება და თანადგომა არ მიუღია ამ ხუთი თვის მანძილზე" - რას წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი გიო ადამია?

"ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები... ჩემს ოჯახს არანაირი ყურადღება და თანადგომა არ მიუღია ამ ხუთი თვის მანძილზე" - რას წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი გიო ადამია?

ხუთი თვის წინ, საქართველო შეძრა რაჭის ტრაგედიამ, რომლის დროსაც მეწყერ-ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომხდარის შედეგად მიწასთან გაასწორდა ცნობილი კურორტი შოვი. ტრაგედიის ერთ-ერთი დაზარალებული გიო ადამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღემდე არ მიუღია დაზარალებულის სტატუსი.

- ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი. პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დაადგინა, რომ მსუბუქად დავზიანდით და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიგვიღია.

ჩვენ, ადამიანები, რომელიც ოთხი საათი მეწყერში ვხოხავდით, ყოველი წამი საშიში იყო ჩვენი და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ავტომობილები, რომლებშიც ვისხედით წამებში მეწყერმა გაგვტაცა და გაანადგურა, დღეები ფეხზე ვერ ვდგებოდით. ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები თუ როგორ გავურბივართ მეწყერს, მე და თომას რაჭის გაგონებაზე უსიამოვნო განცდა გვეუფლება, მთის დანახვაზე შიშის გრძნობა გვიპყრობს.

საქართველოს მთავრობამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფეხზე დაგვიკიდა, ჩემს ოჯახს მათგან არანაირი ყურადღება, თანადგომა არ მიგვიღია ამ ხუთი თვის მანძილზე. შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას! მადლობა ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის და იმ რაჭველ ბიჭებს, ვინც გამოგვიყვანა იმ საშინელებიდან. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს.