ავტორი:

"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და შევძელი, ჩემი ემოცია, ფურცელზე გადმომეტანა" - ლელა კილაძის გამოფენა, რომელსაც ექსპრეზიდენტის შვილიშვილიც ესწრებოდა (ფოტოები)

"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და შევძელი, ჩემი ემოცია, ფურცელზე გადმომეტანა" - ლელა კილაძის გამოფენა, რომელსაც ექსპრეზიდენტის შვილიშვილიც ესწრებოდა (ფოტოები)

"ბაღი, სადაც გადავრჩი" - ასე დაარქვა ლელა კილაძემ პერსონალურ გამოფენას, რომელიც „რუმს ჰოტელში“ გაიმართა. ქალი ამბობს, რომ ხატვა 2017 წელს დაიწყო, როდესაც რთული პერიოდი ჰქონდა.

"2017 წელს დავიწყე ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა - მაგ პერიოდში პირველად რომ შევძელი ჩემი ემოცია, შიგნიდან რაც მაწუხებდა, ფურცელზე გადმომეტანა, მერე მივხვდი, რომ ამისგან გავთავისუფლდი, მაშინ დავიწყე ხატვა. მას მერე სულ ვხატავ. ეს არის ის სამყარო, რაც მე მაინტერესებს" - ამბობს ლელა კილაძე "ფორმულასთან".

გამოფენას, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება, უკვე ეწვივნენ ცნობილი სტუმრები, მათ შორის გახლდათ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე. აქამდე ლელა და სოფო ერთად საჯარო სივრცეში არ გამოჩენილან, უცნობი იყო მათი მეგობრობის შესახებ.

გამოფენას ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები - ალინა არველაძე, ლიკა ევგენიძე, ვიკა კალანდია და საყვარელი მამაკაცი გიორგი ცაგარელი. წყვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი.

ლელა კილაძე წლებია, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ამისი მიზეზი კი ქალის ხმაურიანი პირადი ცხოვრებაა. ლელა კილაძეს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა მეორე ქორწინებიდან გიგი უგულავასთან. მაშინ გიგი თბილისის მერი იყო და წყვილის სკანდალური სიყვარულის შესახებ ქართული მედია ხშირად წერდა. დაშორების შესახებ ოფიციალურად გიგი უგულავამ ოცნების ხელისუფლების დროს, ციხეში ყოფნისას განაცხადა.

მაშინ რეალურად დადასტურდა ჭორი, რომ ლელას გუკა რჩეულიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა და ცოლად მიჰყვებოდა. მალე ისინი ერთად საზოგადოების წინაშე გამოჩნდნენ და საერთო შვილი თრინითი შეეძინათ.

ორი წლის წინ, გუკა რჩეულიშვილი მეუღლის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს. მართალია, სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საპატიმრო ოთხ თვეში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ციხის დატოვების შემდეგ, ლელამ და გუკამ თანაცხოვრება გააგრძელეს, მათი წყვილი თითქოს ძველებურად ბედნიერი ჩანდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გუკა ხშირად ჩადიოდა კიევში და სხვა ქალაქებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. როდის დასრულდა წყვილის ურთიერთობა, მედიისთვის უცნობია.

რაც შეეხება გიორგი ცაგარელს, მისი და ლიზა ბაგრატიონის ურთიერთობის შესახებ მედიაში ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა. ასაკობრივი სხვაობის გამო ლიზა ბაგრატიონსა და გიორგი ცაგარელს დაშორებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამბობდნენ, რომ ეს დროებითი გატაცებაა, თუმცა წყვილი წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდა. ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ახლა ლელა და გიორგი ერთად არიან. წყვილი ხშირად მოგზაურობს, ესწრებიან კონცრტებს და რეკლამებშიც კი ერთად იღებენ. ლელა კილაძე მედიისთვის დღემდე მიუწვდომელ პერსონად რჩება, მას არასოდეს უსაუბარია პირად ცხოვრებაზე, მეგობრების სატელევიზიო ეთერშიც კი.