ავტორი:

როგორ გამოიმუშავა შვიდმა დამ გრძელი თმით მილიონები და რატომ დაიღუპნენ სიღარიბეში - ნიაგარას ჩანჩქერთან მცხოვრები საზერლენდების გზა სასახლიდან ველურ ცხოვრებამდე

როგორ გამოიმუშავა შვიდმა დამ გრძელი თმით მილიონები და რატომ დაიღუპნენ სიღარიბეში - ნიაგარას ჩანჩქერთან მცხოვრები საზერლენდების გზა სასახლიდან ველურ ცხოვრებამდე

გრძელი და მოვლილი თმა ქალისთვის ნამდვილი სიმდიდრეა, მაგრამ შესაძლებელია ამან სერიოზული შემოსავალი მოუტანოს ადამიანს, მილიონობით დოლარიც კი. ასე მოხდა საზერლენდელი დების შემთხვევაშიც, რომლებსაც თმა კეფიდან-ფეხის თითებამდე სწვდებოდათ. მაგრამ მხოლოდ ამ უნიკალურობამ არ გახადა ისინი პოპულარულები. მთელი უბანი ჭორაობდა მათზე, იწერებოდა გაზეთებში. სიმდიდრემ ისინი ექსცენტრიკულებად აქცია. ისინი დიდ ფულს ხარჯავდნენ წვეულებებზე, იმ დროისთვის შეუფერებლად მდიდრული სახლის კეთილმოწყობაზე, ძაღლის დაკრძალვაზე, პირადი საფლავების მოწყობაზე, თუმცა საბოლოოდ საკუთარი სახელობის საფლავიც კი არ ღირსებიად.

ფერმერ საზერლენდის დიდი ოჯახი

მერი და ფლეტჩერ საზერლენდის წყვილს შვიდი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. პირველი ქალიშვილი სარა 1845 წელს დაიბადა, ხოლო უკანასკნელი, მარიამი 1862 წელს. სხვა შვილებს შორის 2-4 წელი იყო სხვაობა.

ოჯახი ნიაგარას ჩანჩქერის მახლობლად სოფელში ცხოვრობდა. მშობლები ინდაურის ფერმას მართავდნენ, სადაც მთელი ოჯახი მუშაობდა. კაცი ბავშვობიდან სიმდიდრეზე ოცნებობდა და სჯეროდა, რომ ინდაურების ბიზნესით ამას ვერ მიაღწევდა, ამიტომ გადაწყვიტა, ფული შვილების სწავლა-განათლებაში ჩაედო. ბავშვებმა მიიღეს მუსიკალური განათლება და დროთა განმავლობაში შექმნეს ოჯახური ანსამბლი. ისინი მღეროდნენ ეკლესიებში, თეატრებში და ქუჩებში. მოგვიანებით კი დაიწყეს მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქებში. ერთ-ერთი ასეთი გასტროლი, ნიუ-იორკში, მათთვის იღბლიანი ბილეთი აღმოჩნდა.

საზერლენდის ყველა გოგონას ერთი უნიკალური რამ აერთიანებდათ - გრძელი თმა. ამისთვის კი სპეციალურ მალამოს, გოგონების დედა ამზადებდა. მაგრამ მალამოს ერთი ნაკლი ჰქონდა, ცუდი სუნი ასდიოდა. ამიტომ გოგოებთან არავინ მეგობრობდა და თვითონაც იმალებოდნენ სხვა ადამიანების დანახვაზე, რადგან დაცინვას ვერ უძლებდნენ.

გოგონების დედა, მერი საზერლენდი ადრე გარდაიცვალა, როდესაც ყველაზე პატარა შვილი 5 წლის იყო. ამიტომ მალამო აღარავის გაუკეთებია და დებიც ამ ტანჯვისგან გათავისუფლდნენ.

ფულის გამომუშავება "ფრიკების ცირკში"

იმ პერიოდში ნიუ-იორკში "ფრიკების ცირკი" შეიქმნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უნიკალურ ადამიანებს იღებდნენ. ხშირად მათ რაიმე სახის გენეტიკური დეფექტი ჰქონდათ.

ასე აღმოჩნდნენ დები ცირკში, მაგრამ მხოლოდ უნიკალური, გრძელი და ლამაზი თმის წყალობით. 1883 წლიდან ისინი შეიყვანეს დასში და დაიწყეს მოგზაურობა მთელს მსოფლიოში. ამან გაზარდა ოჯახის შემოსავალი, მაგრამ არა ისე, როგორზეც მათი მამა ოცნებობდა.

მამამ თმისთვის სუპერ მალამო „გამოიგონა“ და კორპორაცია გახსნა

საზერლენდის დებმა ბევრი გულშემატკივარი შეიძინეს, რის შემდეგაც ფლეტჩერ საზერლენდმა მოიფიქრა, როგორ გამოეყენებინა მათი პოპულარობა. გაახსენდა მალამო, რომელსაც მისი ცოლი ამზადებდა თმისთვის და გადაწყვიტა, თავად დაეწყო მისი მომზადება, როგორც სიმელოტის წამლის. ქალიშვილები კი რეკლამისთვის გამოეყენებინა.

თავიდან მალამოთი დიდად არავინ დაინტერესდა, მაგრამ ცირკის მაგნატის ჯეიმს ბეილის ნათესავთან ჰარი ბეილისთან თანამშრომლობამ დიდი ხნის ნანატრი შედეგი მოიტანა.

დების მილიონიანი ქონება

1884 წლის მალამოს გაყიდვებმა არნახული შემოსავალი მოიტანა. წლის ბოლოს მოგებამ $90 ათასი შეადგინა. ფლეტჩერმა და მისმა ქალიშვილებმა გაინაწილეს კომპანიის წილები და ყველა გახდა თანამფლობელი.

ოჯახმა ასევე გამოუშვა თმის მოვლის საშუალებები, მათი გეგმა საზოგადოების საშუალო და მდიდარ ფენაზე იყო მორგებული, რითაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ქალებს სურდათ ლამაზად გამოჩენილიყვნენ და ამისთვის ხარჯებს არ იშურებდნენ.

გაიზარდა მაღაზიათა ქსელი, რამაც საზერლენდებს კაპიტალის რამდენჯერმე გაზრდის საშუალება მისცა. 1888 წელს ოჯახის მამა გარდაიცვალა და დებმა დაიწყეს კორპორაციის მართვა და 1890 წლისთვის შემოსავალი 3 მილიონ დოლარამდე გაზარდეს.

სილამაზის იდეალებიდან ველურ ცხოვრებამდე

დები კერპებად იქცნენ, ამიტომ მათ შესახებ ბევრი იწერებოდა პრესაში. მათი სურათები დაბეჭდეს ღია ბარათებზე. ერთმა გულშემატკივარმა ვიქტორიას 2500 დოლარიც კი შესთავაზა, თუ ის თმას მთლიანად მოიჭრიდა.

გოგონები ყოველთვის საკუთარ სახლზე ოცნებობდნენ და 1893 წელს, გასტროლიდან დაბრუნებულებმა ძველი ხის სახლის ადგილზე ააშენეს სასახლე 14 ოთახით. სახლი გარეგნულად მართლა სასახლეს ჰგავდა, კოშკებითა და ვერანდით. სახლში ყველაფერი უმაღლესი კლასის იყო - ბროლის ჭაღები, ძვირადღირებული ხის იატაკი, მარმარილოს აბაზანა ცხელი და ცივი წყლით. ასეთი სიამოვნებისთვის მსახურების ჯარი დაიქირავეს, რომლებიც ასევე კეთილმოწყობილ ოთახებში ცხოვრობდნენ.

აკრძალვებისა და შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ დებს სარგებელი არ მოუტანა. ისინი ბევრ ფულს ხარჯავდნენ სამკაულებში, მოსამსახურეებზე, სახლებზე, წვეულებებზე, რომლებსაც ხშირად მართავდნენ სახლში, სადაც ეს საზოგადოებისთვის მისაბაძი გოგონები ვნებიან ქალებად იქცეოდნენ ხოლმე. მალე გავრცელდა ჭორები, რომ იღებდნენ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, მაგრამ მეზობლებს საჩუქრები დაურიგეს, რომ გაჩუმებულიყვნენ.

დების ცხოვრება მამაკაცებთან: საქმროების არჩევის უცნაურობები

ნაომის, რომელიც ჯეიმს ბეილიზე დაქორწინდა, სამი შვილი შეეძინა, მაგრამ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მან 40 წელსაც ვერ მიაღწია და დასრულებული სასახლე არ უნახავს. დები შოკში იყვნენ მისი სიკვდილით და სურდათ მავზოლეუმის აშენება 30 ათას დოლარად, მაგრამ ამის დრო არ ჰქონდათ.

მალე დების ცხოვრებაში საბედისწერო მამაკაცი გამოჩნდა, იზაბელას და დორას ერთი და იგივე კაცი, ფრედერიკი შეუყვარდათ. კაცს უფრო იზაბელა მოსწონდა, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ფრედერიკი იყენებდა ნარკოტიკებს, უყვარდა იარაღიდან უმიზნოდ სროლა, ერთ დღეს კი იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შეყვარებულმა დებმა მისი ცხედარი შუშის ყუთში ჩააწვინეს და მის დაკრძალვაზე უარი განაცხადეს, სანამ 10 დღის შემდეგ გვამის სუნი იმდენად არ გაძლიერდა, რომ ხალხმა პოლიციას გამოუძახა.

ვიქტორია დებს შორის ყველაზე ლამაზად ითვლებოდა. მან თავისი ცხოვრების სიყვარული 50 წლის ასაკში გაიცნო, მაგრამ მომავალი ქმარი ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის იყო. დებს ეს ამბავი არ მოეწონათ და ვიქტორია სახლიდან გააგდეს, რომელიც 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მცირე ხნით იყო დაქორწინებული საყვარელ კაცზე.

როგორ დასრულდა მდიდარი დების ცხოვრება

უმცროსი და, მერი, ბავშვობიდან გაუწონასწორებელი იყო და წლების განმავლობაში ფსიქიკური აშლილობა ტანჯავდა. ამის გამო კი, ხშირად კეტავდნენ ოთახში. უფროსი დის სარას გარდაიცვალების შემდეგ დებმა გადაწყვიტეს, ის არ დაეკრძალათ და დიდხანს ჰყავდათ სასახლეში დასვენებული.

1914 წელს იზაბელას გარდაცვალების შემდეგ მათმა ბიზნესმა ნგრევა დაიწყო. გარდა ამისა, მოდაში შემოვიდა მოკლე ვარცხნილობა, რამაც მათი ბიზნესი შეარყია. ცოცხლად დარჩენილმა სამმა დამ გადაწყვიტა ჰოლივუდში ჩასულიყვნენ, რათა საკუთარი ისტორია მსოფლიოსთვის გაეცნოთ, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. ამ მოგზაურობის დროს დორა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დები უკვე იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ მისი კრემაციის საფასურის გადახდაც კი ვერ შეძლეს, ამიტომ მორგიდანაც არ გამოუყვანიათ.

მერი და გრეისი ცდილობდნენ როგორმე გადარჩენილიყვნენ და ვაჭრობა შეენარჩუნებინათ, მაგრამ გრძელი თმა აღარავის სჭირდებოდა. საჭმელადაც კი აღარ ყოფნიდან ფული, ამიტომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სასახლე და მსახურები გაეშვათ. 1936 წელს გაურკვეველი მიზეზით სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ყველაფერი დაიწვა. მერი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც 1939 წელს გარდაიცვალა. გრეისმა კი ყველაზე დიდხანს იცოცხლა. იგი 92 წლის ასაკში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა, მისთვის ადგილიც კი ვერ მოინახა კასტლემენის მავზოლეუმში, სადაც საზერლენდის ოჯახის სხვა წევრები იყვნენ დაკრძალული.